Accessibility links

logo-print

წინასაარჩევნო მუქარები და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 20 დღით ადრე მასში მონაწილე პოლიტიკური პარტიები, გარდა მმართველი პარტიისა, სხვადასხვა სახის ზეწოლებსა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ. ”ალიანსი საქართველოსთვის” ზუგდიდის ლიდერმა ნონა თოლორაიამ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ პარტიის წევრებზე ზეწოლა ჯერ კიდევ აპრილში დაიწყო და ახლაც გრძელდება.

”მიდიან ჩვენი პარტიის წევრების ნათესავებთან, მეზობლებთან, მეგობრებთან და ეუბნებიან, რომ გაეცალონ პარტიას და იყვნენ მშვიდად. ასე რომ, მუქარის და ზეწოლის მეთოდები შეცვლილია. თუ მანამდე იარაღით უვარდებოდნენ და აშინებდნენ, ახლა ეს სხვაგვარად ხდება”, - ამბობს ნონა თოლორაია.

ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მაგალითზე საუბრობს კონსერვატორი, სოფელ შამგონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დემნა ხუბუა, რომელიც სოფლის გამგებელს საარჩევნო კოდექსის დარღვევაში ადანაშაულებს.
”სოფლის რწმუნებული დაჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარს და ეუბნება მოსახლეობას, რომ ეს ადამიანი აშენებს სკოლას, რომელიც ახლა შენდება იქ, სპორტულ მოედანს და ასე შემდეგ. გამგებელი არღვევს საარჩევნო კოდექსს და ის დამნაშავეა”, - აცხადებს დემნა ხუბუა.

თანაპარტიელების დაშინებასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბრობენ ”ეროვნულ საბჭოშიც”. მისმა ერთ-ერთმა წევრმა, მამუკა აბულაძემ, განაცხადა, რომ ადგილობრივი დამოუკიდებელი ტელეკომპანია ”ოდიში” უარს ამბობს მათი პარტიის საარჩევნო რეკლამისა და დებატების ეთერში გაშვებაზე.

”ჩვენ ფულს ვიხდიდით, მაგრამ უარი გვითხრეს აბსურდული მიზეზის გამო. გვინდოდა დებატები გამართულიყო ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარ დეპუტატს შორის, მაგრამ ამაზეც უარი გვითხრეს”, - აცხადებს მამუკა აბულაძე.

ტელეკომპანია ”ოდიშის” მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე, რომ თითქოსდა ის ოპოზიციურ სუბიექტებს - კერძოდ, ”ეროვნულ საბჭოს” - დებატებისთვის საეთერო დროს არ უთმობს, საინფორმაციო გამოშვების რედაქტორმა ნანა ქობალიამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ტელეკომპანიას ტექნიკურად ამის საშუალება არა აქვს.

”ჩვენი ეთერით არც ერთი გადაცემა არ გადის პირდაპირ ეთერში, რადგან ამის ტექნიკური საშუალება არ გვაქვს. გამზადებული გვაქვს პასუხი წერილზე, რომელიც ვერ მივაწოდეთ ”ეროვნულ საბჭოს”, რადგან მათი პარტიის ოფისი ორი დღეა დაკეტილია. რაც შეეხება სარეკლამო ბადეს, ჩვენ ყველას ვუთმობთ ეთერს, ვისაც ზუგდიდში გადალახული აქვს 4 პროცენტიანი ბარიერი. „ეროვნულ საბჭოს“ კი არა აქვს”, გვითხრა ნანა ქობალიამ.

ოპოზიციური პარტიების მხრიდან გამოთქმულ ბრალდებას, რომ თითქოსდა ”ნაციონალური მოძრაობა” ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს, სიცრუე უწოდა ამავე პარტიის პირველმა ნომერმა ლევან კონჯარიამ.
XS
SM
MD
LG