Accessibility links

სოფელ ხვითიდან საქონელი ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს


სოფელ ხვითის მიმდებარე ტერიტორიიდან გუშინ საღამოს შეიარაღებულმა პირებმა სოფელ ყელქცეულის საქონელი, დაახლოებით 60 სული, ცხინვალის მიმართულებით გაიტაცეს. ორი მწყემსი სოფლის ნახირს მეზობელი სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსავდა. ყელქცეულიც და ხვითიც ქართული მხარის მიერ კონტროლირებული სოფლებია. როგორც სოფლის მწყემსი ჰყვება, მას თავს დაესხა 8 შეიარაღებული პირი, რომლებიც ოსურ ენაზე საუბრობდნენ. მათ მწყემსებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ნახირი ოსური მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადარეკეს. მწყემსებმა ეს ამბავი სოფელს შეატყობინეს.

ყელქცეულის მოსახლეობამ საქმის კურსში ჩააყენა სამართალდამცავები. ადგილობრივი მცხოვრებლები საქონლის დაბრუნებას და პოლიციის მხრიდან სოფლის დასაცავად დამატებითი ღონისძიებების გატარებას მოითხოვდნენ.

შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს უფროსი ვლადიმერ ჯუღელი წუხელ საქონლის დაბრუნებაზე მოლაპარაკებას მართავდა როგორც რუსულ, ისე ოსურ მხარესთან. მისი თქმით, დღეს დილით შესაძლებელი გახდა ძროხების ნაწილის დაბრუნება. ვლადიმერ ჯუღელმა დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლის მერაბ ჩიგოევის განცხადებასაც უპასუხა, რომელიც ოსური საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით გავრცელდა. ჩიგოევის თქმით, ნახირი ოსური მხარის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე თავისით გადავიდა და ის დააბრუნეს კიდეც, ქართული მხარე კი, მისივე თქმით, დეზინფორმაციასა და პროვოკაციულ განცხადებებს ავრცელებს. ვლადიმერ ჯუღელის აზრით, ჩიგოევის ბრალდება მხოლოდ თავის მართლებაა.

სოფელი ყელქცეული ცხინვალიდან დაახლოებით 8 კილომეტრით არის დაშორებული. უფრო ახლოს მდებარეობს სოფელი ხვითი. როგორც ადგილობრივი მცხოვრებნი აცხადებენ, შეიარაღებული პირების შეჭრა და სოფლებიდან საქონლის გატაცება პირველად არ ხდება, ამიტომ ისინი სამართალდამცავებს მეტი ყურადღებისა და დამატებითი საგუშაგოების მოწყობისკენ მოუწოდებენ.
XS
SM
MD
LG