Accessibility links

logo-print
წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შევიდა - კანდიდატები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები მოსახლეობას ხვდებიან და დაპირებებს უხვად არიგებენ. ეროვნული საბჭოს კანდიდატი ტარიელ ლალიაშვილი ამომრჩევლებს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას და ადგილობრივ გლეხებს ქართლში მოწეული ხილისთვის რუსული ბაზრების გახსნას ჰპირდება. მისი აზრით, რუსეთთან მეგობრობა ტერიტორიული პრობლემების მოგვარებასაც შეუწყობს ხელს.

ქრისტიან-დემოკრატების ლიდერის ზურაბ როსებაშვილის აზრით, აუცილებელია ხელისუფლებისა და საზოგადოების ურთიერთნდობის აღდგენა, რასაც ის, გამარჯვების შემთხვევაში, უსათუოდ მიაღწევს. მისი თქმით, ქრისტიან-დემოკრატების დაპირება ტარიფების შემცირების შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ ამის გაკეთება ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელია.

„ნაციონალური მოძრაობა“ კი თავს გაკეთებული საქმეებით იწონებს. მისი ლიდერი ზვიად ხმალაძე აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში არ დარჩება პრობლემა, რომლის მოგვარებასაც ვერ შეძლებენ. პირველ რიგში კი, დასაქმების პრობლემას გადაჭრიან.

„ალიანსი საქართველოსთვის“ ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერის დავით რაზმაძის მთავარი დაპირება კი არსებული რეალობის შეცვლაა. მისი თქმით, გამარჯვების შემთხვევაში, პირველ რიგში, ადგილობრივ ბიუჯეტს გამჭვირვალეს გახდის, რათა კორუფციის დაძლევა მოხერხდეს.

არჩევნებამდე ორ კვირაზე ცოტა მეტი დრო რჩება. ამომრჩევლები კი პარტიების ლიდერებს და კანდიდატებს უსმენენ. ვის დაპირებებს დაუჯერებენ ყველაზე მეტად, ეს 30 მაისის არჩევნებზე გამოჩნდება.
XS
SM
MD
LG