Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი თურქეთის კუთვნილი ფსკერით დაინტერესდა


რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი, რომელმაც სირიაში ორდღიანი ვიზიტი დაასრულა, სამშაბათ საღამოს თურქეთში ჩავიდა. შესათანხმებელ საკითხთა შორის არის თურქეთის ტერიტორიული წყლის გავლით რუსეთის გაზის ევროპაში ტრანსპორტირების შესაძლებლობის საკითხი. მანამდე კი რუსეთის პრეზიდენტმა სასარგებლო სავაჭრო-ეკონომიკურ კონტრაქტებზე მოლაპარაკებები დამასკოში გამართა.

საბჭოთა პერიოდში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან სირიას ყველაზე უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ჰქონდა მოსკოვთან. მედვედევს ორდღიანი ვიზიტი, გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ასეთი მჭიდრო თანამშრომლობის აღორძინების სურვილმა უკარნახა. სამხედრო და ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის გარდა, რუსეთი და სირია გეგმავენ პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებას, ეკონომიკური და კულტურული კავშირურთიერთობების გაფართოებასო, - განაცხადა დმიტრი მედვედევმა დამასკოში, თუმცა კონკრეტულ დეტალებზე საუბარი არ ყოფილა. პრესკონფერენციაზე დამასკოში რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესზე და განაცხადა, რეგიონში ბირთვული იარაღი არ უნდა არსებობდესო.

ჩვენ - მე და სირიის პრეზიდენტი - ერთსულოვანნი ვართ და ერთნაირად ვფიქრობთ, რომ ახლო აღმოსავლეთი უნდა იყოს უბირთვო ზონა და უბირთვო რეგიონი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენების სხვაგვარი განვითარება, შესაძლოა, რეგიონალური - მთლიანობაში კი, გლობალური -კატასტროფის მომასწავებელი გახდეს.“

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დაარწმუნა რუსი კოლეგა, რომ მხარს დაუჭერს რუსეთის ძალისხმევას, რომელიც ბირთვული იარაღისგან რეგიონის გათავისუფლებისაკენ არის მიმართული. „სანას“ სააგენტოს ცნობით, ასადმა განაცხადა, „ირანის ბირთვული პროგრამა დიპლომატიის გზით უნდა გადაწყდესო.“ ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით კომენტარი დამასკოში დმიტრი მედვედევმაც გააკეთა და ირანს „კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ“ მოუწოდა:

„მართლაც, განვიხილეთ ირანთან დაკავშირებული თემა, მათ შორის -ირანის ბირთვული პროგრამა. ამასთან, ხაზი გაესვა უფლებას „სამშვიდობო ატომზე.“ ხაზი გაესვა გაუვრცელებლობის შესახებ წესების დაცვის აუცილებლობას და იმასაც, რომ საჭიროა ირანის მხრიდან საერთაშორისო საზოგადოებასთან კონსტრუქციული თანამშრომლობა და ურთიერთმისაღებ გადაწყვეტილებამდე მისვლა.“

სირიიდან სამშაბათ საღამოს მედვედევი თურქეთში ჩადის. სტამბულში რუსეთის პრეზიდენტი თურქეთის პრეზიდენტ აბდულა გიულის და პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანს შეხვდება. კრემლის ოფიციალური წარმომადგენლის სერგეი პრიხოდკოს ინფორმაციით, თურქეთში თურქეთ-რუსეთის თანამშრომლობის ახალი საბჭოს პირველი სხდომა იგეგმება. სტამბულში ხელი მოეწერება 25 შეთანხმებას - მათ შორის, ევროპისათვის გამიზნული „სამხრეთ ნაკადის“ გაზსადენისათვის ახალი მარშრუტის მშენებლობის შესაძლებლობას შავი ზღვის ფსკერზე. პრიხოდკოს თქმით, რუსეთი ვარაუდობს, რომ თურქეთი, რომელიც რუსეთის ბუნებრივი აირის უმსხვილესი მომხმარებელია, ნებას დართავს რუსეთს დაიწყოს შავი ზღვის თურქული მონაკვეთის შელფის შესწავლა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG