Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ქალთა ფონდი გორში ჩავიდა


საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება გაეროს ქალთა ფონდი (UNIFEM).

ფონდის აღმასრულებელი დირექტორი ინეს ალბერდი გორში ქალთა ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დევნილებს შეხვდა. ალბერდის ვიზიტის მიზანია შეისწავლოს გენდერული თანასწორობისა და ქალთა უფლებების კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა.

UNIFEM-ი ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით ახორციელებს 36-თვიან პროექტს „ქალები თანასწორობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის”. პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა ჯგუფების მხარდაჭერა.

ინეს ალბერდის განცხადებით, გაეროს ქალთა ფონდი საქართველოში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების მხარდაჭერას გააგრძელებს, რათა მათ თავად მიიღონ აქტიური და ეფექტური მონაწილეობა იმ პოლიტიკის შემუშავებაში, რომელიც ზეგავლენას მოახდენს მათ ცხოვრებაზე.

მეორე პროექტი, რომელსაც უნიფემი საქართველოში ახორციელებს, ოჯახში ძალადობის პრევენციისა და დაძლევისკენ არის მიმართული. მისი მიზანია, ოჯახში ძალადობისა და კონფლიქტის პერიოდში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი მომსახურების გაწევა - თავშესაფარით უზრუნველყოფა და იურიდიული დახმარება. უნიფემის მრჩევლის თამარ საბედაშვილის ინფორმაციით, საქართველოს რამდენიმე ქალაქში, მათ შორის გორშიც, მალე ქალთა თავშესაფარი გაიხსნება.

უნიფემის ხელმძღვანელთან შეხვედრას აგვისტოს ომის შედეგად დევნილი ქალებიც ესწრებოდნენ. მათი თქმით, მთავარ პრობლემად უმუშევრობა რჩება.

გაეროს ქალთა ფონდი UNIFEM-ი 1976 წელს შეიქმნა. მისი მიზანია ქალთა უფლებამოსილების გაზრდა და გენდერული თანასწორობის გაძლიერება. ამჟამად ორგანიზაცია მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მუშაობს ქალთა გენდერულ საკითხებზე. ფონდის ხელშეწყობით ქალებს შეუძლიათ ხმა მიაწვდინონ გაეროს, რათა ორგანიზაციის დღის წესრიგში დადგეს გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული აქტუალური საკითხები და შესრულდეს ქალთა უფლებების კუთხით აღებული ვალდებულებები.
XS
SM
MD
LG