Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი მთავრობის ფორმირებას შეუდგა


დევიდ კამერონი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობის პირველ დღეს, მთავრობის ფორმირებას შეუდგა. პრემიერ-მინისტრად მისი დანიშვნა ნიშნავს მთავრობაში კონსერვატორების დაბრუნებას 13 წელი ოპოზიციაში ყოფნის შემდეგ. კამერონი 43 წლისაა - ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი თითქმის 200 წლის მანძილზე. გასული კვირის საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორებს ყველაზე მეტი ხმა ერგოთ, მაგრამ არა იმდენი, რომ საპარლამენტო მანდატების ნახევარზე მეტი მოეპოვებინათ. დღეს კამერონმა, პრემიერ-მინისტრის რანგში თავისი პირველი გამოსვლის დროს, განაცხადა, რომ აპირებს კოალიციური მთავრობის შექმნას ლიბერალ-დემოკრატებთან ერთად, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგად მესამე ადგილზე გავიდნენ. „მჯერა, რომ ეს არის სწორი გზა საიმისოდ, რომ ქვეყანას ჰყავდეს ძლიერი, სტაბილური, კარგი და წესიერი მთავრობა, რომელიც, ჩემი აზრით, სასწრაფოდ გვჭირდება“. სამშაბათს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა გორდონ ბრაუნი, რის შედეგადაც ბოლო მოეღო ლეიბორისტული პარტიის 13-წლიან მმართველობას. გავრცელებული ინფორმაციით, ლიბერალ-დემოკრატების ლიდერი ნიკ კლეგი ვიცე-პრემიერი იქნება მთავრობაში - ბრიტანეთის პირველ კოალიციურ მთავრობაში ბოლო 70 წლის მანძილზე. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ისევე როგორც გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებმა, კამერონს სამშაბათსვე მიულოცეს პრემიერ-მინისტრობა.
XS
SM
MD
LG