Accessibility links

logo-print

ევროკავშირი სამეზობლო პოლიტიკით კმაყოფილებას გამოხატავს


ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა შტეფან ფიულემ ბრიუსელში სამეზობლო პოლიტიკა „შთამბეჭდავად“ შეაფასა. მან ხაზი გაუსვა ამ პოლიტიკის წარმატებას ბოლო ხუთი წლის მანძილზე, გამოყო რა სფეროები: ვაჭრობა, მოგზაურობა და ევროკავშირის მხრიდან დახმარება, თუმცა კომისარმა იქვე აღიარა, რომ რეგიონის მთავრობები ფეხს ითრევენ პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების გატარებისას.

გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარმა ილაპარაკა წარმატებაზე, რომელიც ყველასთვის ერთნაირად საგულისხმოა - თვით ევროკავშირისთვისა და მეზობლებისთვის აღმოსავლეთსა და სამხრეთში:

„ევროპის სამეზობლო პოლიტიკა დაეხმარა კავშირის მეზობლებს მათი სახელმწიფოების გარდაქმნაში. ეს ადასტურებს, რომ თუკი სწორ პოლიტიკას მივდევთ და სწორ ინსტრუმენტს ვიყენებთ, შეგვიძლია ვიმოქმედოთ როგორც „სოფტ პაუერმა“, რომელიც გაფართოების არეალის მიღმა სტაბილურობისა და კეთილდღეობის გავრცელებას ემსახურება.“

თუკი ამ პოლიტიკას უფრო კარგად დავაკვირდებით, აშკარაა, რომ არის პრობლემები. ფიულემ ბრიუსელში, ამ პრესკონფრენეციაზე, უკრაინის შესახებ ილაპარაკა. ევროკავშირი დარწმუნებულია, თქვა მან, რომ ახლახან კიევის ხელისუფლებაში მოსული პრორუსული მმართველები ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ რეფორმებს კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებენ. მანვე იქვე განმეორებით დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ აღმოსავლელ მეზობლებს შეუძლიათ კარგი ურთიერთობა იქონიონ ევროკავშირთანაც და რუსეთთანაც. მან თქვა, ევროკავშირი თვითონ ურჩევდა მუდმივად უკრაინას მეზობლებთან ურთიერთობის გუმჯობესებასო.

რაც შეეხება საქართველოს, კომისარმა განაცხადა, რომ თბილისში მთავრობა ევროკავშირის შესაბამისი რეფორმების კურსზე რჩება. თუმცა, აღნიშნა ფიულემ, საქართველოს ხელისუფლების ულტრალიბერალური იდეები მთლიანად არ შეესატყვისება ევროკავშირისეულ თავისუფალი ვაჭრობის პრინციპსო და იქვე დასძინა, საქართველოსა და ევროკავშირის პოლიტიკური ურთიერთობა ბოლო წელიწადში საგრძნობლად გაცივდაო.

ფიულემ შენიშნა ზოგადად, რომ აღმოსავლელი პარტნიორები კვლავაც მოწადინებული არიან ევროკავშირის შესაბამისი კანონმდებლობა განავითარონ, თუმცა ეს ყოველთვის არ ხორციელდება შესაბამისი სისწრაფითო. სამეზობლო პოლიტიკაში ჩართულ მეზობლებს შორის მან გამოყო მაროკო, უკრაინა და მოლდავეთი, როგორც ქვეყნები, რომლებსაც, მისი თქმით, მეტი პრეტენზია აქვთ და ბრიუსელიც მათ უფრო აქტიური საპასუხო ნაბიჯებით ხვდება.

ევროკომისარმა აღიარა პრესკონფერენეციაზე, რომ ერთ- ერთი მთავარი ნაწილი სამეზობლო პოლიტიკისა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია, კვლავაც ნელი ტემპით ვითარდება. შტეფან ფიულემ ილაპარაკა ასევე იმაზე, რომ სამეზობლო პოლიტიკა რჩება ერთადერთ რეალურ იარაღად ევროკავშირისთვის იმ მიზნის მისაღწევად, რომ სტაბილური ქვეყნებით იყოს გარშემორტყმული. ეს პოლიტიკა, მისი თქმით, უფრო იაფი და უფრო ეფექტიანია, ვიდრე კონფლიქტებისა და არასტაბილურობის გავრცელების ეფექტის დაძლევა.

ბოლოს გეტყვით, რომ ევროკავშირი ახლა აპირებს აღმოსავლელ მეზობლებს მოელაპარაკოს ასოცირების შეთანხმების გარშემო, რომელიც, როგორც ფიულემ უწოდა, „ეკონომიკურ ინტეგრაციას და პოლიტიკურ ასოცირებას გულისხმობს“.
XS
SM
MD
LG