Accessibility links

logo-print
ცხინვალის სასამართლოს დარბაზიდან ხუთშაბათს კასპის რაიონის სოფელ თვაურების სამი მცხოვრები - ლევან ბიგანაშვილი, ალეკო დიდებაშვილი და მერაბ თვაური - გაათავისუფლეს. ოსურმა მხარემ ისინი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შუამავლობით ქართულ მხარეს გადასცა, გორის პოლიციაში დაკითხვის შემდეგ კი ცხინვალიდან გათავისუფლებულები ნათესავებს შეხვდნენ. სოფლების ლამისყანის და თვაურების 6 მცხოვრები გასული წლის აგვისტოს თვეში ტყეში შეშის ჭრისას ეგრეთ წოდებულმა რუსმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს - ჯერ ახალგორში ჰყავდათ, 4 დღის შემდეგ კი ცხინვალში გადაიყვანეს. როგორც გათავისუფლებულები ამბობენ, ამ დროის განმავლობაში 5 სასამართლო პროცესი გაიმართა და მოსამართლემ მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება მხოლოდ ხუთშაბათს მიიღო. გათავისუფლებულების თქმით, მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას არ აყენებდნენ, მაგრამ მძიმე პირობებში უხდებოდათ ყოფნა. ლევან ბიგანაშვილმა და ალეკო დიდებაშვილმა რადიო თავისუფლებას ცხინვალის ციხეში დარჩენილი სხვა ქართველი პატიმრების მდგომარეობის შესახებაც უამბეს. მათი თქმით, ყველაზე მძიმედ სამხედრო ტყვე ზვიად კობალაძეა.

მაისის დასაწყისში საქართველოში ვიზიტად მყოფმა თომას ჰამარბერგმა ცხინვალიდან 3 ლამისყანელი გამოიყვანა და ოსური მხარისგან პირობა მიიღო, რომ კიდევ სამ პატიმარს გაათავისუფლებდნენ. დღეს ეს პირობა შესრულდა. მანამდე კი ქართულმა მხარემ ოსურ მხარეს 6 ოსი ეროვნების მოქალაქე გადასცა. მხარეები გაცვლის შესახებ არ საუბრობენ, მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო პერიოდში როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან 6–6 მოქალაქე გათავისუფლდა. დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველმა დავით სანაკოევმა კი ოსური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ დღევანდელი ნაბიჯით ოსური მხარე გამოთქვამს მზადყოფნას იმუშაოს ყველა დაკავებულის გასათავისუფლებლად. როგორც ცნობილია, ოსური მხარე მოითხოვს პატიმრების გათავისუფლებას პრინციპით - „ყველა ყველაზე“. ქართული მხარე კი მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ოსი ეროვნების მოქალაქეების გათავისუფლებაზე არ თანხმდება.

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები
სოფელ თვაურების მცხოვრებთა გათავისუფლება ცხინვალში ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეთა ვიზიტს დაემთხვა. დელეგაცია ცხინვალში ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის დღის წესრიგის შესათანხმებლად ჩავიდა. დისკუსია 7–8 ივნისს გაიმართება. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიერ მორელი, გაეროს სპეცწარმომადგენელი ანტი ტურუნენი და ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის წარმომადგენელი ბოლათ ნურგალიევი ცხინვალში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს ედუარდ კოკოითის, მის სპეციალურ წარმომადგენელს პოსტკონფლიქტურ საკითხებში ბორის ჩოჩიევს და დე ფაქტო რესპუბლიკის სახალხო დამცველს დავით სანაკოევს შეხვდნენ. შეხვედრაზე განიხილებოდა: უგზო-უკვლოდ დაკარგულთა და დაკავებულთა საკითხები, კონფლიქტის ზონის უსაფრთხოებისა და იქ მცხოვრებთა შეუფერხებელი გადაადგილების პრობლემა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ერგნეთში დაბრუნებულმა პიერ მორელმა აღნიშნა, რომ მალე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრების აღდგენა იქნება შესაძლებელი, რადგან ოსურმა მხარემ დღევანდელ შეხვედრაზე ამისთვის მზადყოფნა გამოხატა. დიდი ხანია ერგნეთის შეხვედრა აღარ გამართულა - ოსური მხარე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედის გარკვევამდე შეხვედრებში მონაწილეობაზე უარს ამბობდა. მორელი არ გამორიცხავს, რომ ჟენევის დისკუსიამდე ერგნეთში ერთი შეხვედრის მოწყობა გახდეს შესაძლებელი.

ოსური მხარე ჟენევის დისკუსიის მორიგ რაუნდზე კიდევ ერთხელ მოითხოვს ქართული მხარის მიერ ცეცხლის განუახლებლობისა და ძალის გამოუყენებლობის შესახებ სპეციალურ დოკუმენტზე ხელის მოწერას. ქართული მხარე ასეთ დოკუმენტზე ხელმოწერისგან თავს იმის გამო იკავებს, რომ მედვედევ- სარკოზის შეთანხმებით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უკვე შესრულებულია. ეუთოს წარმომადგენელმა ბოლათ ნურგალიევმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განაცხადა, რომ უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რამდენიმე ვარიანტი მუშავდება და, საბოლოოდ, კომპრომისული ვარიანტი იქნება მიღებული.

ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებმა ცხინვალში ვიზიტი დადებითად შეაფასეს. პარასკევს ისინი შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავენ. ჟენევის დისკუსიის მე–11 რაუნდი კი 7–8 ივნისს გაიმართება.
XS
SM
MD
LG