Accessibility links

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ტინა კეიდანაუ ბაქოს შემდეგ 13 მაისს თბილისს ეწვია. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის დიპლომატმა შეხვედრები საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან დახურულ კარს მიღმა გამართა.

შიდაპოლიტიკური პროცესები, არჩევნების წინ შექმნილი ვითარება, რეფორმების მიმდინარეობის პროცესი - ეს გახლდათ, ძალიან ზოგადად,

თბილისში ვიზიტად მყოფი ტინა კეიდანაუს დახურული შეხვედრების მთავარი საკითხები. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე თბილისში ბაქოდან 13 მაისს ჩამოვიდა და ოპოზიციას, სამოქალაქო სექტორის და ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. მისი ეს ვიზიტი წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვნად შეაფასეს ”ქრისტიან-დემოკრატებმა”. პარტიის ერთ-ერთი წევრის, ნიკა ლალიაშვილის სიტყვებით, საუბარი შეეხო არჩევნების წინ საქართველოში არსებულ ვითარებას.

საარჩევნო კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება შეხვედრაზე ”საქართველოს გზის” ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა:

”ჩვენი მთავარი არგუმენტი ის იყო, რომ რეალურად საარჩევნო გარემოში არაფერი შეცვლილა. გამოვთქვით პროტესტი ორიოდე დღის წინ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგზეც.”

ტინა კეიდანაუმ მოუსმინა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც. შეხვედრიდან გამოსულმა ექსპერტმა პოლიტიკის საკითხებში გოგი ხუციშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ მათ შეაფასეს საქართველოში არსებული ვითარება რეფორმების მიმდინარეობის თვალსაზრისით.

ამავე შეხვედრას ესწრებოდა ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში ირაკლი მენაღარიშვილიც, რომელმაც გვითხრა, რომ ეს კეიდანაუს მორიგი ვიზიტი იყო იმ რეგიონში, რომელსაც ის კურირებს და მისთვის განსაკუთრებით საინტერესო წინასაარჩევნოდ საქართველოში შექმნილი ვითარება გახლდათ:

”სწორედ ახლაა ის პერიოდი, როდესაც საქართველოს დემოკრატია გამოცდას აბარებს და ეს გამოცდა მან უნდა ჩააბაროს, იმიტომ რომ ეს აუცილებელია ჩვენი ურთიერთობის გასაღრმავებლად აშშ-თან, როგორც ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან. ამიტომ ბუნებრივია ჩვენი ამერიკელი კოლეგების დაინტერესება სწორედ ამ პერიოდში.”

ტინა კეიდანაუს შეხვედრები დღის ბოლოს უკვე საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილთან ჰქონდა. მედიასთან კომენტარი მან სწორედ ამ შეხვერების დასრულების შემდეგ გააკეთა. ”დღეს ძალზე კარგი დღე მქონდა", თქვა მან. "შევხვდი სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს. ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე, საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე და მოხარული ვარ, რომ პროცესები საქართველოში კარგი მიმართულებით ვითარდება. არჩევნები უნდა იყოს გამჭვირვალე. კარგია, რომ მასში აქტიურად მონაწილეობს ოპოზიცია. ჩვენ დავაკვირდებით როგორ ჩატარდება არჩევნები და მხოლოდ მისი შედეგების მიხედვით შევაფასებთ ვითარებას."

ამერიკელი დიპლომატის კავკასიური ტურნე ერევანში დასრულდება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG