Accessibility links

logo-print
დღევანდელ პრესაში ბევრს წერენ საქართველოში რუსეთის ინტერესებზე. ”24 საათის” პირველ გვერდზე მოთავსებული სტატიის სათაურია ”ყურის გახედნა”. ავტორი წერს: ”რუსეთი და სეპარატისტული ოსეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე პერიოდულად აბსურდულ იდეებს გამოთქვამენ. დიპლომატი ზურაბ აბაშიძე ამას ”ყურის გახედნას” უწოდებს. ამგვარი კლასიფიკაცია შეიძლება მივანიჭოთ ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტ თეიმურაზ მამსუროვის განცხადებას, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ოსეთის გაერთიანების გარდაუვალობას გვამცნობს. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ მამსუროვის გამოსვლა კრემლის პროექტის ნაწილია. არეშიძის შეფასებით, ამ პროექტის განხორციელება ბევრად არის დამოკიდებული იმაზე, რამდენად სტაბილური იქნება სიტუაცია თბილისში.”

”ყველა სიახლე” აქვეყნებს ინტერვიუს ნინო ბურჯანაძესთან, რომელსაც კორესპონდენტი ავსტრიაში დაუკავშირდა და მოსკოვში ფაშიზმზე გამარჯვებისადმი მიძღვნილ აღლუმზე დასწრების შესახებ ჰკითხა. ბურჯანაძე პასუხობს, რომ პირველად ისტორიაში აღლუმში მონაწილეობდნენ ნატოს ჯარები, და განაგრძობს: ”აღსანიშნავია, რომ ამ აღლუმს ესწრებოდა გერმანიის კანცლერი, ქალბატონი ანგელა მერკელი. ვფიქრობ, რომ ჩემი იქ ყოფნა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი იყო. დასანანია, რომ მიწვეული ქართველი ვეტერანების ძირითად ნაწილს არ მიეცა ამ აღლუმზე დასწრების საშუალება”, - ამბობს ბურჯანაძე და ამავე ინტერვიუში დასძენს: ”პოლიტიკოსი, რომელიც მარტო პირად კომფორტზე ფიქრობს და მხოლოდ იმ შეხვედრებზე მიდის, სადაც დადებითი ემოციები იქნება, პოლიტიკოსი არ არის. სავარაუდოდ, გარკვეული დისკომფორტი ანგელა მერკელსაც ექნებოდა, რადგან იმ ომში მისი ქვეყანა დამარცხდა.”

”ალიასთვის”, როგორც მისი ავტორი წერს, ”კულუარულად” ასეთი საგანგაშო ინფორმაცია მიუწოდებიათ: ”რუსეთი საქართველოში გარდაუვალ სისხლისღვრას გეგმავს... 200 ქართველ კრიმინალს რუსეთის სპეცსამსახური ამზადებს საქართველოში შემოსაგზავნად... ირაკლი ოქრუაშვილი ორჯერ იყო ჩასული რუსეთში და ამ კრიმინალების შემოსვლას ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლა მოჰყვება... რუსეთის პატრიარქს კი კრიმინალური ავტორიტეტებისთვის უთქვამს: თქვენს აღსარებას პირადად მე ჩავიბარებო და მას ქართველი ქურდები რუსეთის ციხიდან ტელეფონით უკავშირდებიან.” - ამას ”ალიას” პირველ გვერდზე წაიკითხავთ.

”ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში ”ეროვნული ფორუმის” პოლიტიკური მდივანი ირაკლი მელაშვილი მომავალ არჩევნებზე ამბობს: ”30 მაისის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ადამიანები მიხვდებიან გაყალბებულ არჩევნებს და ისინი მოითხოვენ ვადამდელ საპარლამენტო და საპრეზიდენტოი არჩევნებს. სამწუხაროდ, აქამდე მიიყვანს სიტუაციას ეს ხელისუფლება და, ჩემი აზრით, ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც, სამწუხაროდ, ასეთი პირობებში წავიდა არჩევნებზე...” - ამბობს ირაკლი მელაშვილი.

”რეზონანსი” მალხაზ გულაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ამბობს, რომ ჯერ კიდევ ცხინვალშია და იქიდან ”არა მარტო მოსკოვში, ყველა იმ ქვეყანაში” აპირებს წასვლას, ”სადაც მართლმადიდებელი ხალხი ცხოვრობს”. ”ვგეგმავ საერთაშორისო კონფერენციის მოწვევას, რომელიც მართლმადიდებლობის დაცვას შეეხება”, - ამბობს გულაშვილი. ამავე ინტერვიუში ის ”რეზონანსის” კორესპონდენტს უპასუხებს: ”როგოც კი დავაბინავებ ჩემს ოჯახს იმ ქვეყანაში, სადაც თავს უსაფრთხოდ იგრძნობენ, და მოვრჩები საქმეებს, ჩამოვალ. მანამდე კი საქართველოს ხელისუფლებისგან მოვითხოვ გაათავისუფლოს ”სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობის” უდანაშაულოდ დაჭერილი 8 წარმომადგენელი... დაიჭირონ ისინი, ვინც იმ დღეს ჩხუბი მოაწყო, ანუ ტელეკომპანია ”კავკასიის” თანამშრომლები.”

”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ნესტან კირთაძე, ამერიკის პოლიტიკაზე ამბობს: ”მათ ძალიან ბევრი დიქტატორი შექმნეს, მაგრამ შემდგომ ზოგიერთ ამ დიქტატორს ადგილი დამსახურებისამებრ მოუძებნეს. სააკაშვილისთვის, როგორც ჩანს, ეს დამსახურებული დრო არ დამდგარა. ამერიკისთვის ბევრად საიმედოა თუნდაც ეს იმიჯშელახული, მთელი მსოფლიოსგან იზოლირებული და ექსცენტრული დიქტატორის სააკაშვილის ხელისუფლება, რომელიც მათი შექმნილი კორუფციონერი ჯგუფია, იმიტომ რომ ეს ჯგუფი ამერიკის ყველა ნების შემსრულებელია.”
XS
SM
MD
LG