Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდიჟანის სისხლისღვრა: ტრაგედია, რომელზეც უზბეკეთში არავინ არაფერს ამბობს


სტოკჰოლმი: უზბეკი ლტოლვილების დემონსტრაცია ანდიჟანის სისხლისღვრის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით
სტოკჰოლმი: უზბეკი ლტოლვილების დემონსტრაცია ანდიჟანის სისხლისღვრის მეხუთე წლისთავთან დაკავშირებით
ხუთი წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც უზბეკეთის ქალაქ ანდიჟანში სისხლისღვრა მოხდა: 2005 წლის 13 მაისს ასობით ადამიანი დაიღუპა დემონსტრაციაზე, რომელსაც მთავრობის ჯარებმა ცეცხლი გაუხსნეს. მაგრამ ამ დღეებში უზბეკეთში ერთი საჯარო ღონისძიებაც არ გამართულა მსხვერპლის ხსოვნის პატივსაცემად: ის, რასაც საზღვარგარეთ „ანდიჟანის სისხლისღვრას“ უწოდებენ, იგნორირებული რჩება თვით უზბეკეთში, ოფიციალური პირებისა და მედიის მიერ.

ანდიჟანის სისხლისღვრა უზბეკეთში ტაბუდადებული თემაა: მედია, ოფიციალური პირები, ადგილობრივი მოსახლეობაც კი - ყველა დუმილს ამჯობინებს, ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ.

ამ თემაზე ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან საუბრისას, ანდიჟანელმა სოჰიბჟან-ოტამ მარტო სახელი გაამხილა. „მედია უზბეკეთში თავისუფალი არ არის. ამ მოვლენებზე არ მსჯელობენ. თითქოს არაფერი მომხდარა 2005 წელს. ბევრს დაავიწყდა კიდეც. იმ დღეებს იხსენებენ მარტო ოჯახებში, რომელთაც ყველაფერი უშუალოდ შეეხო. სხვებს რაც შეეხება - მათ არაფერი იციან, არაფერს გრძნობენ,“ - ამბობს სოჰიბჟან- ოტა.

ხუთი წლის წინ ყველაფერი მშვიდობიანი დემონსტრაციებით დაიწყო. აღმოსავლეთ უზბეკეთში, ფერგანის ხეობაში მდებარე ქალაქ ანდიჟანში საპროტესტო აქციაზე შეიკრიბა ხალხი, რომელიც 23 ადგილობრივი ბიზნესმენის გათავისუფლებას მოითხოვდა. ბიზნესმენები დაპატიმრებული იყვნენ რელიგიურ ექსტრემიზმში ბრალდების საფუძველზე, რაც მთავრობის მიერ აკრძალულ ორგანიზაცია „აკრამიაში“ მათს საქმიანობას უკავშირდებოდა. დემონსტრანტები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ ეკონომიკური პრობლემების გამოც.

ვითარება გამწვავდა, როცა მამაკაცების ჯგუფმა იერიში მიიტანა სამხედრო გარნიზონზე, ცნობების თანახმად, ხელში ჩაიგდო იარაღი, ამის შემდეგ კი ანდიჟანის ციხეში შეიჭრა და პატიმრები გაათავისუფლა. გათავისუფლებულებს შორის ზემოხსენებული ადგილობრივი ბიზნესმენებიც იყვნენ.
მოიერიშეებმა ციხის რამდენიმე მცველი მოკლეს და კონტროლი დაამყარეს ზოგ შენობაზე, რასაც მთავრობის ჯარების რეაქცია მოჰყვა. რეაქცია კი ასეთი გამოდგა: თვითმხილველების ცნობით, ჯარისკაცებმა ესროლეს დემონსტრანტებს ანდიჟანის ცენტრში, ბობურის მოედანზე და მიმდებარე ქუჩებში. ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 187 ადამიანი, მათ შორის ბევრი ჯარისკაცი. უფლებადამცველები და უზბეკი ოპოზიციონერები კი ამტკიცებენ, რომ ხუთი წლის წინ, 13 მაისს დახოცილების რიცხვი 1000-ს აღწევს...

ადგილობრივი მედია, ანდიჟანელების თქმით, საერთოდ აღარ ახსენებს ხუთი წლის წინანდელ ამბებს. თუ დასაწყისში პასუხისმგებლობას „რელიგიურ ექსტრემისტებს“ აკისრებდნენ, ახლა ამ თემის სრული იგნორირება ხდება. მიზეზად ბევრს მიაჩნია შიში, უნდობლობა, რომელიც ანდიჟანში სისხლისღვრის შემდეგ დამკვიდრდა.

ანდიჟანელი სოჰიბჟან-ოტას ორი შვილი დაპატიმრებულია, კონსტიტუციური წესრიგის დასამხობად შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდების სფუძველზე. თვით სოჰიბჟან-ოტა როგორც ვარაუდობს, ისიც შავ სიაშია შეყვანილი: „სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ მეშინია. თვეში ერთხელ მამოწმებენ. ჩემთან, სახლში მოდიან, ჩემს ვაჟიშვილებზე შეკითხვებს გვისვამენ. მინდა ამაზე ლაპარაკი, მაგრამ გულახდილად გეტყვით, რომ ვერ ვბედავ. მეშინია, რომ ცოცხალს არ დამტოვებენ. გუშინაც იყვნენ მოსული“, ამბობს სოჰიბჟან-ოტა და ამატებს: უბნის ყოველი ახალი მილიციელი მოდის ხოლმე ჩემთან, სახლშიო.

ანდიჟანი 30 კილომეტრში მდებარეობს ყირგიზეთის საზღვრიდან და 2005 წლის მაისის ამბები სულ რამდენიმე კვირაში მოჰყვა „ტიტების რევოლუციას“, რომლის შედეგიც მეზობლად, ბიშკეკში პრეზიდენტ ასკარ აყაევის მმართველობის დამხობა იყო. უზბეკეთის პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვს არაერთხელ გამოუხატავს თავისი დამოკიდებულება - უარყოფითი დამოკიდებულება „ფერადი რევოლუციების“ მიმართ. მაგალითად, გასულ თვეში, მოსკოვში ვიზიტის დროს, მან გააკრიტიკა ფერადი რევოლუციები, რომლებიც „ქმნის ილუზიას, რომ ძალიან იოლია (...) კანონიერი ხელისუფლების დამხობა“.

თვით ქარიმოვი 1989 წლიდან დგას ხელისუფლების სათავეში, ჯერ კომპარტიის პირველი მდივნის, შემდეგ უზბეკეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტის, ხოლო 1991 წლიდან დღემდე - დამოუკიდებელი უზბეკეთის პრეზიდენტის რანგში.

ყოველი წლის 9 მაისს ანდიჟანში საზეიმო ღონისძიებებით აღნიშნავენ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების დღეს. 13 მაისს კი საჯაროდ არავინ არაფერს ამბობს ადამიანებზე, რომელთა სიცოცხლეც ანდიჟანის სისხლისღვრამ შეიწირა 2005 წელს.
XS
SM
MD
LG