Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი საქართველოში მეტი დემოკრატიის საჭიროებას ხედავს


”საჭიროა, რომ საქართველომ გააგრძელოს დემოკრატიული რეფორმები და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება”, - ვკითხულობთ ევროკავშირის მიერ 12 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელიც ევროპის სამეზობლო პოლიტიკის 2009 წლის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების საქართველოს მიერ შესრულების შეფასებას ისახავს მიზნად. მეტი დემოკრატიის მოთხოვნის ჭრილში განსაკუთრებული აქცენტები საარჩევნო გარემოზე, პოლიტიკური ცხოვრების პოლარიზაციაზე, პოლიტიკურ პლურალიზმსა და მედიის თავისუფლებაზე კეთდება.

ვიდრე მეტს ვიტყოდეთ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებულ შეფასებებზე, უნდა ითქვას, რომ, ევროკავშირის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ, ”მთლიანობაში, წინსვლას მიაღწია” 2009 წელს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის მოთხოვნათა შესრულების გზაზე. განსაკუთრებული წინსვლა შეინიშნება რამდენიმე კონკრეტულ სფეროში. ესენია: კანონის უზენაესობა, სასამართლო სისტემის რეფორმირება, წვრილმანი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ვაჭრობის ხელშეწყობა და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესება. ძირითად გამოწვევებს შორის კი ევროკავშირის ანგარიშში სახელდება: სიღარიბის დაძლევა, დასაქმება, სოციალური პოლიტიკა, სოფლის მეურნეობის განვითარება და საჯარო სამსახურის რეფორმირება.

გარკვეულ გამოწვევებს, როგორც უკვე ვთქვით, ევროკავშირი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესშიც შენიშნავს და ერთგვარი გამოკვეთილი აქცენტი საარჩევნო სისტემასა და გარემოზე კეთდება. ანგარიშში ნათქვამია, რომ 2010 წლის მაისის არჩევნები იქნება მნიშვნელოვანი მაჩვენებელი იმისა, თუ რამდენად წარმატებით განხორციელდა საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებული რეფორმა და რამდენად გაითვალისწინა საქართველომ საერთაშორისო რეკომენდაციები. ევროკავშირის დაკვირვებით, 2009 წელს სახეცვლილმა საარჩევნო კოდექსმა მართლაც ასახა გარკვეული მნიშვნელოვანი ცვლილებები, მაგრამ ის არაადეკვატურად ასახავს ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების რისკებს.

ის, რომ ევროკავშირის ანგარიშში ადმინისტრაციული რესურსების თემას საგანგებო ყურადღება ექცევა, სულაც არ უკვირს ნინა ხატისკაცს, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამების ხელმძღვანელს. მას მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო პერიოდის დარღვევებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც, გაძლიერებული საერთაშორისო მეთვალყურეობის პირობებში, საქართველოში ვეღარ იყენებენ მასშტაბური გაყალბების პრაქტიკას უშუალოდ არჩევნების დღეს. ხატისკაცის შეფასებით, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების კუთხით კანონმდებლობა კვლავაც დასახვეწია, თუმცა პრობლემას ასევე წარმოადგენს კანონის გაუმჯობესებული მოთხოვნებისადმი მიდგომაც. მაგალითად, კანონში შარშან შეტანილი ცვლილების მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობებს ბიუჯეტის გადახედვის უფლება არჩევნების დღის ოფიციალურად გამოცხადებამდე მიეცათ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი 30 მარტს გამოცხადდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ დროისთვის ხელისუფლებას თადარიგი უკვე დაჭერილი ჰქონდა.

”ჩვენ ვნახეთ სტატისტიკა და მხოლოდ მარტში 44 საბიუჯეტო ცვლილება განხორციელდა საქართველოს მასშტაბით. ეს ციფრი ზოგ შემთხვევაში 2-ჯერ და 3-ჯერ აღემატება წინა წლის იმავე პერიოდში განხორციელებულ ცვლილებებს. წელს გაზრდილია სხვადასხვა ტიპის სოციალური დახმარებები, ინფრასტრუქტურული პროგრამები და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ისეთი ტიპის ღონისძიებები ფინანსდება დამატებით, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში აღიქმება ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებად”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამების ხელმძღვანელმა ნინა ხატისკაცმა. ხსენებული დამატებითი ღონისძიებების დაფინანსებით, მისი აზრით, ”მმართველი პარტია და მისი კანდიდატები უპირატეს მდგომარეობაში დგებიან სხვა პარტიებთან და კანდიდატებთან შედარებით.”

ევროკავშირის 12 მაისის ანგარიშში ასევე შეფასებულია ოპოზიციური ძალების ჩართულობა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ნათქვამია, რომ, დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის ფარგლებში, ოპოზიციას პარლამენტში მეტი უფლებები მიენიჭა, თუმცა იქვე ნათქვამია, რომ ”პოლიტიკური ცხოვრების პოლარიზაცია საქართველოში კვლავაც რჩება სერიოზულ წინაღობად ჭეშმარიტი პოლიტიკური რეფორმებისა და ჩართულობისთვის.”

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძისთვის ნათელია, თუ რატომ არის დასავლეთისთვის საგანგაშო მსგავსი პოლარიზაციის არსებობა:

”პოლარიზაციის პირობებში კონსენსუსის, მოლაპარაკების შანსი მცირდება. დემოკრატია კი მოლაპარაკებებზე აგებული სახელმწიფო წყობაა... პოლარიზაციის პირობებში ხელისუფლების მოქმედება ძალას ეყრდნობა... რაც უფრო ძლიერია პოლარიზაცია, ორი ვარიანტი ჩნდება: ან დაპირისპირება უნდა მოხდეს, ანდა, თუ ერთი მხარე გაჩუმდა, მეორე მხარე ყველაფრის კეთებას თავისი ჭკუის მიხედვით დაიწყებს... პლურალიზმთან საქმე არ გვექნება და ავტოკრატიას მივიღებთ.”

პოლარიზაციის პრობლემის ფონზე ევროკავშირის ანგარიში მოიხსენიებს ოპოზიციის შარშანდელ ქუჩის საპროტესტო აქციებს. ხაზგასმულია, რომ ხელისუფლებას ძალა არ გამოუყენებია და რომ ეს, 2007 წლის ნოემბრის მოვლენებთან შედარებით, ”წინგადადგმული ნაბიჯია”. თუმცა აქვე საუბარია ასევე ოპოზიციის აქტივისტების დაკავებისა და მათზე თავდასხმების ფაქტების შესახებაც. ნათქვამია, რომ ხელისუფლებამ ეს ფაქტები დეტალურად არ გამოიძია და არც დამნაშავეები გამოუვლენია თუ დაუსჯია.

რაც შეეხება მედიას, ევროკავშირის ანგარიშში გამოკვეთილი პრობლემები, ძირითადად, უკავშირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს, გამჭვირვალობის ნაკლებობას სამაუწყებლო მედიის მფლობელობასთან მიმართებით და სატელიტური მაუწყებლობის ხელმიუწვდომლობას. ანგარიშის თანახმად, სატელიტური მაუწყებლობის ლიცენზიის მაღალი საფასური პრობლემას ქმნის ოპოზიციურად განწყობილი ტელეკომპანიებისთვის, რომელთა შემოსავლის წყარო რეკლამაა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG