Accessibility links

logo-print
დღეიდან, 13 მაისიდან, რუსეთს ოფიციალურად მიენიჭა უფლება, საინტერნეტო მისამართები, დომენები, კირილიცაზე დაიწეროს და ამ ქვეყნის მისამართები დასრულდეს შემოკლებით - „РФ“.

ინტერნეტი ყოველთვის ინტერნაციონალური იყო. შარშანდელს აქეთ გლობალური ქსელი კიდევ უფრო საერთაშორისო გახდა, გაჩნდა საინტერნეტო მისამართები და არაერთ ქვეყანაში ინტერნეტის სხვა ანბანის მომხმარებელს - სხვათა შორის, მათაც, რომელთა დამწერლობა ლათინურს არ ეფუძნება - შეუძლია თავისი ეგრეთ წოდებული დომენები, საინტერნეტო მისამართები და მათი ბოლოსართი, უკვე თავისსავე ანბანზე წეროს. ეს აშშ-ში დაფუძნებულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „სახელების და დომენების საინტერნეტო კორპორაციამ“ - ICANN-მა - დაადგინა და გადაწყვიტა ინტერნეტის გამოყენება გაიოლდეს ყველასთვის, ვისაც სურს თავის ენაზე წეროს. შარშან მიღებულ ამ გადაწყვეტილებას ინტერნეტის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ტექნიკურ ცვლილებად მიიჩნევენ. ამის შედეგად, სისტემა ისე გაიმართება, რომ მას შეეძლება სხვადასხვა ანბანზე დაწერილი გარდაქმნას, როგორც დღეს უწოდებენ, კონვერტირება გაუკეთოს საინტერნეტო მისამართად. გასული კვირიდან ეგვიპტეში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ინტერნეტის მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ საინტერნეტო მისამართების გამოძახება თავიანთ ანბანზე. დღეიდან, 13 მაისიდან, იგივე შეუძლიათ მათ, ვინც რუსულად, ანუ კირილიცაზე, წერს. რუსეთს, როგორც ითქვა, მიეცა შესაძლებლობა ამ ქვეყნის საინტერნეტო მისამართებს ბოლოში არა „RU“ , როგორც დღემდე იყო, არამედ „РФ“ - „რუსეთის ფედერაციის“ შემოკლება - დაერთოს. რუსეთის კომუნიკაციებისა და მასმედიის მინისტრმა იგორ შჩიოგოლოვმა, რომელმაც სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად მიიღო ამ კირილიცაზე დაწერილი საინტერნეტო დომენების დაბადების მოწმობა, ხაზი გაუსვა ლათინური ანბანის ბატონობის დასრულებას:

„საოცარი პატარა ასო, „@“, რომელიც იხმარება ყველა საინტერნეტო მისამართში, რუსულ კლავიატურაზე არ არსებობს. ამ ასოს აკრეფისთვის კლავიატურის გადართვა იყო საჭირო კირილიცადან ლათინურზე. ეს შეიძლება მცირე დეტალია, მაგრამ გვიჩვენებს, რამდენად ვიყავით ორიენტირებული ლათინურ ანბანზე.“

ლათინურზე ორიენტირებული დღეიდან აღარ არის, სულ მცირე, ორი მისამართი რუსეთში. ესენია:“ ПРАВИТЕЛЬСТВО.РФ“ და „ПРЕЗИДЕНТ.РФ“. ხვდებით, ეს ორი სამთავრობო საინტერნეტო გვერდია და არა შემთხვევით, რადგან კრემლში პრეზიდენტიცა და პრემიერიც - მედვედევი და პუტინი - ინტერნეტის აქტიურ მომხმარებლადაა ცნობილი. ოფიციალურად, რუსეთში კერძო კომპანიებს, მედიასაშუალებებს, პოლიტიკურ პარტიებს და რიგით მომხმარებლებს დომენების კირილიცაზე რეგისტრაცია პირველი ოქტომბრიდან შეეძლებათ.

რუსულ ანბანზე საინტერნეტო დომენების შემოღების გამო მოსკოვში ჩასულია სახელებისა და დომენების საინტერნეტო კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი როდ ბეკსტრომი, რომელიც აღტაცებულია ამ ფაქტით:

„ძალიან დიდი ნაბიჯია. ინტერნეტი დაახლოებით 40 წელიწადია არსებობს და ახლა პირველად შეძლებენ ადამიანები თავიანთ საკუთარ ანბანსა და ენაზე დაწერონ დომენები. ამდენად, მსოფლიოში კირილიცის ან არაბული ენების, ან ჩინურზე დაფუძნებული ენების მომხმარებლებისთვის ეს ერთობ აღსანიშნავი მოვლენაა. რუსეთი მნიშვნელოვანი ნაწილია ჩვენი ორგანიზაციისა, რომელიც გლობალური უწყებაა და ამიტომ ჩვენ დიდი მღელვარებით ვუყურებთ ამ ამბავს.“

შარშან, როცა ეს თემა აქტუალური გახდა, დომენების განმკარგველი ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ბეკსტრომის კოლეგამ ბრედ უაიტმა ჩვენს კორესპონდენტს უთხრა, საინტერნეტო დომენები, ელექტროსაფოსტო მისამართები და თვით „ტუიტერის“ მისამართები ლათინურად იწერება, რადგან ისინი იქმნებოდა აშშ-ში - ქვეყანაში, სადაც ლათინურ ანბანს იყენებენო.
„ინტერნეტი აშშ-ში წარმოიშვა, თქვა მან, მაგრამ ეს წლების წინ მოხდა. ახლა ინტერნეტი მართლაც გლობალური საკომუნიკაციო უწყებაა, თუმცა მას ახლაც სჭირდება გარკვეული კოორდინაცია საინტერნეტო მისამართების გლობალურ სისტემაში. ეს არის ჩვენი ორგანიზაციის - ICANN-ის - ამოცანა. ჩვენ შესაძლებლობას გაძლევთ, ჩაწეროთ მისამართი თქვენი ვების ბრაუზერში და იქ ნებისმიერ დროს შეხვიდეთ. ჩვენ მართლაც არ გვაქვს კონტროლი სხვა ფუნქციაზე, გარდა სამისამართო სისტემისა“, გვითხრა უაიტმა.

ამ საქმეს, როცა არა მხოლოდ კირილიცა, არამედ სხვა, ერთმანეთის მსგავსი ანბანები გააქტიურდება და უამრავი ასო-ნიშანი იქნება შეტანილი სისტემაში დომენების იდენტიფირებისთვის, არაერთი ექსპერტის აზრით, მოჰყვება ეგრეთ წოდებული „კიბერსკვოტინგი“, ანუ უკვე არსებული დომენებისა და მისამართების სხვათა მიერ - ბოროტი თუ სხვა განზრახვით - დაკავება, რაღაც მითვისების მსგავსი, ყოველ შემთხვევაში, საზიანო რამ. ერთი ასეთი შემთხვევაა, როცა „კიბერსკვოტერები“ პოპულარულ დომენებს რეგისტრაციაში გაატარებენ ხოლმე შემდგომ გაყიდვის სურვილით, ან როცა უკანონო საქმიანობის დაფარვის მიზნით იქმნება დომენი: ახლა, უამრავი ანბანის ხმარების დროს, ძნელი დასადგენი გახდება რომელი მისამართია კანონიერი და რომელია მისი მიმტაცებლის მიერ გაყალბებული. ლონდონში არსებული „საინტერნეტო უშიშროების გამომცდელი“ ფირმის, „ფირსტ ბეიზ ტექნოლოჯის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი, პიტერ ვუდი, განგვიმარტავს, თუ როგორ შეიძლება, მაგალითად, ლათინურზე დაფუძნებული მისამართი რუსული ანბანით მომუშავე „კიბერსკვოტერების“ მიერ გადაკეთდეს ისე, რომ ზუსტად ორიგინალივით გამოიყურებოდეს:

„კირილიცის ასოებს სხვა საკომპიუტერო კოდები აქვთ, მაგრამ გარეგნულად იგივეა. მას, ვისაც რაიმე დანაშაულებრივი განზრახვა აქვს, შეუძლია რეგისტრაციაში გაატაროს მისამართი, რომელიც გარეგნულად არ განსხვავდება უკვე არსებულისგან. მაგალითად, „იგზამპელ კომ“-ში ლათინური ასო „ა“, კირილიცის „ა-თი“ შეიძლება შეიცვალოს და არსებითად სხვა ასო გამოიყენო“.

ვუდისვე თქმით, უკვე არსებული რომელიმე საინტერნეტო გვერდის დომენში, როცა საქმე საფინანსო გადარიცხვებს ეხება, ბოროტგანმზრახველს შეუძლია ორიგინალური მისამართი ისე გადააკეთოს სხვა, მაგილითად, კირილიცის საშუალებით, რომ მომხმარებელი შეაცდინოს. ცხადია, დიდი საინტერნეტო ფირმები ამ პრობლემას იცნობენ და ცდილობენ თავი დაიცვან მათგან. მაგრამ მეთოდები, რომლებსაც ისინი მიმართავენ, ჯერ საკმარისად გამოცდილი არაა. საქმის მცოდნენი აღნიშნავენ, რომ იმ ქვეყანაში, სადაც ინტერნეტის საკანონმდებლო ჩარჩო განვითარებულია, მომხმარებელთა დაცვა ეფექტიანია, სხვაგან კი - პირიქით.
XS
SM
MD
LG