Accessibility links

გრიგოლ ორბელიანი ნიკოლოზ ბარათაშვილს არ ეხმარებოდა – რომ დახმარებოდა, უფრო მეტ, უფრო მაგარ ლექსებს დაწერდაო, მალარიით არ მოკვდებოდაო... ასეთ რამეებს ხშირად გაიგონებთ – სუფრაზეც, ქუჩაშიც და ინტერნეტფორუმებზეც კი. დღეს ყველა დახმარებაზე ლაპარაკობს: ვიღაც იმიტომ გალოთდა, რომ არ ეხმარებოდნენო, ზუსტად იმავე მიზეზით ვიღაცამ რაღაც ორდენები დააბრუნაო, სხვებმა, საერთოდაც, მუშაობა დაიწყეს, დახმარებას რომ ვერ ეღირსნენო... დახმარების თემა განსაკუთრებით აქტუალური ხდება ხოლმე არჩევნების წინა პერიოდში. ყველა “ნორმალურ” ქვეყანაში მოიძებნება ადამიანი, ვისაც უნდა დაეხმარო, წამოაყენო, ფული ჩაუკუჭო – “ჩემს სახელზე ბავშვებს რამე უყიდე...”, “რამდენი გეყოფა?...”.

ამასთან დაკავშირებით ჰენრი დევიდ თორო მახსენდება, ამერიკელი მწერალი. მას არავის დახმარება არ სჭირდებოდა, მის ქოხში მელიები მონადირეებს ემალებოდნენ, თევზები ხელებში უცურდებოდნენ. რალფ ემერსონი ასე ახასიათებდა თავის მეგობარს: “არ იცოდა არც ერთი ხელობა, არ ჰყავდა ცოლ-შვილი, მარტოობა ყველაფერს ერჩივნა, არ დადიოდა ეკლესიაში, პრინციპულად არ მონაწილეობდა არჩევნებში და არ იხდიდა სახელმწიფო გადასახადს, არ ჭამდა ხორცს, ღვინოს პირს არ აკარებდა, თამბაქო არც კი გაუსინჯავს, და, მიუხედავად იმისა, რომ ნატურალისტი იყო, ბუნებაში ყოფნისას არც ხაფანგი დაჰქონდა თან და არც თოფი. უთუოდ ბრძნულად აირჩია, რომ მხოლოდ აზროვნებისა და ბუნების ამარა დარჩენილიყო. ქონების დაგროვების არავითარი უნარი არ ჰქონდა, მაგრამ ის კი იცოდა, როგორ ყოფილიყო ღარიბი ისე, რომ არც ჭუჭყში ეცხოვრა და არც გარეგნობაზე დასტყობოდა...” ჰოდა, ამ კაცს დახმარება არ ღირსებია და არც თავად ეხმარებოდა სახელმწიფოს, რის გამოც ციხეშიც კი ამოჰყო თავი. მის ნაწერებში ასეთ სიტყვებსაც იპოვით: “თუ სახელმწიფო გზაზე გადამიდგა და მეუბნება: ფული ან სიცოცხლეო, ვითომ ხელი მაშინვე ჯიბეზე უნდა გავიკრა? თუ გონება ამღვრევია და აღარ იცის, რა მოიმოქმედოს, მე მანდ ვერაფრით დავეხმარები. საკუთარ თავს თავად უნდა შველოდეს, ისე, როგორც მე ვიქცევი. საზოგადოებრივი მექანიზმის უხინჯო მუშაობაზე პასუხს მე არ ვაგებ; ინჟინრის შვილიც კი არ გახლავართ.”

ამ სიტყვებს რომ წერდა თორო, ბარათაშვილი უკვე 4 წლის გარდაცვლილი იყო. დაწერილი ჰქონდა “შემოღამება მთაწმინდაზედ”, “ფიქრნი მტკვრის პირას”, “მერანი”, “ბედი ქართლისა”. ასაკისა და დროის მიუხედავად, კარგი განათლებაც ჰქონდა მიღებული, მხოლოდ ერთხელ დაეხმარნენ, როცა სახელმწიფო ხარჯზე სწავლობდა გიმნაზიაში. იქ სოლომონ დოდაშვილიც მოძღვრავდა: “წადი და მამაშენს მოახსენე, თუ დღესვე წიგნი არა გქონია, კლასში არ შემოგიშვებ”. მანამდე დედამისმა, ეფემიამ ასწავლა წერა-კითხვა, შემდეგ კალოუბნის ეკლესიაში მესხიშვილებმა აზიარეს საღმრთო წერილს, აზნაურთა სკოლაშიც იყო. დახმარება არ მიუღია ბარათაშვილს, ნახჭევანში ან განჯაში რა დახმარებას მიიღებდა, პირიქით, ეხმარებოდა დამბლადაცემულ მამას, მაიკო ორბელიანისადმი წერილში ისიც კი წამოცდა: “სულ ყმაწვილობა არ იქნება...”

ბიძამისს, გრიგოლ ორბელიანს მისწერა ერთხელ, “შინაგანი ხმა მიწვევს საუკეთესოს ხვედრისაკენ, გული მეუბნება, რომ შენ არა ხარ ახლანდელის მდგომარეობისათვის დაბადებულიო! ნუ გძინავსო! მე არა მძინავს, მაგრამ კაცი მინდა, რომ ამ პატარა ღრე-კლდეს გამიყვანოს, და დავდგე გაშლილ ადგილს”. თუკი უთარგმნელად წავიკითხავთ ამ სიტყვებს, გაშლილი ადგილი პეტერბურგი აღმოჩნდება, ღრე-კლდე მაშინდელი ტფილისი, “ამბებით გატენილი”, ჭორებით სავსე, ტფილისი “მოკმაზული გოსტინებითა და ბუდუარებით”. არადა, მგონი სწორედ თარგმანი სჭირდება ამ სიტყვებს, კარგი კომენტარი. მანამდე კი ერთს ვიტყვი: დაჩივლების მიუხედავად, ნიკოლოზ ბარათაშვილი მაინც ვერ გამოდგებოდა მაღალი რანგის ჩინოვნიკად და არც ბიძამისის დახმარება გამოადგებოდა მაინცდამაინც. მერე რა, რომ იმ “კაცში” სწორედ ბიძამისს გულისხმობდა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG