Accessibility links

logo-print
ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი 2009 წლის აგვისტოდან ახორციელებს პროექტს -”საქართველოს 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით”. პროექტის ფარგლებში წარმოებული კვლევის შედეგები ცენტრმა საზოგადოებას ფონდ ”ღია საზოგადოება - საქართველოს” ოფისში წარუდგინა. სწორედ ამ ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრმა მონიტორინგი ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა 2009 წლის საბიუჯეტო შემოსავლების მობილიზებისა და ბიუჯეტის შესრულების ანალიზი, საგარეო ვალი, ბიუჯეტის ხარჯების მიზნობრიობა და სხვ. 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტისა და საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობის შესახებ მონაცემების დამუშავების შედეგად, შემუშავდა რეკომენდაციებიც.

ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის ანგარიშმა მოიცვა როგორც 2009 წლის ბიუჯეტის მიმართულებები, ისე საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობის შესახებ არსებული მასალები. მონიტორინგის შედეგად მიღებული დასკვნა ბევრია, მათ შორის ძირითადის აქცენტირება კი ცენტრის ექსპერტს შოთა მურღულიას ვთხოვეთ.

შოთა მურღულია
”თავიდანვე ვპროგნოზირებდით, რომ ეს იყო არარეალისტური ბიუჯეტი, ზედმეტად ოპტიმისტურად დაგეგმილი, რაც ნამდვილად გამოჩნდა. მეორე ძირითადი მიგნება საგარეო ვალს უკავშირდება - ვნახეთ, რომ იგი მნიშვნელოვნად იზრდება. ბიუჯეტის არასწორად დაგეგმვა არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ წლის განმავლობაში აუცილებელი ხდება საგარეო ვალდებულებების ზრდა, ანუ ბიუჯეტის დეფიციტი არასწორად არის ხოლმე პროგნოზირებული.”

გამოვყოფთ კიდევ რამდენიმე დასკვნას, რომლებიც ასევე იმსახურებს ყურადღებას. ეკონომიკური პრობლემების კვლევის ცენტრის ანგარიშში მითითებულია, რომ 2008 წლის ბრიუსელის დონორთა კონფერენციის მიერ საქართველოსთვის ომის შედეგების კომპენსაციისათვის გამოყოფილი სახსრები რომ არა, ეკონომიკა 4-ის ნაცვლად, მინიმუმ 10 პროცენტით შემცირდებოდა; 2009 წელს შესრულდა 2-ჯერ შემცირებული და არა თავდაპირველად დაგეგმილი ბიუჯეტი; ”ქამრების მოჭერის” პოლიტიკის მთავარმა ინიციატორებმა - საქართველოს პარლამენტმა, პრეზიდენტმა და მთავრობამ - შრომის ანაზღაურების მოცულობა არ შეამცირეს და სხვ.

ეკონომიკის პრობლემების ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა, სახელწოდებით ” 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა მონიტორინგის გზით”, ცენტრის მიერ სხვადასხვა დროს განხორციელებულ პროექტებს შორის 3 უმთავრესი ფაქტორის გათვალისწინებითაა გამორჩეული.

”სამი მთავარი გამოწვევის წინაშე ვიდექით ჩვენ კვლევის დროს.ერთი ეს იყო ომის შემდგომი და კრიზისის პერიოდის საბიუჯეტო სისტემა და მისი შეფასება; მეორე იყო ის, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ახალი საბიუჯეტო კანონმდებლობა დააწესა, ახალი საბიუჯეტო კოდექსი მიიღო, და მესამე გამოწვევა იყო ის, რომ ძალიან დიდი ხანია სხვადასხა ორგანიზაციების მიერ საბიუჯეტო საკითხებზე ფუნდამენტური კვლევა და მონიტორინგი არ განხორციელებულა”, - განმარტავს საქართველოს ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი დავით ნარმანია და აღნიშნავს, რომ პროექტი, თავის მხრივ, მიზნად ისახავდა საქართველოს 2009 წლის ბიუჯეტის მონიტორინგის გზით საბიუჯეტო პროცესებში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობას, ბიუჯეტის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და 2010 წლის ბიუჯეტის დაგეგმვაში ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის აქტიურ თანამონაწილეობას. ცენტრი აქტიურად იყო ჩართული საბიუჯეტო კოდექსის მომზადების პროცესშიც, თუმცა ორგანიზაციის მიერ მომზადებული 28 შენიშვნიდან მთავრობამ და პარლამენტმა მხოლოდ 1 გაიზიარეს.

”ბუნებრივია, ვერც ერთ ხედვას ვერასდროს ვერ ექნება მუდმივი პრეტენზია ჭეშმარიტებაზე, მაგრამ ასეთი აზრთა გაცვლა-გამოცვლის შედეგად იბადება ხოლმე მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შეფასებები. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, რომ ნებისმიერი პროცესი შუქდებოდეს არა მხოლოდ სახელისუფლო ან არა მხოლოდ ოპოზიციური შეხედულებების მიხედვით, არამედ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, საუნივერსიტეტო წრეების, ანალიტიკური ცენტრების თვალთახედვითაც.”

დეპუტატ დავით დარჩიაშვილის მიერ დასახელებული საზოგადოება ფართო სპექტრით ესწრებოდა 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგებს. მონიტორინგის მთავარი მიმართულება სახელმწიფო ბიუჯეტის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ზრდაა. დასასრულ, ამასთან დაკავშირებით ვიტყვით, რომ ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრის მიერ ხელისუფლების მისამართით შემუშავებული ერთ-ერთი რეკომენდაციაა, ცენტრმა ფინანსთა სამინისტროს 90 დღის ვადაში მოუმზადოს სპეციალური კომპიუტერული პროგრამა, რომელიც გაამარტივებს როგორც ბიუჯეტის წარმოების პროცედურებს, ასევე საგრძნობლად გააიოლებს მომხმარებელთათვის ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის მოპოვების პროცესს.
XS
SM
MD
LG