Accessibility links

logo-print
14 მაისს თბილისში კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებისადმი მიძღვნილი ორდღიანი რეგიონალური კონფერენცია დასრულდა, რომელშიც 12 ქვეყნის ექსპერტები მონაწილეობდნენ. მისი ძირითადი მიზნები კიბერდანაშაულთან დაკავშირებული საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და ამ ტიპის დანაშაულის სრულყოფილი გამოძიება, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა, ინტერნეტპროვაიდერებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობა გახლდათ.

კიბერკრიმინალი - დანაშაული ინფორმატიკის სფეროში - ასეთია ზოგადი განმარტება. კიბერუსაფრთხოების საკითხი საქართველოსათვის აქტუალური გახდა 2009 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რომლის დროსაც კიბერშეტევის მსხვერპლი არაერთი სამთავრობო და არასამთავრობო საიტი გახდა. საქართველო მაშინ ამ შეტევას მოუმზადებელი შეხვდა. სწორედ ამ სიტუაციის გამოსწორება არის ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ერთობლივი პროექტის მიზანი - პროექტისა, რომელსაც საქართველოს მხრიდან შსს და იუსტიციის სამინისტრო კურირებენ. გამოცდილების გაზიარების გარდა, 13-14 მაისს გამართულ კონფერენციაზე ინტერნეტპროვაიდერებსა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა. როგორც შსს-ს საერთაშორისო ურთიერთობების მთავარი სამმართველოს უფროსი შალვა კვინიხიძე გვეუბნება, საქართველოში კიბერდანაშაულის რამდენიმე შემთხვევა მოხდა, მათ შორის, თაღლითობა, წაშლა, მოსპობა გარკვეული ინფორმაციისა, რომელიც კონკრეტულ ადამიანს ეკუთვნის.

როგორც კიბერდანაშაულის წინააღმდეგ საბრძოლველად, ისე კიბერუსაფრთხოების მიღწევის მიზნით, პროექტის ფარგლებში რამდენიმე მიმართულებით მუშაობენ: ერთია საკანონმდებლო მხარე, მეორე - გამოცდილება, როგორ ვებრძოლოთ და გამოვიძიოთ ეს დანაშაული, და მატერიალურ-ტექნიკური მხარე, რაშიც სწორედ ამერიკის შეერთებული შტარების მთავრობა და ევროკავშირი გვეხმარება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ანალიზი, აგრეთვე სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებაა. ამავე უწყების ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე რუსუდან მიხელიძე განმარტავს, რომ კიბერდანაშაულის საკითხებზე მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შევიდეს და მეორე - პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონპროექტი. ეს ორივე ევროსაბჭოს ექსპერტების მიერ მრავალჯერ გადამოწმდა.

”ამ ეტაპზე ვცდილობთ ისე გავმართოთ სისტემა, რომ კიბერდანაშაულის პრევენცია ადვილად მოვახდინოთ. საქართველოში ამჟამად ასევე მუშავდება ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკა, სტრატეგია, რომელსაც მონაცემთა გაცვლის სააგენტო ახორციელებს”, - აცხადებს რუსუდან მიხელიძე. ჩვენ მას ვკითხეთ, რა გზით უნდა ავირიდოთ თავიდან კიბერშეტევები და რამდენად შეიძლება იყოს ხელისშემშლელი ამ შემთხვევაში თუნდაც ყველაზე დახვეწილი კანონი.

კიბერუსაფრთხოების საკითხზე გამართულ კონფერენციაში ქართველ, სომეხ, აზერბაიჯანელ, უკრაინელ, მოლდოველ, პოლონელ, ჰოლანდიელ, ნორვეგიელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდა ასევე ესტონეთის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი მარკო კინაპუ, რომელმაც რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კიბერდანაშაულთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მექანიზმი კარგი კანონი და ძლიერი პოლიციაა:

”ვფიქრობ, უმთავრესი, რაც გჭირდებათ, სოლიდური საკანონმდებლო ბაზაა. მსგავსი ქმედება კრიმინალიზებული უნდა იყოს. აუცილებელია, რომ პოლიცია აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესში და გამოიძიოს კიბერდანაშაული. ესტონეთშიც გვყავს ჩვენ ასეთი კიბერკრიმინალები, რომლებიც მხოლოდ ადგილობრივ დონეზე კი არ სჩადიან ამ დანაშაულს, არამემ ევროპულ ბანკებზეც არაერთი შეტევა განახორციელეს. ჩვენც უნდა ვებრძოლოთ ამ დანაშაულს, რისთვისაც ძლიერი პოლიცია და ეფექტური საერთაშორისო თანამშრომლობა გვჭირდება.”

საინფორმაციოს ტექნოლოგიების სპეციალისტი გიორგი მაჩიტიძე ფიქრობს, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც კიბერშეტევა ომის დროს ქართულმა მხარემ ვერ მოიგერია, საჭირო კვალიფიკაციის არარსებობა იყო.

მისი აზრით, განსაკუთრებით დაუცველი იყო სამთავრობო საიტები. ის ამბობს, რომ სამინისტროების საიტების განთავსება კერძო ვებდიზაინერების სერვერებზე დაუშვებელია და ეს ყველა პროფესიონალმა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტმა იცის.
XS
SM
MD
LG