Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის მოლაპარაკებების მე-11 რაუნდის წინ


ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები 13 მაისს ცხინვალში იმყოფებოდნენ
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები 13 მაისს ცხინვალში იმყოფებოდნენ
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებს გაუჩნდათ იმედი, რომ, 6-თვიანი პაუზის შემდეგ, ოსეთის სეპარატისტული რეგიონი ისევ ჩაერთვება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობაში. ამ ნაბიჯის გადადგმისათვის დე ფაქტო ლიდერების დაყოლიება იყო 13 მაისს ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს საგანგებო წარმომადგენლების ცხინვალში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი. 14 მაისს კი პიერ მორელი, ბულატ ნურგალიევი და ანტი ტურუნენი შეხვედრებს უკვე თბილისში მართავდნენ. რა მოთხოვნებს აყენებენ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების ლიდერები ჟენევის მოლაპარაკებათა ფარგლებში და როგორ პასუხობს მათ თბილისი?

სავსებით ნათელია, რომ 7-8 ივნისს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მე-11 რაუნდის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი და ყველაზე სადავო თემა კვლავაც ძალის გამოუყენებლობის თემა იქნება. კრემლისა და საქართველოს სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენლები ბოლო 3 რაუნდია აქტიურად ეწინააღმდეგებიან ჟენევის პროცესის თანათავმჯდომარეების მიერ შემუშავებულ პროექტს, რომელიც წარმოადგენს ხედვას რეგიონში ძალის გამოუყენებლობისა და უსაფრთხოების ახალი მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით. აქვე ვთქვათ, რომ ხსენებული მექანიზმი დეოკუპაციის მოსამზადებელ ეტაპად ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო წარმომადგენლობის გაძლიერებას გულისხმობს. ეს კი კატეგორიულად მიუღებელია კრემლისთვის, რომელსაც წარმოუდგენლად მიაჩნია საერთაშორისო ძალების შეშვება მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სამაგიეროდ, კრემლი და სეპარატისტული რეჟიმები ისევ ძველებურად ითხოვენ ძალის გამოუყენებლობის შეთანხმების გაფორმებას უშუალოდ საქართველოსა და მის სეპარატისტულ რეგიონებს შორის, რომლებსაც კრემლი დამოუკიდებელ ქვეყნებად განიხილავს. მოსალოდნელია, რომ მოსკოვი საკითხს კვლავაც სწორედ ამ ფორმით წამოაყენებს ჟენევის მოლაპარაკებათა მე-11 რაუნდზე. თბილისი კი მას, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა ბოკერიამ უთხრა რადიო თავისუფლებას, კვლავაც უცვლელი პოზიციით დაუპირისპირდება. თბილისი თვლის, რომ ძალის გამოუყენებლობის პუნქტს უკვე გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რომელიც 2009 წლის ომის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტის შუამავლობით გაფორმდა:

გიგა ბოკერია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე
”საუბარი იმაზე, რომ საჭიროა ახალი შეთანხმება მხოლოდ იმის გამო, რომ ვიღაცას ეს სურს და, მათ შორის, იმ მხარეს, რომელიც არ ასრულებს დღეისთვის უკვე არსებულ ძალიან მაღალი დონის შეთანხმებას (და, რაც მთავარია, ეს ახალი შეთანხმება უნდა დაიდოს თურმე მარიონეტულ რეჟიმებთან და მოხდეს მათი ლეგიტიმაცია... და ამ ახალ შეთანხმებაში რუსეთი არ აპირებს ჩადოს ძალების გაყვანის ვალდებულება), არის აბსოლუტურად გამორიცხული, რომ იქნეს მხარდაჭერილი საქართველოს მხრიდან...”

ეს კომენტარი გიგა ბოკერიამ 14 მაისს გააკეთა, მას შემდეგ, რაც ჟენევის მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს საგანგებო წარმომადგენლები - პიერ მორელი, ბულატ ნურგალიევი და ანტი ტურუნენი - თბილისში ცხინვალიდან ჩამოვიდნენ, სადაც ასევე ათანხმებდნენ საკითხებს ჟენევის მომავალი რაუნდისთვის. პიერ მორელი აცნობიერებს, რომ ძალის გამოუყენებლობასთან დაკავშირებით ”მხარეებს შორის სიღრმისეული განსხვავებები არსებობს”, მაგრამ მოლაპარაკებები აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მხარეებისთვის მისაღები კომპრომისული ვარიანტის გამოსაძებნად. დე ფაქტო ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ პიერ მორელმა გამოთქვა იმედი, რომ სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლები კვლავაც დაუბრუნდებიან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმს:

”ევროსაბჭოს კომისრის, ჰამარბერგის მიერ მომზადებული მემორანდუმი უკვე ის კომპონენტია, რომელიც შემდგომი განხილვისა და მოძრაობის საშუალებას იძლევა. თითქმის დასრულებულია მუშაობა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოსაძიებლად. ეს იმას ნიშნავს, რომ ვაგროვებთ პირობებს, რათა ნაყოფიერად განახლდეს მექანიზმი, რომელიც ჩვენი მოქმედებებისთვის აუცილებელი კომპონენტია.”

პიერ მორელის მიერ ნახსენები სამშვიდობო მექანიზმის მუშაობას სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონის წარმომადგენლები გასული წლის ნოემბერში გამოეთიშნენ. 2009 წლის 11 ნოემბერს, როდესაც ჟენევაში მოლაპარაკებათა მე-8 რაუნდი მიმდინარეობდა, დე ფაქტო ლიდერებმა გაავრცელეს განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ სამხრეთ ოსეთის მხარე ინციდენტების პრევენციის მექანიზმების ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას წყვეტდა მანამდე, ვიდრე საქართველოს მხარე მას არ მიაწვდიდა ზუსტ ინფორმაციას აგვისტოს ომის დროს თუ ომის შემდეგ გატაცებული ოსი მოქალაქეების ადგილსამყოფლის შესახებ. ამის შემდეგ ცხინვალის დე ფაქტო ლიდერები ბოიკოტის რეჟიმს 6 თვის მანძილზე ინარჩუნებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს, თომას ჰამარბერგის ძალისხმევის შედეგად, ისინი უკვე მზად არიან უარი თქვან ბოიკოტზე და დაკავებულების ბედი, ინციდენტების პრევენციის მექანიზმის ფარგლებში, ქართულ მხარესთან უშუალო შეხვედრების დროს გაარკვიონ.

ამ საკითხის გარკვევას თბილისი ჟენევის მოლაპარაკებების მომავალ რაუნდზეც გეგმავს, რადგანაც თვლის, რომ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება ცინიკურად იქცევა, არ ასრულებს დანაპირებს და არ ათავისუფლებს აგვისტოს ომის შემდეგ დაკავებულ პირებს, მაშინ როცა ქართულმა მხარემ ეს პირობა შეასრულა და ამას ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიაც ადასტურებს. ბოლო 2 კვირის მანძილზე 6 ქართველის გათავისუფლების მიუხედავად, გავრცელებული ინფორმაციით, ცხინვალის ციხეში კვლავაც რჩება 8 ქართველი პატიმარი.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG