Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტივი "სასწაული"


„I Just Called To Say I Love You” - ეს სათაური ჰქონდა სიმღერას, რომელსაც მთელს მსოფლიოში, რომ იტყვიან, გაუთავებლად უსმენდნენ 1984 წელს. ის კვირების მანძილზე ინარჩუნებდა ადგილს ჰიტების სიებში, 12 ქვეყანაში ნომერი პირველი ჰიტის ადგილი ჰქონდა დაპყრობილი და, რახან ფილმისთვის დაიწერა, მომდევნო წელს კინომუსიკისთვის განკუთვნილი „ოსკარითაც“ დაჯილდოვდა.

შესაძლოა, ასეთი აღიარება სტივი უანდერის არც ერთ სხვა კომპოზიციას არ ჰქონდეს მოპოვებული, მაგრამ,ზოგადად, მუსიკოსი მუდამ განებივრებული იყო წარმატებებით, ისევე როგორც აღტაცებით, რომელსაც დიდი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანი იწვევს ხოლმე. 13 მაისს სტივი უანდერს 60 წელი შეუსრულდა - ეს ნიშნავს, რომ თითქმის 50 წელია, სცენაზე დგას.

სტივი უანდერი სულ 11 წლის იყო, როცა კონტრაქტი გაუფორმა ხმის ჩამწერმა ცნობილმა სტუდიამ - „ტამლა რეკორდსმა“. უჩვეულოდ ნიჭიერი ბიჭუნას „აღმოჩენის“ დამსახურება მომღერალ და კომპოზიტორ რონი უაითს მიუძღვის. ის მთელი ცხოვრება მადლიერებით იხსენებდა თავისი უმცროსი ძმის დაჟინებულ თხოვნას, მოდი, ჩემს მეგობარს მოუსმინე, რას მღერისო.

11 წლის სტივი, უფრო სწორედ და ვრცლად რომ ითქვას, სტივლენდ მორისი, უკვე რამდენიმე ინსტრუმენტზეც უკრავდა. შინ ის ძირითადად მუსიკით ერთობოდა, არადა თითქმის მთელი დღე შინ იყო: დედას არ უყვარდა დაბადებიდანვე უსინათლო ბავშვის დიდი ხნით გარეთ გაშვება. მეზობლებში კი ყველა იცნობდა ვუნდერკინდს. მარტო დროის ამბავი იყო, როდის მიაღწევდა მის შესახებ ხმა რომელიმე სტუდიამდე. მიაღწია კიდეც: „ტამლა რეკორდსში“ სტივი მორისს „სტივი უანდერი“ შეარქვეს, ანუ სტივი სასწაული...

„რითაც ის გამოირჩევა, ეს არის მისი საოცარი მელოდიურობა და კომპოზიტორის გამორჩეული ნიჭი. პოპმუსიკის ისტორიაში სტივი უანდერი ძალიან გამორჩეული ფიგურაა თავისი მუსიკალურობით“, ამბობს მუსიკის კრიტიკოსი ბიძინა მაყაშვილი და სტივი უანდერს, პოლ მაკარტნის ადარებს, პოპულარული მუსიკის ვარსკვლავებიდან, მელოდიების შექმნის უნარით.

ასეა თუ ისე, სტივი ვანდერის პირველივე ალბომი, როცა მომღერალი სულ 12 წლის იყო, ჰიტი გახდა. მომდევნო წელს ის მიჩიგანის უსინათლოთა სასწავლებელში შევიდა ფორტეპიანოს განხრით, მოგვიანებით კი მუსიკის თეორია შეისწავლა, კომპოზიციის კანონებს დაეუფლა.

სტივი ვანდერს 22-ჯერ აქვს მოპოვებული მუსიკის სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო - გრემი, მისი სინგლები „Superstition“, „You Are The Sunshine Of My Life”, “I Wish”, “Sir Duke” მილიონობით ეგზემპლარად არის გაყიდული. მუსიკოსი ხშირად მღერის კოლეგებთან დუეტებს, უფრო მრავალრიცხოვან ანსამბლებშიც ბევრჯერ მიუღია მონაწილეობა. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩანაწერია „We Are The World“ - აფრიკის დასახმარებლად განკუთვნილი, 1985 წელს გამოსული საქველმოქმედო სინგლი, რომლის ავტორებიც მაიკლ ჯეკსონი და ლაიონელ რიჩი იყვნენ, შემსრულებლები კი ათობით ამერიკელი სუპერვარსკვლავი, მათ შორის რეი ჩარლზთან, ბობ დილანთან, ბრუს სპრინგსტინთან ერთად, სტივი უანდერი.

სტივი უანდერს ბევრ სხვა შემთხვევაშიც გამოუხატავს თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია, ხმა აუმაღლებია რასიზმის წინაღმდეგ. ოსკარი, რომელიც 1985 წელს ერგო როგორც ზემოთ გითხარით, სიმღერისთვის „I Just Called To Say I Love You” მან ნელსონ მანდელას მიუძღვნა, 2008 წელს კი საჯაროდ გამოხატა განსაკუთრებული პატივისცემა კიდევ ერთი პოლიტიკური მოღვაწის მიმართ: 2008 წლის აგვისტოში, როცა შეერთებული შტატების დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე პრეზიდენტობის კანდიდატად ბარაკ ობამა დაასახელეს, მის აღტაცებულ მომხრეებს შორის სტივი უანდერიც იდგა. ამასთან, მალე გაირკვა, რომ ბარაკ ობამა, თავის მხრივ, სტივი უანდერის თაყვანისმცემელია, თან გაცილებით უფრო სტაჟიანი...

2009 წლის 26 დეკემბერს შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კონგრესის ბიბლიოთეკის მიერ პოპულარული სიმღერისთვის დაწესებული, გერშვინის სახელობის პრემია გადასცა მუსიკოსს და მას „შთაგონების წყარო“ უწოდა.

სტივი უანდერს საქართველოშიც ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. მათთვის სასიხარულო ინფორმაციით, ამერიკელ მომღერალსა და კომპოზიტორს ზაფხულში მოელიან თბილისში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG