Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკკრისტალი: ყანდაარის ოპერაცია უსაფრთხოებას გააძლიერებს


ავღანეთში აშშ-ის არმიის სამხედრო მეთაურმა განაცხადა, რომ სამხრეთ ავღანეთის ქალაქ ყანდაარის თალიბებისგან გასაწმენდად ზაფხულისთვის დაგეგმილი ოპერაცია ქალაქის მოსახლეობისთვის რისკის შემცველი არ იქნება. ვაშინგტონში, პენტაგონში, გამართულ პრესკონფერენციაზე გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა ოპერაცია დაახასიათა როგორც თანდათანობით მზარდი ტალღა უსაფრთხოებისა, რომელიც ავღანეთის მთავრობას შესაძლებლობას მისცემს ქალაქზე სრული კონტროლი დაამყაროს.

ეს არ იქნება ტრადიციული სამხედრო ოპერაცია, რომელიც ქალაქის მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის, თქვა გენერალმა 13 მაისს და ჟურნალისტებს განუმარტა, ყანდაარის თალიბებისგან გაწმენდა ავღანეთში ომის მოსაგებად მნიშვნელოვანი ფაქტორიაო:

„ჩვენი ოპერაციების პრიორიტეტი სამხრეთ ავღანეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა. ამ რეგიონშია ყანდაარი, თალიბების სულიერი ცენტრი, და ჰელმანდი, ეკონომიკურად საკვანძო არეალი თალიბებისა და, საერთოდ, ავღანეთისთვის.“

მაკკრისტალმა თქვა, რომ ნახევარმილიონიან ქალაქ ყანდაარის გაწმენდისას ქუჩებში ბრძოლა იმ სახით, როგორც ეს ნატომ და ავღანეთის ჯარმა აწარმოვა ქალაქ მარჯანის განთავისუფლებისას, არ იქნება. მან მედიას აუხსნა, რომ მარჯანის ტიპის იერიში ყანდაარში საჭირო არ არის, რადგან მას თალიბანი სრულად არ აკონტროლებს. ქალაქში ცხოვრება ჩქეფს, ჩვეულებრივად შეიძლება სიარული, მაგრამ იქაურობა არაა საკმარისად უსაფრთხო, როგორც ავღანეთის მთავრობასა და კოალიციის ჯარს ეს სურსო, თქვა გენერალმა პენტაგონში.მას არ გაუმხელია ოპერაციის დაწყების ზუსტი ვადა და რაობა, მაგრამ ითხოვა, ჰელმანდის პროვინციის ნაწილების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეფასებული იქნეს როგორც წარმატება. ავღანეთში ჯარის მეთაურად დანიშვნის შემდეგ, ეს ჩემი მთავარი მიზანი იყოო, თქვა მაკკრისტალმა და უსაფრთხო ზონების შექმნასა და მათ ნელ-ნელა გაფართოებაზე ილაპარაკა:

„მიზანია,შეიქმნას ჰელმანდის პროვინციაში უსაფრთხოების სფეროები, უსაფრთხოების ზონები, რომლებიც შემდგომ გაფართოვდება და ერთმანეთს შეეზრდება.“

გენერალი მაკკრისტალი თვლის, რომ მეამბოხეებთან ბრძოლა თანმიმდევრული, დიდი ხნის განმავლობაში წარმოებული პროცესი უნდა იყოს. ის არ უნდა გულისხმობდეს მხოლოდ მეამბოხეებისგან რეგიონების წმენდას, მისი მიზანი ამ არეალების უკეთესი მართვა უნდა იყოს. გენერალმა დაბეჯითებით უთხრა მედიის წარმომადგენლებს პენტაგონში, რომ ყანდაარის გაწმენდა იქნება პროცესი და არა ერთჯერადი სამხედრო ოპერაცია. ასევე განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა ხუთშაბათსვე, როცა ვაშინგტონში, „მშვიდობის ინსტიუტში“, სტრატეგიაზე ლაპარაკობდა. კლინტონის თქმით, ამ ოპერაციის მიზანი არ იქნება ქალაქის განადგურება, პირიქით, მიზანი იქნება ქალაქის გადარჩენა. ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ, რომელიც კლინტონთან ერთად იყო, გამოთქვა იმედი, რომ აშშ-ის მთავრობამ ქალაქ ყანდაარისთვის სწორი გზა გამონახა. კარზაიმ არაერთხელ გააკრიტიკა ავღანეთში მყოფი კოალიციური ჯარი სამოქალაქო მოსახლეობაში მსხვერპლის გამო. ეს არის ერთ-ერთი საგანი მის მთავრობასა და დასავლეთს შორის უთანხმოებისა. ნატოს ჯარი არაერთხელ დაჰპირდა ავღანელებს, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბრძოლის დროს თავიდან იქნეს აცილებული მოსახლეობაში მსხვერპლი.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG