Accessibility links

logo-print

ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების წინასაარჩევნო ვიზიტების კვირა


რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით უფრო აქტიური ხდება წინასაარჩევნო კამპანია - პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო შეხვედრები მოსახლეობასთან, დიპლომატიური კორპუსების წარმომადგენლებთან. ამ კვირაშიც თბილისს რამდენიმე მაღალი რანგის დელეგაცია სტუმრობდა, რომელთა ვიზიტის ძირითადი მიზანი საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილი ვითარების შესწავლა იყო.

კვირა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიებისადმი მიმართვით დაიწყო. 10 მაისს მათ ცესკოს თავმჯდომარემ სპეციალური ბრიფინგის მეშვეობით მოუწოდა, არ განახორციელონ ისეთი პროექტები, რომლებიც ადგილობრივ ბიუჯეტში არჩევნების გამოცხადებამდე არ იყო.

”მისი გამოყენება ეწინააღმდეგება საარჩევნო კოდექსის მოთხოვნას, რომლის თანახმადაც, მხოლოდ იმ დანახარჯების განხორციელებაა შესაძლებელი, რომელიც არჩევნების დღემდე იყო დაგეგმილი. ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს შესაბამის სტრუქტურებს, არ განახორციელონ ისეთი პროგრამები, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო ან ადგილობრივ ბიუჯეტებში და ასევე არ მოახდინონ ამგვარი დანახარჯების ინიცირება წინასაარჩევნო პერიოდში”, - აცხადებს ხარატიშვილი.

მეორე დღესვე გამოქვეყნდა ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ მომზადებული ადმინისტრაციული რესურსების წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოყენების მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში, რომლის მიხედვითაც, მაისის თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში ჯერჯერობით ნაკლები დარღვევაა, 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, თუმცა საერთო სურათი არც ისე დამაიმედებელია. როგორც ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი, ნინა ხატისკაცი, აღნიშნავს, ანგარიშში აქცენტი ოთხი ძირითადი მიმართულებით გაკეთდა - ხისტი, ფინანსური, ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყენებაზე:

”გახმაურებული ფაქტი მოხდა ლანჩხუთში 7 აპრილს, როდესაც ადგილობრივი ”კუდ“-ის თანამშრომლის მიერ ზეწოლა მოხდა ”ალიანსის” წარმომადგენელზე და ის ადამიანი, კონკრეტულად კი, ბუხუტი ჩხეიძე, ვინც მონაწილეობდა ამ ამბავში, თანამდებობაზე აღარ არის. ხშირია ზეწოლა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებზე. დედოფლისწყაროში მასწავლებელზე იყო ზეწოლა. ასევე ხშირია პატიმრების ოჯახების მიმართ მუქარის ფაქტები. აგიტაციაში ჩართულები არიან ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები და ა.შ.”.

ამ კვირაში, საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად, კომისიის წევრების მიერ კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ მომზადებული სამი პროექტიდან საბაზისო პროექტი გამოვლინდა. პროექტს, რომელსაც პირობითად დემეტრაშვილ-შარმანაშვილის პროექტსაც უწოდებენ, 41 ხმიდან 31 ხმა ერგო და იმ საბაზისო პროექტად გადაიქცა, რომლის სრულყოფაც უახლოეს მომავალში დაიწყება.აღნიშნული, ანუ შერეული მმართველობის, მოდელი გულისხმობს ისეთ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობას, რომელშიც საპარლამენტო ელემენტები ჭარბობს. მთავრობა განსაზღვრულია როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის საფუძველზე იქმნება.საკონსტიტუციო კომისიის მდივანი თენგიზ შარმანაშვილი ამბობს:

”ეს არის სწორი მიმართულება საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა. გვერდზე გადავდოთ პარტიული კუთვნილების საკითხები და შევარჩიოთ საუკეთესო პროექტი.”

შეფასებები ექსპერტმა გია ნოდიამაც გააკეთა:

”პოლიტიკური ევოლუციის ლოგიკის თვალსაზრისით, შეიძლება საქართველოსთვის ამ მიმართულებით წასვლა ლოგიკური გზა იყოს, მაგრამ მაშინ ძალიან მკაფიოდ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის თანამდებობები და ნათელი უნდა გავხადოთ საზოგადოებისათვის, რომელია უფროსი”, - აცხადებს ნოდია.

წესით, კონსტიტუციის ახალი ვარიანტი პარლამენტმა სექტემბერში უნდა განიხილოს.

კვირის დასაწყისში საქართველოს სახალხო დამცველმა და არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. საუბარია სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს მეტი კოორდინაცია, ინფორმაციის გაცვლის უკეთ უზრუნველყოფა, ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება პარლამენტში წარსადგენად თუ მეტი თანამშრომლობა საქმეთა წარმოებისას საკონსტიტუციო სასამართლოში. საგანგებო აქცენტი სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ახლად დანერგილ ” მეგობრის ინსტიტუტზე” (Amicus Curiae) კეთდება.

მემორანდუმზე ხელმომწერი მხარეები სხვადასხვა სახითა და სხვადასხვა დროს ერთმანეთთან 10 მაისამდეც თანამშრომლობდნენ, თუმცა, სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშის ინიციატივით, მისმა ოფისმა, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლების განმტკიცების მიზნით, მე-3 სექტორთან უფრო მასშტაბური თანამშრომლობა განიზრახა.
”მემორანდუმით გათვალისწინებულია თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურება, განსაკუთრებით საკონსტიტუციო სამართალწარმოების ხაზით”, - ამბობს ომბუდსმენი.

ხუთასმა ადვოკატმა გასულ კვირას საქართველოს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი წარადგინა. ცვლილებები 10 პუნქტს მოიცავს და, ადვოკატთა მტკიცებით, აღნიშნული ცვლილებები საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს. მათ პარლამენტიდან ამ დრომდე არავინ გამოხმაურებია. სწორედ ამიტომ 12 მაისიდან პარლამენტის წინ ადვოკატთა ნაწილი მჯდომარე აქციას იწყებს. დღეს 50-მდე ადვოკატი პარლამენტთან შეიკრიბა, სადაც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ, სპეციალური განცხადება გააკეთა:

“იწყება ადვოკატების პერმანენტული მჯდომარე აქცია და ის არჩევნების დამთავრებამდე გაგრძელდება. ჩვენ ვიქნებით უკომპრომისონი, ვიწყებთ ბრძოლას და იმ შემთხვევაში, თუკი საზოგადოება გვერდში დაგვიდგება, იყავით დარწმუნებულნი, რომ ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ.”

აქციის ორგანიზატორთა სიტყვებით, ქვეყნისთვის უბედურების აცილების ერთ-ერთი გზა საარჩევნო კოდექსში შესატანი იმ 10 პუნქტის მიღებაა, რომელიც მოიცავს საარჩევნო ბარიერის 50%-მდე აწევას, კომისიების პარიტეტის საფუძველზე დაკომპლექტებას, საარჩევნო სიების დახვეწას, ყველა უბანზე ვიდეოთვალის დაყენებას, იდენტიფიკაციის მიზნით ამომრჩევლის ხელმოწერის სრულად დაფიქსირებას.

ეს კვირა თბილისში რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტით აღინიშნა. მათ შორის ერთ-ერთი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის ტინა კეიდენაუს ვიზიტი გახლდათ. ის თბილისს ბაქოს შემდეგ, 13 მაისს, ეწვია. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის დიპლომატმა შეხვედრები საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან დახურულ კარს მიღმა გამართა:

”დღეს ძალზე კარგი დღე მქონდა. შევხვდი სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებს. ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე, საქართველოში დემოკრატიის განვითარებაზე და მოხარული ვარ, რომ პროცესები საქართველოში კარგი მიმართულებით ვითარდება. არჩევნები უნდა იყოს გამჭვირვალე. კარგია, რომ მასში აქტიურად მონაწილეობს ოპოზიცია. ჩვენ დავაკვირდებით, როგორ ჩატარდება არჩევნები და მხოლოდ მისი შედეგების მიხედვით შევაფასებთ ვითარებას.”

ამ კვირაში ისევ გააქტიურდა მამისონის უღელტეხილზე რუსი მესაზღვრეების მიერ სასაზღვრო საგუშაგოს მოწყობის საკითხი,რის შესახებ ცნობაც რუსულმა საინფორმაციო სააგენტოებმა გაავრცელეს. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოში ამტკიცებენ, რომ საგუშაგო 3 ათასი მეტრის სიმაღლეზე, ყოფილი მეტეოსადგურის ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის 6 მაისიდან მოქმედებს. 2008 წლის აგვისტოს ომამდე და მისი დასრულებიდან თითქმის ერთი წლის განმავლობაში ყოფილ მეტეოსადგურში ქართველი მესაზღვრეების ბაზა იყო განთავსებული, ომის შემდეგ კი ვითარება შეიცვალა. ამ ინფორმაციას არ ადასტურებს მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი:

”მამისონის უღელტეხილი არის დათოვლილი. თუ რუსები რაღაც სპეცტექნიკით ავიდნენ (რაც ნაკლებად სავარაუდოა) და ალპინისტები ჰყავთ მესაზღვრეების ნაცვლად, მაშინ არ ვიცი, მაგრამ სინამდვილეში ფიზიკურად მისვლა შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან. იქით მხრიდან კი ინფორმაცია არ გვაქვს.“

თუმცა საინფორმაციო სააგენტო „რეგნუმს“ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო განყოფილების წარმომადგენელმა ალექსანდრ სოლოდმა უთხრა:

„მამისონის უღელტეხილზე - სამი ათას მეტრ სიმაღლეზე რვასაათიანი ასვლის შემდეგ - გავმართეთ საგუშაგო, რომელიც ყოფილი მეტეოსადგურის ტერიტორიაზე მდებარეობს. სასაზღვრო განყოფილების სპეცრაზმის თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ყველაფრით, რაც სახელმწიფო საზღვრის დასაცავადაა საჭირო.“

წინა კვირაში ტელეკომპანია ”კავკასიაში” მომხდარ სკანდალს - „სახალხო მართლმადიდებლურ მოძრაობასა“ და ტელევიზიის თანამშრომლებს და ასევე ეთერში მიწვეულ სტუმრებს შორის შეხლა-შემოხლას - მართლმადიდებლური მოძრაობის დამფუძნებლის და მედია-ჰოლდინგ ”ჯორჯიან თაიმსის” მფლობელის, მალხაზ გულაშვილის ცხინვალში გაქცევა მოჰყვა.

”ბავშვს თავს დაესხნენ და მისი გაუპატიურება მოინდომეს. იგი თავდამსხმელებს მანქანიდან გამოექცა. აბა, მანდ უნდა ვყოფილიყავით, სანამ ამ ბავშვს რამეს არ დამართებდნენ?” - თქვა გულაშვილმა და დაამატა, რომ არ გამორიცხავს, აუცილებლობის შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტს დმიტრი მედვედევს სთხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი:

”მე მედვედევს არ ვაპირებ, რომ ვთხოვო პოლიტიკური თავშესაფარი. მაგრამ თუ ამის აუცილებლობა იქნება, მედვედევსაც ვთხოვ და ნებისმიერსაც ვთხოვ. პრობლემა არა მაქვს.“

ამავე კვირაში თადარიგის მაღალი ჩინის სამხედრო პირებმა ვეტერანთა და მათ თანამოაზრეთა მოძრაობის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღეს. მიზანი კი, როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრი, უფლებადამცველი, ყოფილი სამხედრო ომბუდსმენი ნოდარ ეფრემიძე ამბობს, შემდეგია:

”ქვეყანაში ხორციელდება ტოტალური უფლებათდარღვევა სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, ხდება ჯარის დისკრედიტაცია - უამრავი კვალიფიციური სამხედრო მოსამსახურე იქნა დათხოვნილი სამხედრო ძალებიდან. ამიტომ ჩვენ ვქმნით ერთ დიდ გაერთიანებას, რომლის მიზანიც იქნება ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვა და ასევე კანონმდებლობაში ცვლილებების ინიცირება.”

ამავე კვირაში თბილისში შეხვედრებს მართავდა ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნები. ოპოზიციასთან შეხვედრიდან გამოსულმა პიტერ სემნებიმ კი მათ მიერვე წამოჭრილი სხვადასხვა საკითხიდან ერთზე განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება:

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც შეხვედრების შედეგად გამოიკვეთა, არის საარჩევნო სიებში არსებული პრობლემები. ჩვენ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს აუცილებლად განვიხილავთ. ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საქართველოში თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს”, - აცხადებს პიტერ სემნები.

საერთაშორისო ორგანიზაციები კიდევ უფრო აქტიურად უნდა ჩაებან წინასაარჩევნო პროცესში, რათა შემდგომ გაჩნდეს რეალური გარანტია იმისა, რომ არჩევნები სამართლიანად ჩატარდება, განაცხადა ”ალიანსი საქართველოსთვის” მერობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ სემნებისთან შეხედრის შემდეგ:

”მთავარი და მნიშვნელოვანი, რაზეც ვილაპარაკეთ, არის ის, რომ გარანტირებული იქნება ყველა ამომრჩევლის თავისუფალი არჩევანის უფლება და მათი ხმის კონფიდენციალურობა.“

კვირის ბოლოს თბილისს პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ კვასნევსკიც ეწვია, რომლის შეფასებით, 2001 წლის შემდეგ საქართველოში სერიოზული პოზიტიური ცვლილებები მოხდა. კვასნევსკის შეხვედრები ჰქონდა საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესა და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ თემურ იაკობაშვილთან, ასევე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ თემურ იაკობაშვილმა მედიასთან ამ ვიზიტის მნიშვნელობაზეც ილაპარაკა.
XS
SM
MD
LG