Accessibility links

ყოველკვირეული პროგრამის „ჯარისკაცი და სახელმწიფო“ დღევანდელი თემაა საბრძოლო იარაღითა და მასალებით საერთაშორისო ვაჭრობაში არსებული კორუფციული გარიგება, ე.წ. დენიელ ალვირეზის საქმე, რომელსაც ორ თვეზე მეტია იძიებს შეერთებული შტატების ვაშინგტონის ფედერალური პროკურატურა.

დამოუკიდებელმა ჟურნალისტურმა ორგანიზაცია „ჯი-ენ-ესმა“, რომელიც ტელეკომპანია „კავკასიისათვის“ საგამოძიებო ჟურნალისტურ პროექტ „კვირის რეპორტაჟს“ ამზადებს, უკვე ოთხი სიუჟეტი მიუძღვნა შეერთებულ შტატებში დაწყებულ გამოძიებას, რომელიც იარაღით ვაჭრობაში მონაწილე ფირმებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა კორუფციულ გარიგებას ეხება. სტატია ამ საქმის წინასწარ გამოძიებაზე ამერიკულმა ინეტრნეტგამოცემა“Main Justice”-მა გამოაქვეყნა.

გავრცელებული ინფორმაციით, ვაშინგტონის ფედერალურმა პროკურატურამ თავდაცვითი სფეროს მომარაგების 22 მოხელეს ქრთამის აღების მცდელობისათვის წაუყენა ბრალდება. დენიელ ალვირეზმა, რომელიც თავდაცვითი და სამართალდამცველი სტრუქტურების მიმწოდებელი კომპანიის, ALS Technologies-სთვის მუშაობდა, მისი ადვოკატის, მაიკ ვოლკოვის თქმით, თავი დამნაშავედ ცნო და გამოძებასთან თანამშრომლობა დაიწყო.

გასული წლის დეკემბერში ალვირეზი და სხვა ეჭვმიტანილები ლას ვეგასში გაბონის თავდაცვის მინისტრთან შესახვედრად ემზადებოდნენ. წაყენებული ბრალდების თანახმად და იმ პირის ინფორმაციით, ვინც კარგად იცნობს საქმეს, ამ შეხვედრაზე იმ გაბერილი ფასებიდან, რომლითაც გარიგების „მეორე ფაზაზე“ გაბონს საქონელი მიჰყიდეს, თითოეულის წილი 60%-ს შეადგენდა.

გამოძიების ძაფს მალე კორუფციულ დანაშაულობათა მთელი გორგალი გამოჰყვა და საქართველომდეც მიგორდა.

ქართული კვალი იარაღით გარიგების კორუფციაში

ბრალდებაში ცალკეა მოყვანილი ცნობები, რომელშიც ნათქვამია, რომ ალვირეზის კომპანიასთან დაკავშირებული გაყიდვების ინკოგნიტო აგენტი ისრაელიდან 2008 წლის თებერვალში ალვირეზს საქართველოს მთავრობისთვის 14 მილიონი ერთეული საბრძოლო მასალის (M855) მიყიდვის თაობაზე დაუკავშირდა. ალვირეზმა იცოდა, რომ გაყიდვების აგენტი ისრაელიდან ქრთამს უხდიდა საქართველოს მთავრობის ჩინოვნიკებს, რათა მათ ხელი შეეწყოთ კონტრაქტის გაფორმებისთვის, – ამბობს სახელმწიფო ბრალდება.

„გაყიდვების აგენტმა ისრაელიდან უცნობი კომპანიისგან, რომელთანაც გარიგება ჰქონდა, დაახლოებით $3.9 მილიონის ღირებულების საბრძოლო მასალა შეისყიდა. შემდეგ აგენტმა ისრაელიდან საქართველოს მთავრობას საბრძოლო მასალა $4.7 მილიონად მიჰყიდა და ალვირეზს კონტრაქტის ხელშეწყობისთვის $112 000 საკომისიოს სახით გადაუხადა“, – ნათქვამია ბრალდებაში.

თუმცა ეს არ არის ერთადერთი ეპიზოდი ამერიკელი პროკურორების მიერ დაწერილი საბრალდებო დასკვნიდან, რომელშიც საქართველოს ხელისუფლების სავარაუდო მოხელეები ალვირეზთან სამხედრო შესყიდვების დროს ქრთამის მიცემაში არიან დადანაშულებულნი.

„2008 წლის ივლისში, გაყიდვების აგენტმა, გაყიდვების მეორე დაუდგენელ „კორუმპირებულ“ მაიამელ აგენტთან ერთად იმ კომპანიიდან, რომელთანაც გარიგება ჰქონდა, საქართველოს 7.2 მილიონი ერთეული საბრძოლო მასალის პარტია მიჰყიდა, – ნათქვამია ბრალდებაში. ალვირეზმა, სავარაუდოდ, ამ შეთანხმებაში მონაწილოებისთვის $57 600 მიიღო.“

სიუჟეტი შეერთებულ შტატებში დაწყებულ გამოძიებაზე ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერით 14 მარტს გავიდა. სტუდია „ჯი-ენ-ესმა“ ყველა შესაბამისი დოკუმენტური მასალა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და თავდაცვის სამინისტროს გადაუგზავნა და სთხოვა განმარტება, რამდენად შეესაბამება სინამდვილეს ვარაუდები კორუფციულ გარიგებაში სამხედრო უწყების მაღალჩინოსანთა მონაწილეობის შესახებ და დაწყებულია თუ არა მოკვლევა.

სიუჟეტის ავტორმა, იმედა დარსალიამ, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჟურნალისტური გამოძიების მასალებზე კომენტარი არ გაუკეთებია. ამასობაში კი გადაცემა „კვირის რეპორტაჟმა“ მოიპოვა ექსკლუზიური ინფორმაცია, რომ საქართველოს პროკურატურამ ორი თვის წინ საკმაოდ უხმაუროდ დააკავა თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი 2008 -2009 წლებში გელა ბერძენიშვილი. როგორც იმედა დარსალია ამბობს, ოჯახის ახლობლებისგან „ფარული გზით მიღებული ინფორმაციით“, ბერძენიშვილის დაკავება სწორედ ალვირეზის ჩვენებას უნდა ეყრდნობოდეს.

„მეინ ჯასტისში“ დოკუმენტები 7 მარტს გამოქვეყნდა. დაახლოებით სამ დღეში, 10 მარტს, ჩვენი ინფორმაციით, გელა ბერძენიშვილს აკავებენ მის ახალ სამსახურში. იგი ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროში ერთ-ერთ სამსახურს კურირებდა. ბერძენიშვილი პროკურატურის მუშაკებმა პირდაპირ თათბირზე აიყვანეს, როგორც მოწმე. თუმცა მოგვიანებით სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა და დააკავეს კიდეც.“

მივა თუ არა კვალი უფრო მაღალ ეშელონებამდე?

ამ ინფორმაციის საფუძველზე რადიო თავისუფლება შეეცადა დაკავშირებოდა პროკურატურის პრესსამსახურს და გაეგო, შეესაბამება თუ არა სინამდვილეს გელა ბერძენიშვილის დაკავება და რა მუხლით იმყოფება თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი პატიმრობაში. პროკურატურის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ხათუნა იოსავამ, დაგვიდასტურა ბერძენიშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა. თუმცა, პროკურატურის ინფორმაციით, სამხედრო უწყების შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 332 მუხლით, რაც ტენდერების ჩატარების დროს თანამდებობის ბოროტად გამოყენებას ითვალისწინებს.

სტუდია „ჯი-ენ-ესი“, რომელიც იარღის შესყიდვის პროცესში კორუფციის თაობაზე ვაშინგტონში დაწყებულ გამოძიებას ყურადღებით ადევნებს თვალს, დარწმუნებულია, რომ გელა ბერძენიშვილის სასწრაფო წესით დაპატიმრებით „საქართველოს მხარე შეეცდება პასუხისმგებლობა ააცილოს უფრო მაღალი თანამდებობის პირებს, რომლებიც წყვეტდნენ საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საბრძოლო მასალისა და იარაღის შესყიდვის საკითხებს.“

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომამდე, საქართველოს მთავრობამ ორჯერ გაზარდა სამხედრო ხარჯები და წლის ბოლოს არმიის ანგარიშზე ძალიან დიდი თანხა - მილიარდ სამასი მილიონი ლარი - ჩაირიცხა. მაშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გაზრდილი საბიუჯეტო ხარჯები, ძირითადად, საბრძოლო ტექნიკის, იარაღის და ტყვია-წამლის შესაძენად იხარჯებოდა. ძირითადი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ ისრაელის ფირმები, რომლებისგანაც შესაბამისი გარიგებისათვის დენიელ ალვირეზი ქრთამის სახით საკომისიო თანხებს იღებდა. შეერთებულ შტატებში კი მკაცრი სასჯელი ემუქრებათ იმ კანონის დამრღვევ პირებს, რომელსაც "საგარეო კორუფციული პრაქტიკის აქტი" ეწოდება.

დაახლოებით ერთ თვეში ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში, დაიწყება სასამართლო პროცესი საქმეზე, რომელშიც თავდაცვითი მომარაგების სფეროს 22 ჩინოვნიკს ქრთამის აღების მცდელობაში ედებათ ბრალი. მთავარი მოწმეა სიუჟეტში ნახსენები ალვირეზი, რომელმაც თავი დამნაშავედ ცნო და სასამართლოსთან თანამშრომლობს. ალვირეზის ადვოკატმა, ვოლკოვმა, განაცხადა, რომ, მისი აზრით, ბრალდებასთან შეთანხმებაზე სხვა ბრალდებულებიც წავლენ, რომ მთავრობა აფართოებს გამოძიებას და, შესაძლოა, მან სხვა თავდაცვით-საწარმოო კომპანიებსაც მიაკვლიოს.

ალვირეზის საქმეს სერიოზული საერთაშორისო სკანდალის სუნი უდის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG