Accessibility links

logo-print

შეკითხვები თბილისის მერობის კანდიდატებს: ირაკლი ალასანია

  • ნიკო ნერგაძე

ირაკლი ალასანია

ირაკლი ალასანია

რადიო თავისუფლების დილის პროგრამამ წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიებისა და მერობის კანდიდატების პროგრამების გაცნობა დაიწყო. თითოეული სტუმარი ერთსა და იმავე შეკითხვებზე გასცემს პასუხებს. პირველი სტუმარი გახლდათ რიგითობის მიხედვით საარჩევნო სიაში პირველი ”ალიანსი საქართველოსათვის” ლიდერი ირაკლი ალასანია. მან ილაპარაკა უმუშევრობის, სოციალური პრობლემებისა და ჯანდაცვის, ქალაქის განვითარებისა და ეკოლოგიის საკითხებზე.

1. როგორ აპირებთ უმუშევრობასთან ბრძოლას, თუ გაქვთ კონკრეტული გეგმა, რომელიც გრძელვადიანი სამუშაო ადგილების შექმნას ითვალისწინებს?

ბოლო წლებში უმუშევართა რიცხვი თბილისში კატასტროფულად გაიზარდა, თითქმის ნახევარი თბილისი უმუშევარია. ამიტომაც ერთ-ერთი პროგრამა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ ექსპერტებთან, ეკონომისტებთან ერთად, სწორედ მცირე და საოჯახო ბიზნესის განვითარების გეგმაა. თბილისის მერი შექმნის საოჯახო ბიზნესის დახმარების ფონდს, რაც, თავის მხრივ, შექმნის დასაქმების ადგილებს და საშუალო ფენას. ჩვენ რასაც ვთავაზობთ ამომრჩეველს, სწორედ ის არის, რომ მერიაში შეიქმნება 120 მილიონიანი ფონდი, რომელიც 50 მილიონით შეივსება პირდაპირი გადარიცხვით დედაქალაქის ბიუჯეტიდან, 50 მილიონი დაემატება გრძელვადიანი ფასიანი ქაღალდებით და 20 მილიონს მოვიზიდავთ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიდან. მთავარი აქ არის ის, რომ ეს ფონდი იქნება გარანტია საფინანსო ინსტიტუტებისა და კერძო ბანკებისთვის, რომ გასცენ იაფფასიანი - 8 %-იანი - სესხი. დღეს სესხის მიღება ძალიან გართულებულია, რადგან ბანკებისთვის ძალიან მაღალ რისკებთან არის დაკავშირებული. როდესაც ეს გარანტია ჩაიდება სახელმწიფოს მხრიდან, დაახლოებით 20 ათასი ახალი პროექტის განხორციელება იქნება შესაძლებელი და, აქედან გამომდინარე, 50 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. ამასთან ერთად, მერიის მუნიციპალიტეტი თბილისის ყველა რაიონში შექმნის ბიზნესსაკონსულტაციო ცენტრებს. ეს ცენტრი დაეხმარება თბილისელებს სწორად შეადგინონ ბიზნესპროექტი. იქ იმუშავებს ეკონომისტი, იურისტი,მარკეტოლოგი, რომელიც აუხსნის, რა კრიტერიუმების დაკმაყოფილებაა საჭირო ბანკიდან სესხის მისაღებად. 8 %-იანი სესხი - ეს არის ის დახმარება, რომელიც არა მარტო დამწყებ ბიზნესმენებს შეუწყობს ხელს, არამედ მათაც, ვინც ბოლო პერიოდის ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის გამო შეაჩერა ეკონომიკური აქტიურობა და საკუთარი ბიზნესსაქმინობა.

მერიაში შეიქმნება ასევე ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი. ეს ბიზნესომბუდსმენის აპარატი და მერი ყოველდღე დაკავებული იქნება იმ ფაქტების გამოვლენით, რაც დღეს ბიზნესში ხდება. საგადასახადო და ფინანსური სამსახურები თავხედობენ და ზოგ შემთხვევაში წინასწარ ითხოვენ თანხების გადახდას. მთელი ჩვენი საგადასახადო კოდექსი პრაქტიკულად საჯარიმო კოდექსია. ბიუჯეტის 70%-ის შევსება, ძირითადად, ჯარიმებით ხდება.

ჩვენ ასევე გვინდა, რომ მთელი თბილისის მასშტაბით შეიქმნას სწორი საინვესტიციო გარემო. ამაში მერი აქტიურად იქნება ჩართული, რათა უცხოელ ინვესტორსაც ჰქონდეს განცდა, რომ ბიზნესი ინსტიტუციურად კარგად არის დაცული. რა თქმა უნდა, მთლიანად თბილისში სიტუაციის გარდატეხას სჭირდება ხელისუფლების გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკა. ამ პოლიტიკის შემუშავებაში ჩვენ შევეცდებით ჩვენი წვლილი შევიტანოთ. ჩვენ არ გვექნება მხოლოდ ხელისუფლების დამბალანსებლის ფუნქცია, არამედ ჩვენ ვიქნებით მათთვის სწორი და გააზრებული რჩევების მიმცემი. ასევე შეიქმნება სათანამშრომლო სივრცე ცენტრალური ხელისუფლების ეკონომიკურ და ფინანსურ ინსტიტუტებთან.

2.რამდენად იქნება ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი დამოუკიდებელი?

ეს არ იქნება ინსტიტუტი , რომელიც მხოლოდ მერიასთან იარსებებს. მასში შევლენ არასამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და მასზე კონტროლი ექნება თბილისის საკრებულოს. ომბუდსმენი არ იქნება მერის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების აღმსრულებელი.

3. როგორია თქვენი ხედვა ჯანდაცვის სისტემის გასაუმჯობესებლად და ზოგადად სოციალური პრობლემების გადასაჭრელად?

მოქალაქეების ჯანდაცვის უზრუნველყოფა იქნება ერთ-ერთი უმთავრესი, რითაც დაკავებული იქნება ჩვენი ჯანდაცვის სამსახურები. დღეს თბილისის ბიუჯეტიდან ჯანდაცვის უზრუნველყოფაზე 33 მილიონია გამოყოფილი, შარშან იყო 23 მილიონი, მაშინ როდესაც ქალაქის მერია საკუთარ თავზე ხარჯავს 43 მილიონს. არაფერს ვიტყვი იმ გაუაზრებელ და არაფრის მთქმელ პროექტებზე, რომელშიც მერია ფულს ხარჯავს. ჩვენ ჯანდაცვის სფეროსთვის გამოყოფილი გვექნება დაახლოებით 117 მილიონი. ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეულ თბილისურ ოჯახს ეყოლება ოჯახის ექიმი. პაციენტების 70 პროცენტი როცა მიმართავს საავადმყოფოს, ჩანს, რომ მას არ სჭირდება ჰოსპიტალიზაცია - უბრალოდ, მასთან არ არის ჩატარებული წინასწარი, პრევენციული შემოწმებები. ოჯახის ექიმი შეძლებს დასვას დიაგნოზი. ასევე შეიქმნება პაციენტების მონაცემთა ბაზა და ეს იქნება ერთიანი ბაზა მთელი თბილისის მასშტაბით. ასევე გადაუდებელ ჰოსპიტალიზაციასაც - ეს იქნება ბრმა ნაწლავის ოპერაცია თუ რაიმე მოტეხილობა - მუნიციპალიტეტი აიღებს საკუთარ თავზე.

ჩვენ შევიმუშავეთ პროექტი, რომლის მიხედვითაც შეიქმნება მუნიციპალური სააფთიაქო ქსელი, სადაც 3-წლამდე და 65 წელს ზემოთ მოქალაქეებს წამლები ექნებათ უფასო, ექიმის რეცეპტის მიხედვით, დანარჩენ მოქალაქეებს - ხელმისაწვდომ ფასად. რაც შეეხება სოციალურ დაცვას, დაახლოებით 170 ათას სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ ჩვენს მოქალაქეს და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებს, ვეტერანებს ზამთრის პერიოდში თანადაფინანსებით გადავუხდით კომუნალურ ხარჯებს, 100 ლარის ოდენობით. ეს იქნება ძალიან სერიოზული დახმარება მათთვის, რა თქმა უნდა. ასეთ მოქალაქეებს ექნებათ სამედიცინო დაზღვევა და ამით ჩვენ ავაშენებთ სამედიცინო უზრუნველყოფის პირველ დონეს, რასაც უნდა დაეფუძნოს ჯანდაცვის ორგანიზების სერიოზული რეფორმა. ხელისუფლებამ ხელი აიღო ორსულობის და მშობიარობის დაფინანსებაზე. ამას მერია ისევ საკუთარ თავზე აიღებს. გარდა ამისა, მრავალშვილიანებს გავუწევთ დახმარებას. პირველ შვილზე იქნება 800, მეორეზე 1000, მესამეზე 1500 ლარი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალშეძენილი ბავშვის ოჯახს მუნიციპალიტეტი მთელი წლის განმავლობაში დაეხმარება თვეში 50 ლარით. მთლიანობაში, ჩვენი ამოცანაა, რომ შევქმნათ ისეთი სოციალური გარემო, სადაც ადამიანს შეეძლება იშოვოს სამუშაო ადგილი, არჩინოს ოჯახი და შეძლოს გადასახადების გადახდა.

4.თუ აპირებთ რაიმეს შეცვლას სოციალურად დაუცველი მოსახლეობის გამოვლენის სისტემაში ?

შეხვედრების დროს თითქმის ყველა გამოხატავს უკმაყოფილებას იმ სისტემასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ხდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არსებულის სტატუსის მინიჭება. ჩემი მიზანი იქნება ეს განისაზღვროს იმის მიხედვით, თუ რა შემოსავალი აქვს ოჯახს. ანუ ცვლილება აუცილებლად მოხდება სოციალური სტატუსის მინიჭებაში.

5. რაც შეეხება ქალაქის მეურნეობის მოწესრიგებას, კომუნალურ გადასახადებში ცვლილებებთან დაკავშირებით თუ გაქვთ გეგმები?

ქალაქში უკანასკნელ წლებში განხორციელებული ყველა მშენებლობა არის ეპიზოდური, სპონტანური და არ არის ერთიანი გააზრებული სტრატეგიის ნაწილი. ყველა ურბანისტი ხედავს, რომ ქალაქს არ აქვს განვითარების სტრატეგიული გეგმა. არადა, გენერალური გეგმა არის განმსაზღვრელი ქალაქის დარგების განვითარებისა, როგორი სტრუქტურა უნდა აიგოს, რაში დაიხარჯოს ფული, როგორ უნდა იყოს ქალაქის ეკონომიკა დაგეგმილი, ასევე ქალაქს მიეცეს დემოგრაფიულად განვითარების საშუალება. ამიტომ მთავარია, პირველ რიგში, პროფესიონალ ურბანისტებთან ერთად შეიქმნას გენერალური გეგმა.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, უახლოესი 4 წლის განმავლობაში უნდა შეკეთდეს ყველა ავარიული სახლი თბილისში. თბილისში არის დაახლოებით 10 ათასი კორპუსი, რომელთა მეოთხედიც არის ავარიული, ანუ დაახლოებით 260 ათასი ჩვენი მოქალაქე ყოველდღიურად საფრთხეშია. ამისათვის ჩვენ ყოველწლიურად გამოყოფილი გვექნება 25 მლნ ლარი, ანუ წლის განმავლობაში ეს იქნება 100 მლნ-იანი პროექტი - ეს იმ ბიუჯეტით, რომელიც უკვე პროგნოზირებულია. ჩვენ ასევე გვინდა დაკონსერვებული მეტროს მშენებლობა აღვადგინოთ. ეს განსაკუთრებით ეხება მეტრომშენის მიმართულებას, რომელიც დაწყებული იყო ძველ დროს. ეს მისცემს დაახლოებით 300 ათას ჩვენს მოქალაქეს გადაადგილდეს და ეს შეეხიდება ეკოლოგიურ პრობლემებს ჩვენს ქალაქში.

უნდა მოწესრიგდეს ავტოსადგომების სისტემა. ბიზნესორგანიზაციებთან გვექნება კონსულტაციები პარკინგის სისტემის ასაგებად. ასევე გააზრებული და სისტემატიზირებული უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, გასაჩერებელი პუნქტები, გაჩერების ვადები, ეს იქნება მთავარი ამოცანები, რომელთა გადაწყვეტასაც დედაქალაქში უახლოეს წლებში ვაპირებთ.

ასევე საერთოდ მივიწყებულია მიწისქვეშა კომუნიკაციები. სწორედ ამის გამოა, რომ როცა აგებენ გზებს, მერე ერთ თვეში რამდენჯერმე უწევთ მისი გადათხრა, რადგან არ არის გააზრებული მიწისქვეშა კომუნიკაციების სისტემა. ზოგიერთი კომპანია, რომელიც შემოვიდა, მაგალითად, წყლის სისტემაში, ვალდებულია შეასრულოს გაყვანილობის სამუშაოები და მერია იქნება ის ორგანო, რომელიც კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გაუწევს კონტროლს, ანუ ინფრასტრუქტურული მოწესრიგება უნდა დაიწყოს რეალური და არა თბილისის ფასადური გადაკეთებით.

რაც შეეხება ელექტროენერგიის და გაზის ტარიფებს, ამაზე პასუხისმგებლობა აქვს აღებული მარეგულირებელს და მერიის გადასაწყვეტი ეს არ იქნება, მაგრამ რადგან არ ასრულებს მარეგულირებელი ფუნქციებს, მერი იქნება მასთან მომუშავე და გამოიყენებს სამართლებრივ ბერკეტებს, რათა აიძულოს, ტარიფი იყოს გონივრული. მე შემიძლია ვთქვა, რომ, ყველანაირი დაანგარიშებით, გაზზე ტარიფის შემცირება შესაძლებელია 50 პროცენტით, ელექტროენერგიაზე - 30 პროცენტით. ეს თავისთავად იქონიებს გავლენას წყალზეც, მაგრამ უფასოდ ვერ მივაწვდით.

6. როგორ აპირებთ ქალაქის ტრადიციული იერის შენარჩუნებას და, ამავე დროს, ახალი მშენებლობებისთვის ხელშეწყობას?

არც ერთი შენობა არ უნდა აიგოს თბილისში პროფესიონალი ურბანისტების დაგეგმარების გარეშე. ქალაქის მთავარი არქიტექტორი უნდა იყოს დამოუკიდებელი და მისი არჩევა უნდა ხდებოდეს პროფესიული წრეების შემოთავაზებით, მაგალითად, იმ კანდიდატურებიდან, რომელსაც არქიტექტორთა კავშირი შემოგვთავაზებს. ქვეყნის არქიტექტურული იერსახე არ უნდა იყოს დამოკიდებული ერთი ადამიანის გადაწყვეტილებაზე - იქნება ეს მერი, პრეზიდენტი თუ სხვა.

7. რაც შეეეხება ეკოლოგიას, რა ადგილი უჭირავს მას თქვენს პროგრამაში და როცა ხვდებით ხალხს, ისინი თუ აყენებენ ამ საკითხს?

ყველას აწუხებს იმ მშენებლობის საკითხი, რომელიც მიმდინარეობს ვერეს ხეობაში და დიღმის ტყეპარკთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. ჩვენი დედაქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა არის სავალალო. იმატა მანქანების რაოდენობამ, არ არსებობს კონტროლი. ტექნიკური კონტროლის გაუქმების შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდა ჩვენი ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობა. სპეციალური პროექტი დასჭირდება იმას, რომ ქალაქის მწვანე საფარი იყოს შენარჩუნებული და დაცული სამართლებრივადაც. უნდა იყოს დაცული ზონები და მიმზიდველი ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაშიც მას არ უნდა შევეხოთ.

უნდა შემუშავდეს ისეთი სატრანსპორტო გეგმა, რომელიც არ დააზიანებს ეკოლოგიას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ძვირი სიამოვნებაა, ვეცდებით გარკვეულ უბნებში მაინც აღვადგინოთ ტრამვაის მოძრაობა.

ბოლოს, მინდა მივმართო ამომრჩეველს, რომ აუცილებლად მივიდეს არჩევნებზე და გააკეთოს თავისთვის სასურველი არჩევანი. ნურავინ ნუ მოატყუებს ამომრჩეველს, რომ მისი არჩევანის გაგება შესაძლებელია. თვითონ პროცედურაც განაპირობებს იმას, რომ არჩევანი არის კონფიდენციალური.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG