Accessibility links

logo-print

ადვოკატთა ასოციაცია უგულავას წინააღმდეგ პროკურატურას და ცესკოს მიმართავს


ზურაბ ხარატიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

ზურაბ ხარატიშვილი, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა 17 მაისს მედიას წარუდგინა ანგარიში კომისიაში შესული საჩივრებისა და განცხადებების შესახებ. მისი თქმით, კომისია ყველა შემოსულ საჩივარსა და განცხადებას შეისწავლის და კანონდარღვევის დადასტურების შემთხვევაში ცესკო თითოეულ მათგანზე რეაგირებას მოახდენს. უახლოეს დღეებში ცესკოს კიდევ ერთი განცხადების განხილვა მოუწევს. ამ შემთხვევაში განცხადების ავტორი ადვოკატთა ასოციაცია იქნება.

2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე 12 დღით ადრე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 14 საჩივარი და 17 განცხადებაა შესული. აქედან 4 განხილვის სტადიაშია, 9 არ დაკმაყოფილდა, 1 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ერთი - სრულად, ხოლო 5 შემთხვევა ცესკომ განუხილველად დატოვა. რაც შეეხება განცხადებებისა და საჩივრების ავტორებს, ესენი ჯერჯერობით არიან: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ და ცესკოში შეტანილი საჩივრებისა და განცხადებების ლიდერი ”ეროვნული საბჭო”.

17 მაისს კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა ოფიციალურად მიმართა საოლქო და საუბნო კომისიის წევრებს, პოლიტიკურ პარტიებს, ამომრჩევლებს, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამართალდამცავ ორგანოებს:

“ზოგიერთი ქმედება, რომელიც ჩვეულებრივ მოვლენად აღიქმება არასაარჩევნო პერიოდში, წინასაარჩევნოდ შეიძლება დავისა და დაპირისპირების საგანი გახდეს. ცენტრალური საარჩევნო კომისია მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს გამოიჩინონ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, სიფრთხილე და მიმართონ მაქსიმალურ ძალისხმევას მათთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებისას, რათა წინასაარჩევნო პერიოდში თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი გაუგებრობა.”

ერთადერთი განცხადება, რომელიც აქამდე კომისიამ სრულად დააკმაყოფილა, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ ეკუთვნის. მათ ცესკოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის მოთხოვნით მიმართეს. საქმე ეხება თბილისის მერიის მიერ დაბეჭდილ საშეღავათო ბილეთებს, რომლებიც პროექტ „კინომანიის“ ფარგლებში დაიბეჭდა.
კიდევ ერთი განცხადება, რომელიც უახლოეს დღეებში ცენტრალურ სარჩევნო კომისიაში შევა, ”საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას“ ეკუთვნის. ისინი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატის გიგი უგულავას არჩევნებიდან მოხსნას ითხოვენ, თუმცა საარჩევნო კომისიამდე ადვოკატთა ასოციაციამ პროკურატურას მიმართა. ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი გიგი უგულავას მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას მოითხოვს. საქმე ეხება პროგრამა ”თბილისელების ადვოკატს”, რომელიც გასული წლის ნოემბრიდან ხორციელდება და რომლის მიზანიც არის თბილისის მოსახლეობის უფასო სამართლებრივი დახმარებით უზრუნველყოფა:

”გიგი უგულავამ წინასაარჩევნოდ ადვოკატთა ასოციაციის ფუნქციების შეთავსება დაიწყო, რისი დადასტურებაცაა ტელევიზიების მიერ ”თბილისელების ადვოკატის” კლიპის დატრიალება”, ვკითხულობთ განცხადებაში, რომლითაც ხატიაშვილი მთავარ პროკურორს მიმართავს: ”ადვოკატი შეიძლება იყოს მხოლოდ ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ბატონმა უგულავამ, რომელსაც, ალბათ, ჰგონია, რომ ყველაფრის უფლება აქვს და თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი დაწესებულება, ადვოკატის ფუნქციები ბავშვებს, რომლებიც მესამე-მეოთხე კურსის სტუდენტები არიან, იმისთვის მიანიჭა, რომ ხალხმა დაინახოს თურმე როგორ ზრუნავს მათზე უგულავა”, - აცხადებს ხატიაშვილი.
ხატიაშვილი საუბრობს ”ადვოკატთა შესახებ” კანონის მე-10 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევაზე, რომლის თანახმადაც, ადვოკატი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, გავლილი აქვს ადვოკატთა ტესტირება ან ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

ამის საპასუხოდ, ”თბილისელების ადვოკატის” პროექტების კოორდინატორი სევდია უგრეხელიძე ამბობს, რომ იმ სტუდენტებსა და მაგისტრანტებს, რომლებიც პროექტში არიან ჩართულნი, ჰყავთ ხელმძღვანელები, რომლებიც სერტიფიცირებული ადვოკატები არიან. და იქვე ამატებს, რომ მსგავსი იურიდიული კლინიკები არაერთია საქართველოში.

თუმცა, როგორც ხატიაშვილი პროკურორისადმი მიწერილ წერილში აღნიშნავს, მათ აქვთ დაზუსტებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასამართლო პროცესებში ”თბილისელების ადვოკატის” სახელით მონაწილეობას არაადვოკატებიც იღებენ. ის პროკურორს იმ არაადვოკატთა სიის დადგენას სთხოვს, რომლებიც პროცესებში მონაწილეობდნენ.

”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი თამარ ხიდაშელი განმარტავს კანონს საადვოკატო საქმიანობის შესახებ და ამბობს, რომ ადვოკატს შესაძლებელია ჰყავდეს თანაშემწე, რომელსაც ეკრძალება სასამართლოში წარმომადგენლობა, თუმცა აკრძალვებში არ არის მითითებული იურიდიული კონსულტაციების გაცემა.
XS
SM
MD
LG