Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 17 მაისი 2010


”ვანო ყველას გვისმენს და ყველა მესიჯს კითხულობს” – ”მთელი კვირის” პირველ გვერდზე ნახავთ ასეთ სათაურს. სტატიის ავტორი წერს: ”ყოველთვის უნდა გახსოვდეს ერთი რამ, რომ არა მარტო გისმენენ, შენს სმს-შეტყობინებებსაც თავისუფლად კითხულობენ! - ამბობს ”მთელ კვირასთან” საუბრისას გენერალი, უშიშროების ყოფილი მინისტრი ანზორ მაისურაძე. პოლიტოლოგ-ექსპერტები კი იმასაც დასძენენ, რომ თანამედროვე ეპოქაში საიდუმლოებები აღარ არსებობს.”

”მთელ კვირაშივე” ქვეყნდება ინტერვიუ ზურაბ ნოღაიდელთან, რომელიც მომავალი არჩევნების შესახებ ამბობს: ”როგორც შევძლებთ, ისე ვიბრძოლებთ. თუ გაყალბება მოხდა, ეს აუცილებლად გადაიზრდება დაპირისპირებაში.”
”კვირის ქრონიკაში” ”ეროვნული საბჭოს” კიდევ ერთ ლიდერ - კონსერვატორ ზვიად ძიძიგურთან ვრცელ ინტერვიუს ნახავთ. ”მე ნოღაიდელის გვერდით არ დავმდგარვარ. ჩვენ ერთმანეთის გვერდით დავდექით. ჩვენ პოლიტიკური პარტნიორები ვართ”, - აცხადებს ძიძიგური, რომელიც, მისივე სიტყვებით, ბოლო ორი წელია სერიოზულად ფიქრობს, რომ ”რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება ქვეყნისთვის გამოსავალია.”

”კვირის პალიტრა”, ნინო ბურჯანაძე: ”როდესაც პუტინი აცხადებს, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე უნდა განვითარდესო, ეს არ არის შემთხვევითი. პუტინს საქართველოსთან ნორმალური ურთიერთობა, უპირველესად, რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა”, - ამბობს ბურჯანაძე.
დღესაც არაერთ ინტერვიუსა თუ სტატიაში წაიკითხავთ მოსაზრებებს ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებზე. ”ვერსია” წერს, რომ, კვლევის შედეგების მიხედვით, ”იაფი გაზი, იაფი დენი და მუქთი წყალი თითქმის არავის უნდა. თითქმის არავის უნდა საქმე და მუშაობა. ცვლილებები რომ უნდოდეს და ალასანიას რომ ანდობდეს, ასეთი მხოლოდ 7 პროცენტია. უგულავას 57 პროცენტი კი იმაზე მიუთითებს, რომ გასაკეთებელი მართლაც ჯერ კიდევ ბევრია.”
ამავე თემაზე ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში რესპუბლიკელი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს: ”ეს გამოკვლევები არანაირად კატასტროფული არ არის, როგორც ამას ხელისუფლების კონტროლის ქვეშ მყოფი მედია აჩვენებს. არ შეიძლება ამოკრეჭვით და მათ სასარგებლოდ ნაჩვენები პოზიციის დანახვა. იქ მართლაც არის ხალხი, ვინც ამბობს, რომ ხმას აძლევს უგულავას, მაგრამ უფრო მეტია ისეთი, ვინც ამბობს, არ ვიცი, ვის ვაძლევ ხმასო. ანუ, აშკარად, შეშინებულები არიან.”
”კვირის პალიტრის” კორესპონდენტთან საუბრისას კვირის თემებს ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე განიხილავს. ”თუ დღეს რელიგიურ და ფსევდოლიბერალურ ჯგუფებს შორის არის დაპირისპირება, ხვალ შეიძლება დაპირისპირება, ვთქვათ, ქრისტიანებსა და მუსლიმანებს შორის გაჩაღდეს. ამის ნიშნები ჯერ კიდევ შარშან გამოჩნდა. ალბათ, გახსოვთ, უცნობი ხალხი აზერბაიჯანულ სოფლებთან ჯვარს რომ დგამდა. ყველაფერი კეთდება მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციისთვის”, - ამბობს არეშიძე.

”ასავალ-დასავალი” პროექტ ”სახალხო სასამართლოს” თავმჯდომარესა და „სახალხო-მართლმადიდებლური მოძრაობის“ წევრ ნანა დევდარიანთან ინტერვიუს ბეჭდავს. ის ტელეკომპანია ”კავკასიაში” მომხდარზე საუბრობს: ”ცალსახად ვიცი, რომ ეს ყველაფერი ”თავისუფლების ინსტიტუტში” დაიგეგმა და მათ ეს სკოლა გავლილი აქვთ, რადგან დაფუძნების დღიდან პროვოკატორობენ. ამ პროვოკაციას, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელი შეუწყო ”კავკასიამ”. მე მირჩევნია, ვიფიქრო, რომ ეს არის ჯანგირაშვილის არაპროფესიონალიზმის ბრალი, ვიდრე ვიფიქრო ის, რომ იგი შეგნებულად წავიდა ამ პროვოკაციაზე”. ”ასავალ-დასავალშივე” თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენელ თეა თუთბერიძესთან ინტერვიუსაც წაიკითხავთ: ”მადლობა ტელეკომპანია ”კავკასიას”. მათ მოახერხეს ის, რაც ჩვენ ამდენი ხანია ვერ შევძელით. გამოუძახეს პატრულს და მოითხოვეს ამ ადამიანების პასუხისგებაში მიცემა.”

”24 საათი” ”ნაბუქოს” პროექტის პერსპექტივაზე წერს. ავტორი ასკვნის: ”იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა საბოლოოდ შეძლო უკრაინის ბუნებრივი აირის ბაზარზე მონოპოლიის მოპოვება და, შესაბამისად, ბოლომდე გააკონტროლა ევროკავშირისკენ მიმავალი ეს მიმართულება, უდავოდ, კიდევ უფრო გაიზრდება ევროპის მიერ ალტერნატიული მარშრუტების ძიების საკითხი, რაც საქართველოზე გამავალი გაზსადენის პროექტებისთვისაც ხელსაყრელი უნდა გამოდგეს.”
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG