Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთში ფრთხილი რეაქცია ახლავს ირანის დათანხმებას თავისი გამდიდრებული ურანის თურქეთში გაგზავნაზე


ვაშინგტონის განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და მის მოკავშირეებში სერიოზულ შეშფოთებას უკავშირდება თურქეთთან და ბრაზილიასთან ირანის შეთანხმება, რომელიც ირანის ბირთვულ საწვავს ეხება. თეთრი სახლის პრეს-მდივან რობერტ გიბსის განცხადებით, „ირანმა უნდა გადადგას ნაბიჯები, რომლებიც აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის დასარწმუნებლად, რომ მისი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიან მიზნებს ემსახურება“. გაეროს გენერალური მდივნის წარმომანდგენლის განცხადებით, თურქეთისა და ბრაზილიის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება „გამამხნევებელია“, მაგრამ ირანმა უნდა შეასრულოს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები. უშიშროების საბჭო ხუთ რეზოლუციაში მოითხოვს ირანისაგან ურანის გამდიდრების პროგრამის შეწყვეტას. ცნობას, რომ ირანი მზად არის, ბირთვული საწვავის გაცვლის პროცესში გამდიდრებული ურანის უდიდესი ნაწილი თურქეთში გაგზავნოს, თავშეკავებული, თუმცა დადებითი რეაქცია მოჰყვა რუსეთიდანაც. პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი შეთანხმებას მიესალმა, თუმცა გამოთქვა ვარაუდი, რომ მან შესაძლოა, სრულად არ დააკმაყოფილოს საერთაშორისო თანამეგობრობა. ევროკავშირის შეფასებით, შეთანხმება შესაძლოა, სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყოს, მაგრამ „ის სრულად არ პასუხობს ირანის ბირთვული პროგრამის საკითხს“. შეთანხმებას ბრაზილიის და თურქეთის ლიდერების შუამავლობით ჩატარებულ მოლაპარაკებებზე მიაღწიეს. ირანის განცხადებით, ის თურქეთში 1,200 კილოგრამ დაბალგამდიდრებულ ურანს გაგზავნის. სანაცვლოდ, მას ბირთვული საწვავის ღეროების მიღება სურს თეირანში განლაგებული ატომური რეაქტორისთვის.
XS
SM
MD
LG