Accessibility links

logo-print
თებერვალში უკრაინის ახალ პრეზიდენტად ვიქტორ იანუკოვიჩის არჩევის შემდეგ უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. ახლა რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი, უკრაინას ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს.

რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი უკრაინაში ჩავიდა ორდღიანი ვიზიტით, რომლის დროსაც ორი ქვეყნის ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებას შეეცდება.

კიევში ჩაფრენილი თვითმფრინავიდან გადმოსულ მოღიმარ მედვედევს ფოლკლორულ კოსტიუმებში ჩაცმული ახალგაზრდა ქალები შეეგებნენ.

ძლიერი წვიმის ქვეშ მედვედევმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკიოვიჩმა კიევის გამარჯვების პარკში გვირგვინით შეამკეს უცნობი ჯარისკაცის საფლავი და დაესწრნენ 1932-33 წლების დიდი შიმშილის მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემ ცერემონიას.

წვიმასთნ დაკავშირებით ორივე პრეზიდენტი გახუმრებას შეეცადა. იანუკოვიჩმა თქვა, წვიმას ფული მოაქვსო, მედვედევმა კი პირდაპირი მინიშნება გააკეთა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იუშჩენკოს მისამართით:

„ძალიან კარგია, რომ ზოგჯერ ყველაფერი ნულიდან იწყება ხოლმე. მხედველობაში მაქვს ის სირთულეები, რომლებიც ბოლო წლებში იჩენდა თავს ჩვენს ურთიერთობებში. ვიმედოვნებ, რომ ამ წვიმამ წინა პერიოდში მომხდარი ნეგატიური ამბები მთლიანად ჩარეცხა“, - თქვა მან.

ოფიციალური ცნობებით, მედვედევი და მისი უკრაინელი კოლეგა ხელს მოაწერენ შეთანხმებებს საზღვრის დემარკაციის, სატელიტური ნავიგაციისა და საბანკო სექტორის შესახებ. ამასთან, ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტები მოლდავეთის სეპარატისტული რეგიონის, უკრაინასთან მოსაზღვრე დნესტრისპირეთის საკითხსაც განიხილავენ - ისევე როგორც ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის და ევროპის უსაფრთხოების საკითხებს.

რუსეთსა და უკრაინას შორის კავშირები შესამჩნევად გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც თებერვალში უკრაინის პრეზიდენტი პრომოსკოვურად განწყობილი ვიქტორ იანუკოვიჩი გახდა. მისი წინამორბედის, პროდასავლელი ვიქტორ იუშჩენკოს დროს ამ ურთიერთობაში კონფრონტაცია ხშირად იჩენდა თავს.

იანუკოვიჩმა შეცვალა ნატოში გაწევრიანებისკენ მიმართული იუშჩენკოს პოლიტიკა, რომელიც მოსკოვის გულისწყრომას იწვევდა. ამასთან, მან რუსეთის საზღვაო ფლოტს სევასტოპოლში, შავ ზღვაზე, ბაზის იჯარა 2042 წლამდე გაუხანგრძლივა - სანაცვლოდ კი რუსეთისგან გაიაფებული გაზი მიიღო. ამ შეთანხმებას უკრაინის ოპოზიციამ ეროვნული ინტერესების ღალატი უწოდა.

თუმცა იანუკოვიჩმა ისიც მიანიშნა, რომ ურთიერთობების დათბობაში ერთგვარი საზღვარიც არსებობს. მაგალითად, ის გულგრილად შეხვდა მოსკოვის წინადადებას, მომხდარიყო შერწყმა უკრაინის ენერგეტიკულ ჰოლდინგ „ნაფტოგაზსა“ და რუსეთის სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფ „გაზპრომს“ შორის.

იანუკოვიჩის განცხადებით, შერწყმის შესახებ ნემისმიერ მოლაპარაკებაში ევროკავშირმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის აზრით, „ნაფტოგაზი“ „გაზპრომის“ თანასწორი პარტნიორი უნდა იყოს. „ორმოცდაათი-ორმოცდაათზე ერთადერთი შესაძლებლობააო“, - უთხრა მან ჟურნალისტებს 13 მაისს.

უკრაინაში ჩასვლამდე სატელევიზიო გამოსვლაში შერწყმის იდეის ირგვლივ, რომელიც რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის, მედვედევმაც სიფრთხილით ისაუბრა. ერთ-ერთ დაბრკოლებად მან ორი კომპანიის ღირებულება დაასახელა:

„[შერწყმა] უაღრესად ზუსტ გათვლებს მოითხოვს. შეგახსენებთ, რომ, ყველაზე დაბალი შეფასებით, „გაზპრომი“ დაახლოებით 150, შედარებით მაღალით კი, 200 მილიარდი დოლარი ღირს. „ნაფტოგაზი“ - მის მიმართ პატივისცემის მიუხედავად - ამაზე ნაკლები ღირსო“, - განაცხადა მან, თუმცა იქვა დასძინა, რომ

„გაზპრომსა“ და „ნაფტოგაზს“ შორის თანამშრომლობის გაფართოების მომხრეა:

„თუ საუბარი საერთო პროექტებზეა - საერთო საწარმოებზე, სადაც გაერთიანდებოდა გაზის და გაზის ტრანსპორტირების სხვადასხვა აქტივები, არა უშუალოდ შერწყმის, არამედ, ვთქვათ, ცალკეული ელემენტების გაერთიანების სახით, ვფიქრობ, ეს სავსებით შესაძლებელია, თანაც ორივე მხარისთვის მომგებიანი და მათი ინტერესების ამსახველი პირობებით.“

იანუკოვიჩს სურს შეინარჩუნოს კონტროლი „ნაფტოგაზის“ მილსადენთა ქსელზე, რომელიც ევროკავშირში გაგზავნილი რუსეთის ფაზის 80 პროცენტს ატარებს. უკრაინის პრეზიდენტის სურვილია შეიქმნას კონსორციუმი, რომელიც ევროკავშირს და რუსეთს გააერთიანებს და უკრაინის მილსადენთა დაძველებული ქსელის მოდერნიზაციაზე იმუშავებს.

რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტის პირველ დღეს უკრაინელი ნაციონალისტების ჯგუფმა „სვობოდამ“ კიევის ცენტრში მცირე მასშტაბის აქცია გამართა - ისინი, მათი თქმით, ქვეყნის სუვერენიტეტის რუსეთისთვის დათმობას აპროტესტებდნენ.
XS
SM
MD
LG