Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ჯანმრთელობის ორგანიზაციის მთავარი გამოწვევები


ჟენევაში 17 მაისს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის -ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის - ასამბლეა გაიხსნა. ოთხი დღის განმავლობაში ასამბლეაში მონაწილე ექსპერტები ჯანმრთელობის პრობლემებზე, მათ შორის, ალკოჰოლიზმის დამღუპველი გავლენის შემცირებასა და ფალსიფიცირებული წამლების კონტროლის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. თუმცა ძალიან ბევრს აინტერესებს, რით დასრულდება დისკუსია თემაზე, რაც განვითარებული ქვეყნების ინტერნეტის მომხმარებელ მოქალაქეთა დაბეგვრით სახსრების მოზიდვას გულისხმობს.

ჯერ კიდევ 2008 წელს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ასამბლეაზე 25 ექსპერტი შეკრიბა და დაუსახა ამოცანა, მოეძებნათ სახსრების მოზიდვის ახალი გზები ღარიბ ქვეყნებში სამედიცინო კვლევებისა და განვითარების პროგრამების დასაფინანსებლად. 17-21 მაისს ჟენევაში გამართულ ასამბლეაზე ექსპერტთა მიერ მომზადებული საბოლოო წინადადებების განხილვა უნდა მოეწყოს. როგორც ცნობილია, წინადადებათა პროექტი ითვალისწინებს მთელ რიგ ირიბ გადასახადებს, რამაც მნიშვნელოვნად უნდა უზრუნველყოს შემოსავლების ზრდა.

ექსპერტთა პანელის წევრი, სიდნეიში არსებული ჯანმრთელობის საერთაშორისო ინსტიტუტის პროფესორი მერი მორანი მიიჩნევს, რომ ეს არის მხოლოდ მოსაზრებები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ უნდა გადაწყვიტოს, თუ როგორ განავითაროს ისინი:

„მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ვთავაზობთ მხოლოდ მიდგომებს და არა წინადადებებს, რადგან ზოგიერთი მათგანი წინადადების კვალობაზე ძალიან ესკიზურია. ვინაიდან თუკი თქვენ ამბობთ, მოდით შემოვიღოთ, ვთქვათ, ციფრული გადასახადიო, მაშინ საჭირო იქნება დიდი სამუშაოების ჩატარება იმის დასადგენად, შეძლებთ თუ არა ამას, როგორ განახორციელებთ, როგორ გააკონტროლებთ და რა მოგებას მოიტანს ეს. ამას გადაწყვეტილების მიღებამდე დიდი სამუშაოების ჩატარება სჭირდება.“

ექსპერტების წინასწარი შეთავაზებები და გათვლები კი ასეთია:

მაგალითად, საბრძოლო იარაღის საერთაშორისო ვაჭრობაზე 10 პროცენტიანი გადასახადის დაწესება წელიწადში, სავარაუდოდ, 5 მილიარდი დოლარის მოგებას მოიტანს. მეორე შეთავაზება ითვალისწინებს დარიცხვას თვითმფრინავის ბილეთზე. ეს არის 2006 წლიდან აპრობირებული მეთოდი, რითაც შიდსის, მალარიისა და ტუბერკულოზის წინააღმდეგ ბრძოლისათვის 1 მილიარდი დოლარის მოგროვება მოხერხდა.

მესამე წინადადებას, შესაძლოა, ეწოდოს ბრაზილიური გამოცდილება. რამდენიმე წლის წინ ბრაზილიაში 0. 38 პროცენტით დაიბეგრა ონლაინით გადარიცხვები და ნაღდი თანხის გამოტანა. ამ გზით წელიწადში ამონაგებმა თანხამ 20 მილიარდი დოლარი შეადგინა, რითაც ბრაზილიის მთავრობა თავისი სოციალური დაცვის ღონისძიებებს 87 პროცენტით დააფინანსებს.
ციფრულმა თუ ინტერნეტგადასახადმა, თუნდაც იგი მიზერული იყოს, შესაძლოა ძალიან დიდი შემოსავალი მოიტანოს და საგრძნობლად აისახოს მსოფლიოს მოქალაქეთა ჯიბეზე. ასეთი სახის საგადასახადო სტიმულირებას სკეპტიკურად უყურებს ამერიკის ბიზნესის ინსტიტუტის საერთაშორისო ჯანმრთელობის პოლიტიკის მეცნიერ-თანამშრომელი როჯერ ბეიტი, რომელიც ასეთ ინიციატივებს უწოდებს ძალიან სოციალისტურს, რაც წინააღმდეგობაში მოდის იმ ადამიანების ლეგიტიმურ ინტერესებთან, რომლებისთვისაც ჯანმრთელობის პროგრამები ბიზნესია.

გარდა ამისა, ნებისმიერი შეთავაზება - იქნება ეს იარაღის საერთაშორისო ვაჭრობის დაბეგვრა, ავიაბილეთსა თუ ინტერნეტით სარგებლობაზე გადასახადის დაწესება - საჭიროებს ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოების მხარდაჭერას. მსოფლიო ორგანიზაციაში შემავალი 193 ქვეყნიდან კი ასეთი გადასახადების შემოღებას მხოლოდ 13 ქვეყანა ეთანხმება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG