Accessibility links

18 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გოგი თოფაძე, თბილისის მერობის კანდიდატი. ის გახლდათ რადიო თავისუფლების წინასაარჩევნო გადაცემების სერიის მორიგი მონაწილე. გოგი თოფაძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ შექმნის სამუშაო ადგილებს, როგორ უზრუნველყოფს 60-ს გადაცილებულ მოქალაქეებს სამედიცინო მომსახურებით. თოფაძემ ისაუბრა ქალაქის ცენტრში მშენებლობებით გამოწვეულ პრობლემებზე. ის თვლის, რომ აუცილებელია თბილისში ორი-სამი ნაგავგადამამუშავებელი ქარხნის აშენება. მერობის კანდიდატის აზრით, შესაძლებელია კომუნალური გადასახადების შემცირებაც.

1. სამუშაო ადგილები და უმუშევრობის პრობლემის დაძლევა - მერის სტატუსში როგორ ხედავთ ამ საკითხებს?

უმუშევრობა არ არის მხოლოდ ეკონომიკური პრობლემა - ეს არის ქართული ოჯახის ნგრევის მიზეზი, რადგან საქართველო არის მატრიარქატის ქვეყანა და მამაკაცი იყო აქ მთავარი შემომტანი, ოჯახის ტრადიციების გამგრძელებელი. დღეს, როცა მამაკაცი არის უმუშევარი და ხშირად მეუღლე გარბის საზღვარგარეთ სამუშაოდ, ეს ოჯახი უკვე აღარ არის იმ ტრადიციული სიძლიერის ქართული ოჯახი, რომელიც იყო წლების განმავლობაში. უმუშევრობა არის კატასტროფა და ეს უნდა იყოს პირველი საზრუნავი ჩვენი ხელისუფლების. ნამდვილად ვერ ვიტყვით, რომ ამაზე ვინმე ზრუნავდეს - ან პრეზიდენტი, ან პრემიერი, ან რომელიმე სახელმწიფო მინისტრი, ან მერი.

უმუშევრობა ქალაქსა და სოფელში ერთმანეთთანაა მჭიდროდ დაკავშირებული. ჩვენ წავართვით გლეხს პროდუქტის მოყვანის საშუალება: ჩაი ვერ მოიყვანა, ციტრუსი ვერ გაასაღა, ყურძენს არ ვიბარებდით, ხილ-ბოსტნეული არ საღდებოდა. საკონსერვო ქარხნები იყო ძალიან ბევრი საბჭოთა დროს. 70 ჰქონდა სამინისტროს, 60-მდე ჰქონდა ცეკავშირს. ეს ყველაფერი გაჩერდა.

უნდა ავამუშაოთ ქარხნები. საქართველო იყო აგრარული ქვეყანა: 80 პროცენტი მოდიოდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანასა და გადამუშავებაზე. გვქონდა ავიაქარხნებიც, მაგრამ ძირითადი იყო სოფლის მეურნეობა. დღეს ჩვენ ყველაფერი მოვკალით. მიგრაცია 27-28% -ია და სწორედ სოფლის მცხოვრებთა უმეტესობაა წასული.

ჩვენ რას გავაკეთებთ? პირველ პერიოდში 25-30 ქარხნის ამუშავება გვინდა, მაგრამ ამას სჭირდება მერის ნებისყოფა და პრინციპულობა: მან უნდა გააკონტროლოს, რომ არ შემოდიოდეს ის პროდუქცია, რაც შეიძლება ჩვენ ვაწარმოოთ. 2-3 ნაგვის გადამამუშავებელი ქარხანა უნდა ამუშავდეს თბილისში. ჩვენ ნაგვის ფულს ვახდევინებთ მოსახლეობას, მაშინ როცა ეს გადამამუშავებელი ქარხანა თავად მოიტანს ფულს. უნდა ამუშავდეს ცხიმკომბინატი, რომლის შენობაც დარჩა განადგურებული და გაუბედურებული. იქ ტექნოლოგიების შემოტანას და დანერგვას არაფერი სჭირდება, იმდენი მზესუმზირა მოჰყავს კახეთს და მოიყვანს ქართლიც - ეს არის მაგის ნედლეული. როცა მუშაობდა ცხიმკომბინატი, ის აწარმოებდა საჭმელ ზეთს, კარაქს, მარგარინს, მაიონეზს, წყალბადს. სხვათა შორის, ჰიდროგენიზაციის პროცესში გამოდიოდა წყალბადი, რომელიც ძალიან სტრატეგიული იყო. ცხიმკომბინატი ამუშავდა - დასაქმდა კახელი გლეხი, ცხიმკომბინატის ამუშავებით ამუშავდა საპნის ქარხანა. ცხიმოვანი ნარჩენები რჩებოდა და მუშაობდა საპნის ქარხანა - საოჯახო საპონს და საფეიქრო საპონს უშვებდა. პარაფინებით სხვადასხვა პარფიუმერული საწარმო მუშაობდა - მზადდებოდა სუნამოები, კოსმეტიკური საშუალებები. აი, ამ ბუჩქური პრონციპით შეიძლება 4-5 ქარხნის ამუშავება. იგივე ხდება ხორბლის გადამუშავებასთან დაკავშირებით. მარცვლეულის ქარხანა, მერე -პური, მერე - საკონდიტრო, კომბიკორმის ქარხანა - აი, ეს ქარხნები უნდა ამუშავდეს, ძალიან ბევრი მსუბუქი მრეწველობის, მექანიკური ქარხანა, რომელიც თავისუფლად გააკეთებს იმას, რაც დღეს შემოგვაქვს ირანიდან და თურქეთიდან - ნავთქურები, მაგალითად. უმუშევრობის პრობლემის გადაწყვეტის სხვა გზა არ არსებობს, გარდა წარმოების ამუშავებისა.

ამას წინათ ეგვიპტიდან ძალიან დიდი რაოდენობით შემოიტანეს ხახვი და ნიორი. რატომ შემოაქვთ? ძალიან ბევრი ადმინისტრაციული ბერკეტი არსებობს ამის აკრძალვისა. ხახვი და ნიორი იმდენი გვაქს, შეიძლება მთელ ევროპას გავწვდეთ. გარდა ამისა, ჩვენ მოვსპეთ სანიტარული კონტროლი. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არ აკონტროლებს შემოტანილ პროდუქციას,მათ შორის - გენმოდიფიცირებულს. ყველგან შედის ეს პროდუქტი, მაგრამ უკეთდება მარკირება. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც მიიღო კანონი, რომ არც უნდა გაუკეთდეს მარკირება. აი, ამას არ შემოვატანინებ. ვინ გამაჩერებს? მერი თავისი გავლენით საქართველოში მეორე პირია, თავისი რეალური გავლენით გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე სპიკერი ან პრემიერი. არჩეული და პრინციპული მერი თავისუფლად მოერევა, აი, ამ პრობლემებს.

2. სოციალური პრობლემები, სამედიცინო სფერო?

ჩვენ გავწირეთ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ, სოციალურ გადასახადებს იხდიდნენ, 60 წელს ზემოთ ხალხი - მათი დაზღვევაც აღარ შეიძლება. ეს არის ყაჩაღობა სახელმწიფოს მხრიდან. დღეს სამედიცინო რეფორმაზე ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ღმერთმა არ დაგაჭირვოთ და თქვენს მშობელს ან ბებია-ბაბუას ოპერაციას ვერ გაუკეთებთ, იმდენად დახურულია ეგ სისტემა ამ ხალხისთვის.

ჩვენ ვპირდებით, რომ 60 წელს ზემოთ მოსახლეობა იქნება დაზღვეული, შეიძლება ამაში ნაწილობრივ ჩაერთოს მერიაც. ასევე მუშაობის პირველივე წელს მინიმუმ ერთ მუნიციპალურ საავადმყოფოს გავაკეთებთ. ეს არის ექსპერტებთან გათვლილი. 12-13 მლნ დოლარი დასჭირდება 300-400 ადგილიან თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ საავადმყოფოს. ამ საავადმყოფოს შენახვა ძალიან ძვირი არ დაჯდება, რადგან, თუ კარგად იქნება აღჭურვილი, მეზობელი ქვეყნებიდან შემოვლენ პაციენტები და პრაქტიკულად თავის თავს შეინახავს.

განსაკუთრებით ვაკეთებ აქცენტს იმაზე, რომ 60 წელს გადაცილებულები იყვნენ დაზღვეულები. თქვენ იცით, როგორი პრობლემაა ჩვენს გენოფონდში. მერიამ მესამე და მეოთხე შვილზე რაღაც პრემიები უნდა დააწესოს, მშობიარობა უნდა იყოს მაქსიმალურად იაფი. ეს არის ის პრობლემები, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ.

3. რას იტყვით ქალაქის მეურნეობის პრობლემებზე: რას აპირებთ ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, სატრანსპორტო უზრუნველყოფის თვალსაზრისით და ასევე რას იტყვით კომუნალურ გადასახადებზე - რაიმე ცვლილებას ხომ არ აპირებთ?

გადასახადებს რაც შეეხება, ეს არის მიუღებელი გადასახადები - კომუნალურს ვგულისხმობ. ნაგავში არ უნდა იხადოს ფული არავინ. წყალი არის დიდი კორუფცია დღევანდელი. 800 ლიტრ წყალს ხარჯავს თითოეული ჩვენგანი დღეში, ანუ თვეში 24 ტონა წყალს მოვიხმართ, რაც არის აბსურდი. ვერ ვნახეთ ქალაქი, რომელიც 200 ლიტრზე მეტს მოიხმარდეს დღეში, ანუ რეალურად თქვენ არ ხარჯავთ ამდენს. როცა მიდის დავა ამაზე, უცხოური კომპანია, რომელიც ფლობს წყალს, ამბობს, რომ მიწისქვეშა გაყვანილობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. სწორედ მერს უნდა ეზრუნა იმაზე, რომ მიწისქვეშა თბილისი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. 7 წელია მერია და რა გაუკეთებია ამ მხრივ? არც გაზის და არც ელექტროენერგიის ტარიფი არ არის რეალური და ძალინ სწორია ზოგიერთი ჩემი კოლეგა, როცა ამბობს, რომ ამის მინიმალიზაცია თავისუფლად მისაღწევია.

სატრანსპორტო პრობლემა იმდენად აქტუალური გახდა, წინაასაარჩევნოდ გააფთრებით მიდის გზების შენება, ხიდების, ესტაკადის... მაგრამ ეს ერთი ესტაკადა ვერ გადაწყვეტს სატრანსპორტო პრობლემას, ამაზე ადრე უნდა ეფიქრათ. არქიტექტორებს ჩვენ არაერთხელ შევხვდით. მათ აქვთ ძალიან საინტერესო პროექტები, რომელთაც გვთავაზობენ.

4. როგორ შეიძლება თბილისის ტრადიციული იერსახის შენარჩუნება და, მეორე მხრივ, ახალი მშენებლობის წარმოება?

გავიხსენოთ მაგალითად ბუდაპეშტი. იქ შენარჩუნებულია ძველიც და შენდება ახალიც. ასევეა, მაგალითად, ქაირო. გავაკეთოთ ძველი თბილისი. სხვათა შორის, არ ტყუიან ამ მხრივ. პურის მოედანი გაკეთდა და ძალიან ბევრი რამე გაკეთდა და ეს კარგია, მაგრამ როცა 17 თუ 20 მილიონს იხდი იმ ახალ ხიდში, საცალფეხო ხიდი რომ გაკეთდა, და ამ დროს სოლოლაკში არის ავარიული სახლები, - თბილისში სულ 8-10 პროცენტია ავარიული სახლები, - ეს არის დამახინჯება. აი, ასევე აეროპორტიდან რომ მოდის რკინიგზა, რომელშიც 3 წლის განმავლობაში სულ 60 კაცი ჩაჯდა, რატომ ვაკეთებთ ამას?

5. როგორია თქვენი ხედვა ქალაქის ეკოლოგიასთან დაკავშირებით?

ეკოლოგია - პოლიმერების ნარჩენები ძალიან დიდ პრობლემას ქმნის ყველა ქვეყანაში, მისი გადამუშავება კარგად და ეფექტურად შეიძლება. ნაგავი უნდა გადამუშავდეს. მე მყავდა სპეციალისტები ჩამოყვანილი და ამის გაკეთება მინდოდა, მაგრამ მერიას არ მოეწონა ეს პროექტი. ნაგვის გადამუშავება არის პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ და, მეორე, მწვანე ზოლი თბილისში ძალიან ცუდ მდგომარეობაშია.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ანაბრების თემა. გვაქვს ჩვენ ეგ პროგრამაში. ეს უცებ არ გადაწყდება. ჩვენ გვაქვს ჩვენი სქემა. ყველა მეანაბრის ვალი შეიძლება 3-4 წელიწადში იყოს დაფარული. ყოველი გაყიდული ქარხნიდან მისი ღირებულების 10%-ით შეიქმნება ვაუჩერი. პირველივე წელს დაახლოებით 50 მილიონი დოლარის ფონდი შეიქმნება. უნდა მოხდეს ვალების ინდექსაცია. ჯერ უნდა შეიქმნას ჯგუფი, რომელიც დაადგენს, ვის რამდენი ვალი ჰქონდა და რა ვალუტაში, და მერე დაიწყოს პროცესი.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG