Accessibility links

საქართველო IMF-ის მონაცემთა გავრცელების სპეციალურ სტანდარტს მიუერთდა


საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა გავრცელების სპეციალურ სტანდარტს მიუერთდა. სტანდარტი განკუთვნილია იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც სურთ აქტიური მონაწილეობა მიიღონ კაპიტალის საერთაშორისო ბაზრების აქტივობაში. ამჟამად მასში ჩართულია მსოფლიოს 67 სახელმწიფო და ის მოიცავს ძირითადად რეალური, ფისკალური, ფინანსური და საგარეო სექტორების მონაცემებს. მონაცემთა გავრცელების სპეციალურ სტანდარტში მონაწილეობას დიდ ყურადღებას აქცევენ ინვესტორები და საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები. სტანდარტში მონაწილეობა არსებითად ამცირებს საპროცენტო განაკვეთებს სასესხო ვალდებულებების გამოშვებისას. მისი გამოყენება ხელს უწყობს ასევე ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობასაც. გარდა ამისა, საგარეო ვალის რესტრუქტურიზებისას პარიზის კლუბის წევრი ქვეყნები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სტანდარტში დებიტორი ქვეყნის მონაწილეობას. ამიერიდან რეალური, ფისკალური, ფინანსური და საგარეო სექტორების მონაცემებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემთა გავრცელების სპეციალური სტანდარტით დადგენილი პერიოდულობით და ვადებში გაავრცელებენ საქართველოს ეროვნული ბანკი, ფინანსთა სამინისტრო და სტატისტიკის ეროვნული სამსახური.
XS
SM
MD
LG