Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოკოითი-ბროვცევის კონფლიქტი განელდა


კრემლში დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შემდეგ რუსმა მაღალჩინოსნებმა ედუარდ კოკოითი და ვადიმ ბროვცევი თითქოს შეარიგეს. ერთ-ერთ თათბირზე კოკოითიმ ბროვცევს ნდობა გამოუცხადა, მაგრამ აღნიშნა, რომ ზოგიერთ რუს მინისტრთან ვეღარ იმუშავებდა. ამით დე ფაქტო პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრს ზოგიერთი რუსი მოხელის გათავისუფლებისკენ მიანიშნა, მაგრამ ბროვცევს ამ დრომდე არავინ გაუშვია.

კოკოითისა და ბროვცევის დაპირისპირება კვლავ განახლდა მას შემდეგ, რაც ოსმა სამართალდამცავებმა რუსეთის სამი მოქალაქე დააკავეს. ახალგორის ლუდის ქარხნის, ყოფილი „ლომისის“, ამჟამად „ალუტონის“ სამ თანამშრომელს: ალექსეი გრუნინს, ანდრეი აბრამოვს და ალექსეი ნოსაჩოვს ჯერ პასპორტები ჩამოართვეს, შემდეგ კი, გამოძიების დასრულებამდე, 30 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

ოსური სააგენტო „ერსეოინფორმი“ იუწყება, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში საქმის გასარკვევად თავად პრემიერ-მინისტრი ვადიმ ბროვცევი იმყოფებოდა. როგორც ცნობილია, „ალუტონის“ ხელმძღვანელობას სახელმწიფო ფინანსების გაფლანგვაში და ლიცენზიის გარეშე მუშაობასა და გადასახადების დამალვაში ედებათ ბრალი.

„ალუტონის“ ხელმძღვანელებმა, - გენერალურმა დირექტორმა რუსლან შარიპოვმა, წარმოების ხელმძღვანელმა დიმიტრი ლაზარევმა და მთავარმა ბუღალტერმა ანა გალკინამ, - რომლებზეც სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული, დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორია უკვე დატოვეს.

რუსეთის მოქალაქეების დაკავება კი დიპლომატიურ სკანდალში გადაიზარდა. როგორც ჩანს, ბროვცევმა კრემლთან საკუთარი კავშირები კვლავ აამოქმედა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის საელჩომ დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტით მიმართა, სამინისტრომ კი ვითარების შესახებ პასუხი დე ფაქტო რესპუბლიკის გენერალურ პროკურატურას მოსთხოვა. პროკურატურა საგარეო უწყების კითხვებს ამ დრომდე არ უპასუხებს. გარდა ამისა, კოკოითისთვის ცნობილი გახდა, რომ რუსული სამშენებლო კომპანიები ფულის მიღებისთანავე ცხინვალიდან გარბიან. ამიტომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაშლილია.

კოკოითი „ალუტონის“ ხელმძღვანელობის გაქცევით აღშფოთებულია და სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს ადგილზე რუსეთის მოქალაქეების რეგისტრაცია მკაცრ კონტროლზე აიყვანონ.

კოკოითისა და ბროვცევის კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც კრემლმა ეგრეთწოდებული სამხრეთის დირექცია შექმნა. დე ფაქტო რესპუბლიკის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი რუსული ფინანსები ამ დირექციის მეშვეობით ხვდება ცხინვალში და მას მხოლოდ ბროვცევის ეკონომიკური გუნდი აკონტროლებს. გარდა ამისა, ყველა სამშენებლო ტენდერს მხოლოდ ჩელიაბინსკური სამშენებლო კომპანიები იგებენ.

ჩელიაბინსკი ვადიმ ბროვცევის მშობლიური ქალაქია. კოკოითი და მისი გუნდი რუსული ფინანსებისგან მთლიანად ჩამოცილებული აღმოჩნდა და ამის შემდეგ კონფლიქტი ჯერ კოკოითის და ბროვცევის მიერ კონტროლირებული მედიით დაიწყო და ბოლოს გარჩევა უკვე კრემლში გაგრძელდა. ბროვცევმა რუსეთის ფედერაციის რეგიონალური განვითარების მინისტრის მოადგილის რომან პანოვის მფარველობით თანამდებობა შეინარჩუნა, მაგრამ მთავრობის საქმიანობას დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის საგამოძიებო კომისია სწავლობს. კომისიაში კოკოითის მომხრე დეპუტატები შედიან, რომლებმაც საქმის მოკვლევის დასრულების შემდეგ შესაძლოა მთავრობის უნდობლობის საკითხი დააყენონ.

პირველი ორთაბრძოლა ბროვცევმა აშკარად მოიგო, მის მიერ ცხინვალში ჩამოყვანილი მოხელეების დაკავება კი კოკოითის რევანშად ფასდება. ბროვცევის კონტროლირებული „ერსეოინფორმი“ ექსპერტების მოსაზრებებს აქვეყნებს, ექსპერტებისა, რომლებიც „ალუტონის“ თანამშრომლების დაკავებაში პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ და მას ადამიანის უფლებების დარღვევის ჭრილში განიხილავენ.

ოსი უფლებადამცველებიც ხმამაღლა აცხადებენ, რომ ბრძოლა ეკონომიკური დანაშაულისა და კორუფციის წინააღმდეგ კი არა, ფინანსებისა და გავლენის გადასანაწილებლად მიმდინარეობს. ოსი უფლებადამცველი რუსლან მაყაევის აზრით, ფულს როგორც ერთი, ისე მეორე მხარე იპარავს.

ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ ახლა ბროვცევისა და კოკოითის ბრძოლა კრემლის კულისებში მიმდინარეობს, რუსული ფინანსური დახმარებით კი ხელს ორივე მხარე ითბობდა.

ექსპერტების აზრით, ახლა საინტერესო ის არის, მისცემენ თუ არა „ალუტონის“ თანამშრომლები ბროვცევის წინააღმდეგ ჩვენებას, გაჩერებული კი არც დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრია. მან შეძლო და ეს დაკავება დიპლომატიურ სკანდალად აქცია, როცა რუსეთის საელჩომ ნოტა საგარეო უწყებას გაუგზავნა. ბროვცევმა კიდევ ერთხელ მიანიშნა კოკოითის, რომ კრემლი მას კვლავ მფარველობს და საეჭვოა კოკოითის რევანში წარმატებული აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG