Accessibility links

logo-print
ამ კვირის რუსული პრესა, ძირითადად, ქვანახშირის მაღაროზე აფეთქების შედეგად მაღაროელთა დაღუპვასა და ამით გამოწვეულ რუსეთის ეკონომიკის პრობლემებზე წერს. რუსეთში ყველაზე დიდ, რასპადსკაიას ქვანახშირის საბადოზე აფეთქების შედეგად, „ნოვაია გაზეტას“ მონაცემებით, 90-მდე ადამიანი დაიღუპა, მომპოვებელი კომპლექსი კი მეტალის ნანგრევებად იქცა. სხვადასხვა მონაცემებით, მის აღსადგენად 6-ზე მეტი თვეა საჭირო, რაც, რუსული პრესის მიხედვით, პირველ რიგში, სერიოზულად გააძვირებს რუსეთის ქვანახშირის ბაზარს და, საბოლოო ჯამში, რუსეთის ეკონომიკას სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

ეს ტრაგიკული მოვლენა პოლიტიკური სპექტრის მთავარი თემაცაა. პრემიერ-მინისტრი პუტინი ჯერ შემთხვევის ადგილს ესტუმრა, შემდეგ კი განცხადება გააკეთა კატასტროფის მიზეზების საფუძვლიანი გამოძიების შესახებ. გამოძიების საბოლოო შედეგები არ არსებობს, თუმცა „იზვესტია“ ახერხებს საკმაოდ ფუნდამენტური მიზეზების მიგნებას. მთავარი მიზეზი, გაზეთის აზრით, არათავისუფალი საბაზრო გარემოა, როცა წარმოებათა მეპატრონეებს არა აქვთ საშუალება აიღონ იაფფასიანი კრედიტები თანამედროვე აპარატურის შესაძენად და მართვის სისტემების განსაახლებლად. მეორე - თავად საგადასახადო სისტემა, „იზვესტიას“ მიხედვით, ისეა მოწყობილი, რომ მფლობელებს არანაირი სურვილი არა აქვთ ახალი აპარატურა შემოიტანონ და, შესაბამისად, მეტი გადასახადი გადაიხადონ. შედარებისთვის გაზეთს ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი მოჰყავს, შტატებისა, სადაც სახელმწიფო ზარალს იღებს მოკლევადიან პერსპექტივაში და მეწარმეებს ტექნოლოგიის იაფად განახლებაში ეხმარება, რადგან ეს ტექნოლოგია, გრძელვადიან პერსპექტივაში, თავად სახელმწიფოსთვის ხდება მოგების მომტანი. „იზვესტიას“ თქმით, რუსეთში ახალი ტექნოლოგია ინერგება მხოლოდ იქ, სადაც „ძველი დაიშალა და, უბრალოდ, აღარ მუშაობს, და თუ მეპატრონე ხედავს, რომ ძველიდან ჯერ კიდევ შეიძლება რამის გამოწურვა, ის მის გამოწურვას განაგრძობს.“

საბოლოოდ გამოწურული იყო თუ არა რუსეთის ყველაზე დიდი ქვანახშირის საბადო, „იზვესტია“ არ წერს, თუმცა აქვეყნებს პრემიერ პუტინის სიტყვებს, სადაც, ძირითადად, ტექნოლოგიური გაუმართაობაა აქცენტირებული.

მაღაროს აფეთქებამ, ადამიანების დაღუპვისა და რუსეთის ეკონომიკაზე უზარმაზარი გავლენის გარდა, რამდენიმე ათასი უმუშევრად დარჩენილი ადამიანის პროტესტიც გამოიწვია, რაც, რუსული პრესის მიხედვით, ძალოვანმა სტრუქტურებმა სათანადოდ - სპეცნაზის გამოყენებით - ჩაახშეს. ამის პარალელურად, პრესის ფურცლებზე ხშირად ვხედავთ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებულ განცხადებებს ტექნოლოგიისა და წარმოების მოდერნიზების საჭიროებაზე.

სამეცნიერო დარგების და, მათზე დაყრდნობით, ტექნოლოგიების განვითარებაზე საუბარს რუსული პრესა იმ ფრაგმენტული სივრცის გაშუქებით ცდილობს, რომელსაც სკოლკოვო ჰქვია და რომელზეც ცოტა ხნის წინ ჩვენც ვსაუბრობდით. რუსული პრესის მიხედვით, მდგომარეობის გამოსწორებას მთავრობაც ცდილობს. მაგალითად, ისევ „იზვესტიას“ მიხედვით, პრემიერ-მინისტრ პუტინის ახლახან გაკეთებული განცხადების თანახმად, 2 მილიარდი დოლარი სამეცნიერო ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების განვითარებაში ჩაიდება. „იზვესტიას“ მიხედვით, ეს ციფრი ჩინეთის მიერ მეცნიერებაში ჩადებული რესურსის ტოლფასია, რაც ჩინეთის საუნივერსიტეტო სისტემის დასავლურ დონეზე აყვანისა და, შესაბამისად, ქვეყნის ტექნოლოგიური წინსვლის წინაპირობა გახდაო, წერს „იზვესტია“. რუსეთი, ჩინეთის მსგავსად, შედეგებს, სავარაუდოდ, ოცწლიან პერსპექტივაში მიიღებს, თუმცა საინტერესოა ამ ოცი წლის განმავლობაში ენერგეტიკული სტრატეგია, რომელიც რუსეთში შარშან არ შექმნილა და რომელიც, როგორც წინა სტრატეგიები, ისევ ძველი და ტრადიციული ენერგეტიკული წყაროების გამოყენება-განვითარებაზეა გათვლილი. „გაზეტა რუს“ მიხედვით, ეს სტრატეგია 2030 წლამდეა გაწერილი და მისი მიზანია ტრადიციულმა ენერგეტიკულმა დარგებმა კონკურენცია გაუწიონ „სხვა ალტერნატიული საწვავის სახეობებს.“ განვითარებულ დასავლურ ქვეყნებში სტრატეგიები ზუსტად საპირისპიროა, ანუ სტრატეგიაა განვითარდეს არა ძველი, არამედ ახალი ენერგეტიკული წყაროები.
XS
SM
MD
LG