Accessibility links

გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ სათანადო ინვენტარით ყველა საარჩევნო უბნის აღჭურვა უკვე დასრულდა. უბნებში გამოკრულია სიები და ამომრჩევლები საკუთარ თავს ამოწმებენ, სიებში ცვლილებების შეტანის პროცესი კი 15 მაისს დასრულდა. როგორც გორის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი ხორბალაძემ აღნიშნა, გორის რაიონში დამატებით 7 საარჩევნო უბანია გახსნილი დევნილებისთვის, რომლებიც ხმას საკუთარი დასახლების მიხედვით მისცემენ. ხორბალაძის ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისია ახლა ბიულეტენების ბეჭდვას იწყებს. ბიულეტენები საუბნო კომისიებს არჩევნების წინა დღეს გადაეცემა.

გორის მე-6 საარჩევნო უბნის თავმჯდომარის დავით ციცაგის ინფორმაციით, ამომრჩევლების დიდი ნაწილი სიებში საკუთარი თავის გადამოწმებით არ აქტიურობდა. ციცაგის თქმით, გორში პრობლემა ქუჩების არასწორმა ნუმერაციამ წარმოშვა - აღმოჩნდა, რომ ერთ მისამართზე ორი სახლი იყო რეგისტრირებული. მიუხედავად ამისა, ყველა ამომრჩეველი სიაში მაინც მოხვდა.

გასული კვირის ბოლოს გორში ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი იმყოფებოდა, რომელიც კომისიების წარმომადგენლებს, ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების ლიდერებს, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა. ცესკოს თავმჯდომარემ პირობა დადო, რომ 30 მაისის არჩევნები ბევრად უკეთესად ჩატარდება, ვიდრე წინა არჩევნები.

არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები რჩება, გორის ქუჩებში კი მხოლოდ ახლა გამოჩნდა პოლიტიკური პარტიების პლაკატები. ყველაზე მეტი პლაკატი „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სააგიტაციო მასალის განადგურება კანონით აკრძალულია, პარტიების აქტივისტები კონკურენტების პლაკატებს ღამღამობით მაინც ხევენ. ოპოზიციური პარტიების ლიდერები კი თავიანთი თანამოაზრეების დაშინებაზე საუბრობენ, თუმცა კონკრეტულ ფაქტებს, დაშინებულთა უსაფრთხოების მიზნით, არ ახმაურებენ. საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის დარღვევების შესახებ არც ერთი საჩივარი არ არის შესული.
XS
SM
MD
LG