Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპერტები ნატოს ურჩევენ თავის საფუძველს დაუბრუნდეს


მადლენ ოლბრაიტი, შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი (მარცხნივ) და ანდერს ფოგ რასმუსენ, ნატოს გენერალური მდივანი
მადლენ ოლბრაიტი, შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი (მარცხნივ) და ანდერს ფოგ რასმუსენ, ნატოს გენერალური მდივანი
საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა, შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივნის მადლენ ოლბრაიტის ხელმძღვანელობით, გამოაქვეყნა რეკომენდაციები ნატოს სამომავლო სტრატეგიისათვის. მოხსენებაში ისინი აღნიშნავენ, რომ ალიანსი გლობალური საფრთხეების შეფასებისას უნდა დაუბრუნდეს თავის ამოსავალ პრინციპს და მისცეს მყარი გარანტიები აღმოსავლეთ ევროპის იმ ქვეყნებს, რომლებსაც რუსეთიდან მომავალი ტრადიციული საფრთხის შიში აქვთ.

წამყვანი საერთაშორისო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნატომ თავის მიერ დასახული ამოცანების შესრულება ისეთნაირად უნდა განაგრძოს, რომ მისი წევრები დარწმუნებული იყვნენ, რომ დაზღვეულები არიან ყოველგვარი საფრთხისაგან. ეს არის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია, რომელიც 17 მაისს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს გადაეცა. რეკომენდაციების პრეზენტაციაზე ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელმა მადლენ ოლბრაიტმა განაცხადა, ნატომ არ უნდა დაივიწყოს თავისი უმთავრესი პრინციპი - კოლექტიური თავდაცვა, როდესაც გლობალურ საფრთხეებსა და გამოწვევებთან უწევს გამკლავებაო.

„ჩვენ სერიოზულად უნდა დავარწმუნოთ ნატოს წევრები, რომ მე-5 პუნქტი [კოლექტიური თავდაცვის შესახებ] კვლავ რჩება როგორც ალიანსის ცენტრალური ასპექტი და, იმავდროულად, უზრუნველვყოფთ რა ალიანსის უსაფრთხოებას, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ გავუმკლავდეთ გამოწვევებს ჩვენი საზღვრების გარეთ.“

ნატო დღემდე ხელმძღვანელობს კონცეფციით, რომელიც 1999 წელს იქნა მიღებული. ანგარიშის გადაცემის დროს ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ რეკომენდაციებს გაითვალისწინებს ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაში, რომელიც ალიანსის ლისაბონის სამიტზე დამტკიცდება ნოემბერში:

„ექსპერტთა ჯგუფმა სერიოზულად შეისწავლა გლობალური უსაფრთხოების ტენდენციები და წარმოადგინა მიუკერძოებელი და პატიოსანი შეფასება ყველა იმ სფეროსი, სადაც გვესაჭიროება ტრანსფორმირება, რათა სრულყოფილად შევძლოთ იმ გამოწვევების გამკლავება, რომლებიც 21-ე საუკუნეში გველოდება.“

ოლბრაიტის ანგარიშში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ალიანსმა უკეთ უნდა გაიაზროს რუსეთთან დაკავშირებული პრობლემა.

დოკუმენტის თანახმად, რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ნატოს შიგნით არაერთგვაროვანია. კერძოდ, ყველა წევრი თანხმდება, რომ, როგორც პარტნიორს, რუსეთს დიდი პოტენციალი აქვს. დამოკიდებულება მკვეთრად განსხვავდება, როდესაც საქმე ეხება მოსკოვის ნებას, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს ნატოსთან. პოზიტიურად არის შეფასებული ოლბრაიტის დოკუმენტში ის ფაქტი, რომ რუსეთსა და ნატოს აქვთ თანხვდენილი ინტერესები. ესენია: თანამშრომლობა ავღანეთის მოწესრიგების საკითხში, ბირთვული იარაღის შემცირება, ტერორიზმი და მეკობრეობა.

საერთაშორისო ექსპერტთა ანგარიშში ნახსენებია „საქართველოს კრიზისი“, მაგრამ არაფერია ნათქვამი ბალტიის ქვეყნებზე, რომლებიც, ყველაფერთან ერთად, მიიჩნევენ, რომ ალიანსი ან ვერ დაიცავს, ან არ დაიცავს მათ რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმის შემთხვევაში.

თუმცა ალიანსის თავდაცვითი მოთხოვნების ირგვლივ შეთანხმების მიღწევის რეკომენდაცია არ ნიშნავს, თითქოს ოლბრაიტის ანგარიში სთავაზობდეს ალიანსს, უარი თქვას გლობალური უსაფრთხოების ამოცანების შესრულებაზე. პირიქით, დოკუმენტის თანახმად, ავღანეთი და საერთაშორისო უსაფრთხოება ალიანსის დღის წესრიგის უმთავრეს საკითხებად არის მიჩნეული.
თუმცა, როგორც ოლბრაიტმა განაცხადა, საჭიროა, რომ ნატოს მისიასა და როლზე უკეთ იყოს ინფორმირებული ნატოს წევრი ქვეყნების შიდა აუდიტორია.

„ანგარიშზე მუშაობის პროცესში ჩვენ დავინახეთ - და ამაზე გენერალურმა მდივანმაც გაამახვილა ყურადღება - საზოგადოებრივი მხარდაჭერისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობა. ჩვენ ვართ დემოკრატიების ალიანსი, რაც არის კიდეც ალიანსის საფუძველი და აშკარად გულისხმობს ჩვენი საზოგადოებების მოთხოვნას, იცოდნენ, რა როლი გვაკისრია 21-ე საუკენეში.“

კიდევ ერთი საკითხია ევროპის ფინანსური კრიზისი, რის გამოც მთავრობები ბიუჯეტებს ამცირებენ. მაგრამ უმთავრესი გამოწვევა ალიანსისათვის არის ავღანეთში მიმდინარე უსაფრთხოების მხარდამჭერი ოპერაცია, რომლის წარმატებით დასრულებაც ბევრს ნიშნავს ალიანსის ავტორიტეტისა და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების თვალსაზრისით. ამ მხრივ, მადლენ ოლბრაიტის ხელმძღვანელობით მოქმედი ექსპერტთა ჯგუფი მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს ნატოს როლის გაზრდას ავღანეთში. ანგარიშის თანახმად, ნატომ „ღია უნდა“ დატოვოს კარი უკრაინისა და საქართველოსათვის, თუმცა ასევე ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომ ამას წინ უნდა უძღოდეს მათ მიერ ადრე აღებული ვალდებულებების შესრულება.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG