Accessibility links

logo-print

„ინტერ რაოს” საქმიანობა საქართველოში კვლავაც საიდუმლოა


ენგურჰესი

ენგურჰესი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და მთავრობის წინააღმდეგ გაზეთ "რეზონანსისა" და "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" (საია) საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს განიხილა და სარჩელი არ დააკმაყოფილა. მოსარჩელეები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას საკასაციო სასამართლოში აპირებენ.

საქართველოს მთავრობის მიერ კომპანია „ინტერ რაოსთან“ გააფორებულ მემორანდუმს დღემდე გრიფი ”საიდუმლო” ადევს. დოკუმენტი ენგურჰესის მუშაობაში ამ კომპანიის ჩართვას ითვალისწინებს, თუმცა რა ფორმით, რა ვადით ან მხარეთა რა ვალდებულების საფუძველზე, უცნობია.

ენერგეტიკის სამინისტრო და საქართველოს მთავრობა კომპანია „ინტერ რაოს“ კომერციულ საიდუმლოებას იცავენ. „რეზონანსი“ კი ამ დოკუმენტის წაკითხვას და განსაჯაროებას უკვე მეორე წელია ცდილობს. პირველი ინსტანციის სასამართლოში ერთწლიანი დავის შემდეგ გაზეთს უარი განუცხადეს. ახლა უკვე იმავე მოთხოვნას გაზეთი ახალგაზრდა იურისტებთან ერთად სააპელაციო სასამართლოს წინაშე აყენებდა.

სახელმწიფო აცხადებს, რომ დოკუმენტი კომერციული საიდუმლოებაა და კომპანიას მისი საიდუმლოდ დატოვების მოთხოვნის უფლება აქვს. ამ განმარტებებს მოსარჩელე მხარე, გაზეთი ”რეზონანსი” და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ორი ძირითადი მიზეზის გამო არ ეთანხმება. პირველი: კომპანია "ინტერ რაოს“ აქციათა ძირითად ნაწილს, ინტერნეტ ენციკლოპედია ვიკიპედიას მიხედვით, რუსეთის სახელმწიფო ფლობს, რაც, მოსარჩელეთა აზრით, უბრალოდ, რუსეთის მთავრობას ნიშნავს.

მეორე მიზეზი თავად ენგურჰესის მდებარეობაა - ის აფხაზეთში კონფლიქტურ ზონას ემიჯნება. მოსარჩელე მხარეს ამ შემთხვევაში მიაჩნია, რომ მისი დაზიანების ან სხვა ნებისმიერი პრობლემის შემთხვევაში საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია ვინ და რაზეა პასუხისმგებელი.

5 მაისს გამართულ სასამართლო პროცესზე მხარეების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ქეთევან დუგლაძემ ჯერ მხარეებს მორიგების ვარიანტი შესთავაზა, როცა დოკუმენტის რაღაც ნაწილი მაინც გახდებოდა საჯარო - თუნდაც ის ნაწილი, რომელიც კომპანიის პირდაპირ კომერციულ საიდუმლოებას კი არა, როგორიცაა, მაგალითად, სატარიფო პოლიტიკა, არამედ მმართველობის ფორმებს ან მხარეთა პასუხისმგებლობებს მოიცავდა. ამაზე მოპასუხე მხარემ უარი განაცხადა. რადგანაც მხარეებთან ვერაფერს გახდა, მოსამართლემ სხდომა ორი კვირით გადადო. ეს ვადა კი იმისთვის სჭირდებოდა, რომ დოკუმენტს ფარულ რეჟიმში თავად გაცნობოდა.
XS
SM
MD
LG