Accessibility links

logo-print

ტაილანდის ოპოზიციამ ქვეყნის დედაქალაქში საპროტესტო აქცია შეწყვიტა


ტაილანდის ოპოზიციამ ქვეყნის დედაქალაქში მარტიდან დაწყებული საპროტესტო აქცია შეწყვიტა. ოპოზიციის გაერთიანებული ფრონტის ლიდერებმა, რომლებიც მხარდამჭერებთან ერთად მთავრობის გადადგომას, პარლამენტის დათხოვნას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვდნენ, დღეს განაცხადეს, რომ აქცია ახალი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად შეწყვიტეს. ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე საათით ადრე სამხედროებმა ბანგკოკის ცენტრში ოპოზიციის კარვების ქალაქზე იერიში მიიტანეს. დაიღუპა მინიმუმ ოთხი ადამიანი, მათ შორის იტალიელი ფოტორეპორტიორი. გასული რამდენიმე დღის განმავლობაში ტაილანდის ოპოზიციის და სამართალდამცავების დაპირისპირებას 40-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დღეს ტაილანდის სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ ანტისამთავრობო დემონსტრაციების დაშლის ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მოგვიანებით სააგენტო როიტერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დემონსტრანტები თავს დაესხნენ ბანგკოკის საფონდო ბირჟას და ერთ-ერთი ტელეკომპანიის ოფისს. საინფორმაციო სააგენტოები ასევე იუწყებიან, რომ დაძაბულობის ახალი კერები გაჩნდა ბანგკოკის ცენტრიდან მოშორებულ რაიონებში, ტაილანდის ჩრდილო-დასავლეთით კი, ოპოზიციის მომხრეებმა ცეცხლი რამდენიმე სამთავრობო დაწესებულებას წაუკიდეს. შექმნილი ვითარების გამო, ტაილანდის მთავრობამ დედაქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადა.
XS
SM
MD
LG