Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ინტერ რაოს” საქმიანობა საქართველოში კვლავაც საიდუმლოა


იგივე მოსამართლე, იგივე სასამართლო დარბაზი და გადაწყვეტილება: დოკუმენტი საიდუმლო დარჩება. ორწლიანი დავის შემდეგ გაზეთი „რეზონანსი“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უკვე მეორე ინსტანციის სასამართლომ უარით გამოისტუმრა. ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც საქართველოს მთავრობამ რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ენერგოკომპანია „ინტერრაოესთან“ გააფორმა და რომელიც „ენგურჰესის“ მმართველობაში რუსული კომპანიის ჩარევას გულისხმობს, გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტად რჩება.

ორი კვირის წინ ნახევრად ცარიელ მცირე სააპელაციო სასამართლოს დარბაზში მოსამართლე ქეთევან დუგლაძემ მხარეებს მორიგება შესთავაზა, როცა დოკუმენტის რაღაც ნაწილი მაინც გახდებოდა საჯარო. მორიგება მოსამართლის მხრიდან უფრო ფორმალური შეთავაზება იყო, რადგან დაცვის მხარის იურისტებს არათუ ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღების უფლება დოკუმენტის ნაწილის განსაჯაროება-არგანსაჯაროებაზე, არამედ თავად დოკუმენტის წაკითხვის უფლებაც კი არ ჰქონდათ. ამის შემდეგ, როგორც გახსოვთ, მოსამართლე დუგლაძემ გადაწყვეტილების გამოცხადება ორი კვირით გადადო. ეს ვადა მოსამართლეს იმისთვის სჭირდებოდა, რომ დოკუმენტს, გრიფით „საიდუმლო“, თავად გასცნობოდა, რის უფლებასაც მას, როგორც მოსამართლეს, კანონმდებლობა აძლევს.

ვადის გასვლის შემდეგ მოსამართლემ მხარეებს კიდევ ერთხელ ჰკითხა, მორიგდნენ თუ არა, და უარის მიღების შემდეგ გადაწყვიტა, რომ დოკუმენტი კომერციული საიდუმლოებაა და, შესაბამისად, მისი განსაჯაროება არ შეიძლება. წაიკითხა თუ არა დოკუმენტი თავად მოსამართლემ? „რეზონანსის“ მხარის წარმომადგენელი ლაშა ტუღუში ვარაუდობს, რომ - არა.

„ამ მოსამართლეს, მე მგონი, რომ არა, და წინა მოსამართლეს კი... ყოველ შემთხვევაში, არაფერი უთქვამს ამ მოსამართლეს მემორანდუმთან დაკავშირებით. უბრალოდ იკითხა, რა ქენით, შეთანხმდითო? და იყო პასუხი, არაო. კატეგორიულნი იყვნენ ენერგეტიკის სამინისტროს და ხელისუფლების წარმომადგენლები. ამის შემდეგ ისინი გავიდნენ გადაწყვეტილების მისაღებად და გვამცნეს, რომ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

ამ დოკუმენტის განსაჯაროებას „რეზონანსი“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ ერთად, უკვე მეორე ინსტანციის სასამართლოსგან ითხოვდა. რთულია იმის დადგენაც, ეცნობიან თუ არა თავად მოსამართლენი ამ დოკუმენტს, რადგან შეუძლებელია მსჯელობა მისი საფრთხეების შესახებ მის შიგთავსზე საუბრის გარეშე. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელს თამარ კორძაიას მიაჩნია, რომ დოკუმენტი მოსამართლემ წაიკითხა, თუმცა, ამის მიუხედავად, სასამართლოს საქმეზე საკმარისად არ უმსჯელია.

„ჩვენი მოთხოვნა იყო, მთლიანად თუ არა, რაღაც ნაწილი მაინც უნდა იყოს ღია, მაგრამ, სამწუხაროდ, სასამართლომ ამაზე დღეს არ ილაპარაკა.“

რატომ არ დაუკმაყოფილა მოსარჩელეთ თუნდაც ნახევარი მოთხოვნისა მოსამართლე ქეთევან დუგლაძემ და რატომ გადაწყვიტა, რომ მთელი მემორანდუმი წარმოადგენს კომერციულ საიდუმლოებას, მაშინ როცა მოსამართლე წინა პროცესზე თავად მიმართავდა მოპასუხე მხარეს, განსაჯაროება მომხდარიყო მემორანდუმის იმ დეტალებისა, რომელნიც არა კომერციულ, არამედ უფრო საჯარო ფაქტებს მოიცავდნენ? საკუთარი გადაწყვეტილების არგუმენტაცია დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე დუგლაძეს არ მოუყვანია. კანონის მიხედვით, მან საკუთარი გადაწყვეტილების ახსნა მხარეებს ორი კვირის ვადაში უნდა გააცნოს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელი თამარ კორძაია ამ არგუმენტაციას ელოდება, თუმცა ამბობს, რომ რაც არ უნდა იყოს არგუმენტაციაში, მხარე უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.

„ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა, უნდა ვიცოდეთ ქვეყანაში ყველაზე დიდი სტრატეგიული ობიექტი როგორ განიკარგება. ამ ობიექტის დაზიანებამ და მისმა არასწორმა მართვამ შეიძლება კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდოს ადამიანების სიცოცხლე, ჯანმრთელობა, არსებული გარემო. ამან, დამატებით, შეიძლება ნახევარი საქართველო ენერგიის გარეშე დატოვოს.“

ამ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე ხელს კონსტიტუციისკენ იშვერს, რომლის ორმოცდამეერთე მუხლის მიხედვით, ინფორმაცია შესაძლოა იყოს საიდუმლო, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი ადამიანების ჯანმრთელობას, მათ უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს. მოსარჩელეთა განცხადებით, ენგური სწორედ ასეთი ობიექტია.
XS
SM
MD
LG