Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის მთავრობამ ისლამური ჩადრის ამკრძალავი კანონპროექტი დაამტკიცა


საფრანგეთის მთავრობამ 19 მაისს საჯარო ადგილებში ისეთი ისლამური ჩადრის ტარების ამკრძალავი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც მთელ სახეს ფარავს. ახლა კანონპროექტი პარლამენტმა უნდა განიხილოს. მსგავსი აკრძალვა, ევროპაში პირველად, ერთი თვის წინ მიიღეს ბელგიის პარლამენტარებმა.

საფრანგეთმა კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა საჯარო ადგილებში ისეთი ისლამური ჩადრის ტარების აკრძალვისკენ, რომელიც მთელ სახეს ფარავს. ოთხშაბათს ასეთი აკრძალვის შემცველი კანონპროექტი ქვეყნის მთავრობამ დაამტკიცა.

გადაწყვეტილება მიიღეს მიუხედავად ექსპერტების გაფრთხილებისა, რომ ასეთ აკრძალვას შეიძლება სამართლებრივი სირთულეები შეხვდეს.

კანონპროექტი კრძალავს ისეთ ჩადრს, რომელიც ფარავს სახეს და მთელ სხეულს. ამგვარ ისლამურ სამოსს ბურკას ან ნიყაბს უწოდებენ. „არავის შეუძლია სახის დასამალად გამიზნული სამოსის ტარება საჯარო ადგილებში“, მათ შორის - საზოგადოებრივი მომსახურების პუნქტებსა და ქუჩებშიო, ნათქვამია კანონპროექტის ტექსტში.

მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ მთავრობის წარმომადგენელმა ლუკ შატელმა განაცხადა, ასეთი აკრძალვა აუცილებელია, რათა დაცული იყოს ქალების ღირსება და საფრანგეთის რესპუბლიკური პრინციპებიო.

თუმცა კანონპროექტი საფრანგეთის საზოგადოებაში ცხარე კამათს იწვევს.

მაგალითად, ალჟირული წარმოშობის ფრანგი ქალი, სახელად ნაიეტი, ამბობს, რომ უკვე ათწლეულზე მეტია ნიყაბს ატარებს - ჩადრს, რომელიც მხოლოდ თვალებს აჩენს.

სააგენტო „როიტერთან“ საუბარში ნაიეტმა მთავრობას მისი თავისუფლების შეზღუდვაში დასდო ბრალი.
„როცა მესმის: საფრანგეთი, თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა - ეს ერთი დიდი სიცრუეა. თავს დიქტატურის პირობებში ვგრძნობ“, - განაცხადა მან.

კანონპროექტის თანახმად, ნებისმიერი პირი, რომელიც კანონს დაარღვევს, 150 ევროთი დაჯარიმდება და, შესაძლოა, მოქალაქეობის კურსების გავლაც მოუხდეს.

ამასთან, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ქალს აიძულებს ამგვარი ჩადრი ატაროს, შეიძლება ერთი წლის ვადით ციხეში აღმოჩნდეს და, ჯარიმის სახით, 15,000 ევროს გადახდა მოუწიოს.

კანონპროექტი ახლა პარლამენტის ქვედა პალატას გაეგზავნება, ივლისში დებატების გამართვის მიზნით. სენატი კი მას სექტემბერში განიხილავს. ამ პროცესში კანონპროექტის ტექსტმა, შესაძლოა, ცვლილებები განიცადოს.

დამტკიცების შემთხვევაში კანონი 6 თვის შემდეგ ამოქმედდება, რათა საკმარისი დრო დარჩეს იმისათვის, რომ მისი არსი საზოგადოებას სათანადოდ აუხსნან.

კანონპროექტის კანონად ქცევას, სავარაუდოდ, გარკვეული სამართლებრივი სირთულეები შეხვდება.

საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა უწყებამ უკვე ორჯერ გამოთქვა ეჭვი იმის თაობაზე, თუ რამდენად შეესაბამება ამგვარი აკრძალვა ქვეყნის კონსტიტუციას. სახელმწიფო საბჭოს გაფრთხილებით, ამგვარი კანონის იურიდიული სირთულეების გარეშე ამოქმედება, სავარაუდოდ, შეუძლებელი იქნება.

ამგვარი გაფრთხილებების უგულებელყოფის გამო, მთავრობას შეიძლება კიდევ ერთი ორგანოს - საკონსტიტუციო საბჭოს - მხრიდან შეექმნას პრობლემები. მაგრამ მმართველი პარტიის ზოგიერთი წევრი აცხადებს, რომ ასეთ შემთხვევაში რეფერენდუმს ჩაატარებენ.

საფრანგეთში დაახლოებით 5 მილიონი მუსულმანი ცხოვრობს - ყველაზე მეტი, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მთლიან ჩადრს - ყველაზე ხშირად კი, ნიყაბს - დაახლოებით 1,900 მუსულმანი ქალი ატარებს.

ანალოგიური კანონპროექტი მუშავდება მეზობელ ბელგიაშიც, სადაც 29 აპრილს კანონი დიდი უპირატესობით დაამტკიცეს პარლამენტარებმა. ახლა ის სენატმაც უნდა მიიღოს.

ასეთი აკრძალვის ამოქმედებას განიხილავენ სხვა ქვეყნებშიც - მათ შორის ჰოლანდიაში, ავსტრიასა და დანიაში.
მიმდინარე თვის დასაწყისში ევროპის პარლამენტის წევრი სილვანა კოხ-მეჰრინი მთლიანი ჩადრის ევროპის მასშტაბით აკრძალვის მოწოდებით გამოვიდა. ქალების ჩადრით შებურვა „ღიად უჭერს მხარს იმ ღირებულებებს, რომლებსაც ევროპაში არ ვიზიარებთო“, - განაცხადა მან.
XS
SM
MD
LG