Accessibility links

logo-print

ავღანეთში ნატოსა და ამერიკის სამხედრო დანაკარგები იზრდება


ნატოს სარდლობა აცხადებს, რომ სულ მცირე 10 მეამბოხე დაიღუპა ქაბულთან ახლოს, ბაგრამის საჰაერო ბაზასთან, დღეს მომხდარი შეტაკების დროს. აღნიშნულ შეტაკებას ნატოს ყველაზე დიდ ბაზასთან წინ უძღოდა ქაბულში კოალიციის სამხედრო ბადრაგზე თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი თავდასხმა, რომლის დროსაც 12 სამოქალაქო პირი და საერთაშორისო ძალების 6 სამხედრო მოსამსახურე - მათ შორის, 5 ამერიკელი ჯარისკაცი - დაიღუპა. გუშინდელი თავდასხმის შედეგად, ამერიკის არმიის დანაკარგმა ავღანეთში უკვე 1000-ს მიაღწია.

ტალიბანის მებრძოლები, რომლებმაც 19 მაისს იერიში მიიტანეს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ხელის ყუმბარსატყორცნებით იყვნენ შეიარაღებული და წელზე შემორტყმული ჰქონდათ ასაფეთქებელი ქამრები. ორმხრივი სროლის შედეგად, 10 თავდამსხმელი გაანადგურეს, თუმცა მანამდე ტალიბმა მებრძოლებმა მოასწრეს და 5 ამერიკელი ჯარისკაცი დაჭრეს. ამერიკული სარდლობის ცნობით, თავდასხმა დილით მოხდა. რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურთან საუბარში ამერიკის სამხედრო სარდლობის წარმომადგენელმა ვირჯინია მაკ კაბიმ ასე აღწერა მომხდარი თავდსხმა:

„ამ დილას რამდენიმე თავდამსხმელი დაიღუპა ბაგრამის ბაზაზე განხორციელებული შეტევის დროს. თავდამსხმელებმა გამოიყენეს რაკეტები, მცირე შეიარაღება და ხელყუმბარები. ჩვენი ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა და ერთ-ერთი შენობა მცირედ დაზიანდა. უსაფრთხოების ძალები მოქმედებდნენ სწრაფად და ვერც ერთმა თავდამსხმელმა ბაზის შიგნით შეღწევა ვერ მოახერხა.“

ბაგრამის საავიაციო ბაზა ქაბულიდან 50 კილომეტრში მდებარეობს და ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედი კოალიციის უდიდესი საავიაციო პუნქტია. თუმცა ტალიბმა თვითმკვლელმა ტერორისტული თავდასხმა ავღანეთის დედაქალაქშიც მოაწყო სამხედრო ბადრაგზე. 18 მაისს მომხდარი თავდასხმის შედეგად, 12 სამოქალაქო პირი და 6 სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ავღანეთში ძალადობის ზრდის კვალობაზე იზრდება სამხედრო დანაკარგებიც კოალიციის რიგებში. ამერიკის არმიის დანაკარგებმა, გუშინდელი თავდასხმის ჩათვლით, უკვე 1000-ს მიაღწია.

ტალიბი მეამბოხეების მხრიდან თავხედური თავდასხმების გააქტიურებამ, ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა ზიანი მიაყენოს ავღანეთის პრეზიდენტის ჰამიდ კარზაის მიერ აღებულ კურსს, რომელიც ტალიბების ლიდერებთან შერიგებას ითვალისწინებს და ფართოდ იყო მხარდაჭერილი საერთაშორისო დონორების მიერ.

ტალიბანის მოძრაობამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 20 მაისიდან იწყებს შეტევას მთავრობის, ნატოსა და დიპლომატიური კორპუსის წინააღმდეგ, რათა ხელი შეუშალოს ალიანსის სარდლობას იმ სამხედრო გეგმის განხორციელებაში, რომელიც ავღანეთის სამხრეთში მდებარე ყანდაარის რაიონის მეამბოხეთაგან გაწმენდას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG