Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ოქროს ასაკი” კანში


”კანის ფესტივალისთვის ტიპიური სიმპტომებია!” - მითხრა ჭაღარა ფარმაცევტმა მას მერე, რაც კანის ერთ პატარა აფთიაქში ძლიერი წამალი ვთხოვე ტაქიკარდიის წინააღმდეგ.

როცა დღეში 5 ფილმს ნახულობ, ბევრ ყავას სვამ და ბევრს ეწევი, ღამეებს ათენებ და ემოციებით ხარ დატვირთული, აჩქარებული გული, ციებ-ცხელების განცდა და კუნთების ტკივილი ბუნებრივიაო.

არ ვეწევი მეთქი - ამაყად ვუთხარი. მერე ისიც დავაყოლე, რომ ასეთ ცხოვრებას შეჩვეული ვარ და ყოფილა შემთხვევა, დღეში 7 ფილმი მინახავს.

მაგნეზიუმის და C ვიტამინის აბები შემომთავაზა და ჩემი ასაკით დაინტერესდა.

ეს ”ასაკი” სულ მავიწყდება ხოლმე. ზრდილობიანი ფრანგი ფარმაცევტი იყო და ვერ მეტყოდა, შვილო, დღე-ღამეში 7 ფილმს როცა ნახულობდი ახალგაზრდა და ჯან-ღონით სავსე იყავიო. ზრდილობიანი ფრანგი ფარმაცევტი იყო და ჩემი მდგომარება ასე ახსნა:

”ეჰ, გააჩნია, რას უყურებ. ცუდი ფილმები ძალიან ღლის ადამიანს - ფიტავს ორგანიზმს და ნერვულ სისტემას აზიანებს. ეტყობა, წელს ცუდი ფესტივალია!”

ჰო, თავიდან მეც ასე ავხსენი ჩემი მდგომარება კანის 63-ე კინოფესტივალზე. ზოგიერთ ფილმზე - თუ არ ვცდები, პირველად ჩემს ცხოვრებაში - ჩამეძინა. ზოგიერთ სეანსზე ჰაერის უკმარისობამ შემაწუხა, ზოგზე გულმა ისე ხმამაღლა დამიწყო ძგერა, რომ მომეჩვენა, მთელ დარბაზს ესმოდა ეს ხმა. აბას ქიოროსთამის ფრანგულ-იტალიური ფილმის, ”დადასტურებული ასლის” პრემიერაზე გამიელვა აზრმა, რომ ესაა ყველაზე უბედური წუთები ჩემს ცხოვრებაში, რომ ვერ გავდივარ დარბაზიდან, რადგან კინომცოდნე ვარ, კანში ჩამოვედი და რაღაც უნდა ვნახო ბოლომდე.

იმის გაფიქრება, რომ ”ასაკი ფიტავს”, იმდენად არ მინდოდა, რომ კოლეგებს სიამოვნებით გავუზიარე ჩემი აღმოჩენა - კანის წლევანდელ ფესტივალზე ”ოქროს ასაკი” ლიდერობს - 102 წლის პორტუგალიელი რეჟისორის, მანუელ დე ოლივეირას პრესკონფერენციას ყველაზე მეტი ჟურნალისტი დაესწრო. კანის საფესტივალო დარბაზები ყველაზე სწრაფად შეივსო იმ რეჟისორების ფილმებზე, რომლებმაც 70 წელს გადააბიჯეს - კენ ლოუჩის, ჟან-ლუკ გოდარის, ანიეს ვარდას, ოთარ იოსელიანის, ბერტრან ტავერნიეს ფილმებზე.

და, რაც მთავარია, ფესტივალის დასრულებამდე 4 დღე დარჩა, მაგრამ ორი გამოკვეთილი ლიდერის, ბრიტანელი რეჟისორის, მაიკ ლის სურათი ”კიდევ ერთი წელი” და კორეელი ლი ჩანგის ”პოეზია” ფაქტობრივად ერთი და იმავე თემის - ასაკში შესულთა მარტოობის - ინტერპრეტაციაა. მაიკ ლის ფილმში, პირველად კინოს ისტორიაში, რეჟისორი ახერხებს, აატიროს დარბაზი იმ პერსონაჟის დაკრძალვის რიტუალზე, რომელიც საერთოდ არ უნახავს მაყურებელს. კორეული სურათი კი იმდენად სახიერია და მართლაც პოეტური, რომ ფილმის მსვლელობის პროცესში გიჩნდება სურვილი, თავი დაანებო სუბტიტრების კითხვას და დატკბე ამ ”ეგზოტიკური ენის” ჟღერადობით და რითმებით.

ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი, რომ ”კინო დაბერდა”? რომ ახალგაზრდებს არ ჰყოფნით არც ნიჭი და არც გამოცდილება იმისთვის, რომ ჩაუღრმავდნენ სინამდვილეს? და რომ ცოტა ხანში, კინოს სამყაროში შეიძლება აღარავინ დარჩეს, ვიზეც ვიტყვით, ”ეს სახელია... მისი ფილმის გამო ღირს კანის ფესტივალზე წასვლა”?

მას მერე, რაც ჩემი თავი დავარწმუნე, რომ ასაკი არაფერ შუაშია და გადაღლილობის ეს განცდა ზოგადად ჩემმა ”წლევანდელმა სტრესებმა” და ფესტივალის ცუდმა პროგრამამ განაპირობა, ცოტა გავმხიარულდი კიდეც. ჩემს საყვარელ საქილიკო ობიექტს - ჟულიეტ ბინოშს დავუბრუნდი! აბა, როგორ ვიქნებოდი კმაყოფილი ფესტივალით, რომლის პოსტერს ბინოში ამშვენებს? ანდა, როგორ არ წარმოვიდგენდი თავს ”ჯოჯოხეთში” აბას ქიოროსთამის ფილმზე, რომელშიც მთავარ როლს ბინოში ასრულებს?

გავმხიარულდი ”კინო მოკვდა, კინო მოკვდას” ძახილსა და C ვიტამინის აბების სმაში.

მაგრამ გუშინ ფესტივალზე უჩვენეს უკრაინული ფილმი, ”ჩემი ბედნიერება”, რომელმაც მთელი ეს კონცეფცია დაანგრია. ესაა 46 წლის სერგეი ლოზნიცას დებიუტი დიდ კინოში, ფილმი, რომელიც არაა გამორიცხული, კანის წლევანდელი ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი პრიზის ლაურეატი გახდეს, თუკი ჟიურის თავმჯდომარეს, ტიმ ბარტონს ახალი ”რუსოფილური კონიუქტურის” არ შეეშინდა, თუკი ჟიურიმაც არ დაიჯერა წლევანდელ ფესტივალზე გავრცელებული მოსაზრება, თითქოს უკრაინა კონკურსში რაღაც ანტირუსული ფილმითაა წარმოდგენილი და რომ ნიკიტა მიხალკოვის ახალი ფილმის კონკურსში ჩართვა სწორედ ლოზნიცას სურათმა განაპირობა - ამით კანის ფესტივალის დირექციამ ბალანსი დაიცვა რუსოფილურსა და რუსოფობურს შორის.

წარმოშობით ბელორუსი რეჟისორის უკრაინული ფულით გადაღებული სურათი რუსეთს რომ წარმოედგინა, საეჭვოა, ამდენი ელაპარაკათ ფილმის ანტირუსულ პათოსზე. მაგრამ, საქმეც ისაა, რომ პუტინის რუსეთში ასეთ კინოს ვეღარავინ იღებს - ვეღარავინ ბედავს იმის აღიარებას, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევამ ამ ქვეყანაში არაფერი შეცვალა. ქვეყანა ისევ ის ”უზარმაზარი ჩერნუხაა”, რაც იყო საბჭოთა კავშირის დროს. ყოველ შემთხვევაში, ასეა ნამდვილად რუსულ პროვინციაში, რომლის შესახებ მსოფლიომ ბევრი არაფერი იცის და თანამედროვე რუსეთი მხოლოდ მოსკოვი და სანქტ-პეტერბურგი ჰგონია.

კანის წლევანდელ კინოფესტილზე კინოდებიუტანტის წარმატება კი იმის მანიშნებელია, რომ არანაირი აპოკალიფსი კინოხელოვნებას არ ემუქრება. მარტო ის რად ღირს, რომ კანის ფესტივალის კონკურსგარეშე პროგრამებში წელს ოთხი რუმინული ფილმი იყო წარდგენილი და ოთხივე, როგორც ამბობენ, ძალიან საინტერესო. რომ აღარაფერი ვთქვათ სამხრეთ კორეაზე, სადაც კინოხელოვნების ნამდვილი ბუმია... ამიტომაცაა, ალბათ, რომ წლევანდელი ფესტივალის 19 საკონკურსო ფილმიდან 2 სურათი სეულშია გადაღებული.

ასე რომ, კინო ჩვენთან ერთად არ ბერდება. და არც კანის ფესტივალის და, მით უმეტეს, არც კინოხელოვნების ბრალი არაა, თუკი გული ისე ჯანმრთელად არ გვიძგერს, როგორც სიყმაწვილეში.

ფესტივალის შედეგებს კვირას საღამოს შევიტყობთ. შაბათს ნიკიტა მიხალკოვის ფილმის პრემიერაა. ამბობენ, მიხალკოვი ამტკიცებს, სტალინმა მართლმადიდებლობა იხსნაო. არა მგონია, ასეთ მარაზმში იყოს. ყოველ შემთხვევაში სასტვენეებს ვიყიდით და სეანსის ბოლოს ახალგაზრდობას გავიხსენებთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG