Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტი ევროკავშირს სამხრეთ კავკასიაში აქტიურობისკენ მოუწოდებს


ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზი
ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზი
ევროპელმა პარლამენტარებმა დღეს ევროკავშირს მოუწოდეს, უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში. საკუთრივ რეგიონს ახალ ანგარიშში ევროკავშირისთვის „დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის“ მქონედ მოიხსენიებენ, თუმცა გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, შტეფან ფიულემ, საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი იქვე გააფრთხილა, რომ ევროკავშირთან დასაახლოებლად მათ რეფორმების გატარების პროცესში პროგრესი ესაჭიროებათ.

ევროპის პარლამენტმა ევროკავშირს მოუწოდა უფრო აქტიურად ჩაერთოს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში - მათ შორის, გაყინული კონფლიქტების გადაჭრის საქმეში.

ეს მოწოდება პარლამენტის მიერ ხუთშაბათს მიღებულ არასავალდებულო ანგარიშშია გამოთქმული.

აქვე გეტყვით, საქართველოსთვის ეს ანგარიში დამატებით დადებით ფაქტორს შეიცავს: ევროკავშირის ორმა ყველაზე დიდმა პოლიტიკურმა ჯგუფმა - კონსერვატორულმა ევროპის სახალხო პარტიამ და სოციალისტებისა და დემოკრატების ალიანსმა - მხარი დაუჭირა საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში არსებული სიტუაციის რუსეთის მიერ დე ფაქტო „ოკუპაციად“ აღწერას.

დოკუმენტში ხაზგასმით არის საუბარი იმ დიდ როლზე, რომლის შესრულებაც ევროკავშირს შეუძლია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში სტაბილურობის და კეთილდღეობის დამყარებისა და თან საკუთარი ინტერესების გატარების საქმეში.

მაგრამ სტრასბურგში ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას გაფართოებისა და სამეზობლოს საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, შტეფან ფიულემ, აღნიშნა, ბლოკი ამ საკითხებს სიფრთხილით უნდა მოეკიდოსო. ფიულეს განცხადებით, რეგიონის სამმა ქვეყანამ ევროკავშირთან კიდევ უფრო დასაახლოებლად რეფორმები უნდა გაატაროს.

სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროპარლამენტის მომხსენებელმა, ევგენი კირილოვმა, ხუთშაბათს გამართულ სხდომაზე რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა ის მრავალი ინტერესი, რომელიც რეგიონთან მიმართებით ევროკავშირს აქვს:

„სამხრეთ კავკასია ევროკავშირისთვის არა მხოლოდ უშუალო სამეზობლოში მდებარე რეგიონია, რომელსაც რუმინეთი და ბულგარეთი ზღვით ესაზღვრება, არამედ დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე რეგიონიცაა, პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული თვალსაზრისითო“, თქვა მან.

თუმცა კირილოვის მიერ შემუშავებულ დეტალურ ანგარიშს, რომელიც ხუთშაბათს დაამტკიცა პარლამენტმა, სავარაუდოდ, მცირე გავლენა ექნება ევროკავშირის მიერ გატარებულ პოლიტიკაზე. საგარეო პოლიტიკის საკითხებს ევროკავშირის ცალკეული წევრი ქვეყნები წყვეტენ.

გაფართოებისა და სამეზობლოს საკითხებში ევროკავშირის კომისარმა, შტეფან ფიულემ, თავის გამოსვლაში თქვა, ევროკავშირმა ამ რეგიონთან მიმართებით უკვე არსებული მექანიზმებით უნდა გააგრძელოს მუშაობაო. საუბარია ევროპის სამეზობლო პოლიტიკასა და აღმოსავლეთის პარტნიორობის პროექტზე. გასულ კვირაში ევროპის სამეზობლო პოლიტიკამ დაწყებიდან მეხუთე წლისთავი იზეიმა. აღმოსავლეთის პარტნიორობა კი დიდი პროგრესით არ ვითარდება, მის მიმართ როგორც რეგიონის, ისე ევროკავშირის მხრიდან გამოჩენილი არასაკმარისი ინტერესის გამო.

ფიულემ, ფაქტობრივად, გამორიცხა არსებულ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა. მისი თქმით, ბლოკის აღმასრულებელი ორგანო - ევროპის კომისია - ამ მექანიზმების შესახებ კონსულტაციებს აწარმოებს წევრ ქვეყნებსა და ევროპარლამენტთან, რათა დაადგინოს, რამდენად სწორად და ეფექტიანად მიმდინარეობს პოლიტიკის გატარება. ამ კონსულტაციების შედეგის გათვალისწინებით, ევროკავშირმა შესაძლოა მომავალ წელს სამეზობლო პოლიტიკისთვის განსაზღვრული თანხები ოდნავ შეცვალოს, რაც შეიძლება შემდეგი საბიუჯეტო ციკლის, ანუ 2014-დან 2020 წლამდე პერიოდისთვის, დაფინანსების გაზრდის საფუძველი გახდეს.

მანამდე კი ბლოკი გააგრძელებს ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებს საქართველოსთან, სომხეთსა და აზერბაიჯანთან. ეს ხელშეკრულებები ქვეყნებს არ უხსნის კარს ბლოკში პოლიტიკური ინტეგრაციისკენ, თუმცა შესაძლოა თავისუფალი ვაჭრობა და ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმება მოიტანოს.

მაგრამ ფიულემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირთან კიდევ უფრო დაახლოებისთვის აუცილებელია სამი ქვეყნის მთავრობებმა აქტიურად გაატარონ რეფორმები:

„ჩვენი სამხრეთკავკასიელი პარტნიორების სურვილი ევროპას დაუახლოვდნენ, უნდა გამოვლინდეს კიდევ უფრო მეტი პროგრესით დემოკრატიის, საბაზრო ეკონომიკის და პოლიტიკური სტაბილურობის დამყარების პროცესებში“, - თქვა ფიულემ და დასძინა: „ამდენად, მე სომხეთს, აზერბაიჯანს და საქართველოს მოვუწოდებ უფრო ინტენსიურად იმუშაონ თანამედროვე, ყველას მომცველი, პლურალისტური, დემოკრატიული და კეთილდღეობის მქონე საზოგადოების ასაშენებლად, საზოგადოებისა, რომელსაც მეზობლებთან მშვიდობიანი კავშირები ექნება.“

საპარლამენტო ანგარიში ევროკავშირს მოუწოდებს უფრო აქტიური მონაწილეობა მიიღოს რეგიონის გაყინული კონფლიქტების მოგვარების საქმეში. ანგარიშის თანახმად, ეს კონფლიქტები რეგიონს „ჩრდილს“ აყენებს. კირილოვმა დღეს ისიც აღნიშნა, ევროკავშირმა ამ კონფლიქტების მიმართ ყურადღება მხოლოდ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ გაამახვილაო. კირილოვი გამოვიდა მოწოდებით, ბლოკი უფრო აქტიურად ჩაერთოს მთიანი ყარაბახის საკითხის გადაჭრაში.

დაბოლოს, უნდა ითქვას, რომ ანგარიში ხაზგასმით ნეგატიურ სურათს ხატავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში მედიის თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით. საქართველოს სთხოვენ მედიის მფლობელებისა და ლიცენზირებასთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ „ახსნა-განმარტებები“ წარმოადგინოს; სომხეთი გაკრიტიკებულია ოპოზიციის აქტივისტისა და ჟურნალისტის, ნიკოლ პაშინიანის, დაპატიმრებისთვის; აზერბაიჯანის მიმართ გამოთქმული კრიტიკა ორი ახალგაზრდა აქტივისტისა და ბლოგერის - ემინ მილის და ადნან ჰაჯიზადეს - დაპატიმრების ფაქტს მოიცავს.
XS
SM
MD
LG