Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესის მიმოხილვა


მიმდინარე კვირაში დასავლეთის პრესაში - გაზეთებსა თუ ინერნეტგამოცემებში - საქართველოს შესახებ დაბეჭდილი სტატიების უმრავლესობა ეხებოდა აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობას, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის პირობებში.

15 მაისს გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ დაიბეჭდა გერმანიის მარშალის ფონდის მკვლევრის, დევიდ კრეიმერის, სტატია. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის დროს კრეიმერი სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში.

„შეერთებული შტატები თმობს რუსეთის მეზობლებს“ -ასეთია მისი სტატიის სათაური. ავტორი წერს, რომ ობამას ადმინისტრაციამ რეგიონთან მიმართებით თავდაპირველად ამოქმედებული პრინციპი - „რუსეთი, უპირველეს ყოვლისა“ - კიდევ უფრო რადიკალური მიდგომით, „მხოლოდ რუსეთით“ შეცვალა, რაც რეგიონის სხვა ქვეყნების ინტერესების ხარჯზე ხდება.

„ამ ტენდენციის ყველაზე ცხადი მაგალითი ამ კვირაში გაჩნდა. თეთრმა სახლმა კონგრესში განმეორებით შეიტანა რუსეთთან ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების პროექტი და თან დაურთო ცნობა, რომელშიც პრეზიდენტი ობამა აცხადებს, საქართველოს სიტუაცია „ამიერიდან აღარ უნდა განიხილებოდეს როგორც ზღუდე“ კონგრესის მიერ ამ შეთანხმების განხილვის გზაზეო“, - წერს კრეიმერი და დასძენს, რომ ბუშის ადმინისტრაციამ ეს დოკუმენტი კონგრესიდან გაიტანა, რადგან იცოდა, რომ საქართველში რუსეთის ინტერვენციის გამო მას უარყოფდნენ. „სხვა საქმე იქნებოდა, კონგრესში „შეთანხმება – 123“ ხელახლა შეტანილიყო იმის აღნიშვნით, რომ აშშ-ს რუსეთთან საქართველოს გამო სერიოზული უთანხმოება აქვს. ამის ნაცვლად „პირდაპირ“ ითქვა, რომ საქართველოში სიტუაცია ამიერიდან რუსულ-ამერიკული ურთიერთობის განვითარების გზაზე დაბრკოლებას აღარ წარმოადგენს და ამით ადმინისტრაციამ ქართველები მიატოვა, ხოლო რუსეთს საზღვრისპირა რაიონებში პროვოკაციული მოქმედებისთვის „მწვანე შუქი“ აუნთო”, - წერს კრეიმერი.

სტატიის ბოლოს ავტორი ასკვნის: „ როგორც ობამას, ასევე აშშ-ის სხვა მაღალჩინოსნებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ არ აღიარებენ რუსეთის „გავლენის სფეროს“ უფლებას, მაგრამ მათი მოქმედება (ისევე როგორც უმოქმედობა) განცხადებებზე მეტს მეტყველებს: რეგიონის ქვეყნების მიტოვებით, ადმინისტრაცია სწორედ გავლენის სფეროებს უთმობს რუსეთსო“.

როგორც ვთქვით, კრეიმერის სტატია 15 მაისს გამოქვეყნდა „ვაშინგტონ პოსტში“.

„ობამას მხრიდან საქართველოს ღალატი ცოტა არ იყოს გონივრული ნაბიჯია“ – 18 მაისს ასეთი სათაურით გამოაქვეყნა სტატია პოპულარულმა ამერიკულმა ბლოგმა, „ჰაფინგტონ პოსტმა.“ სტატიის ავტორი, საიმონ შუსტერი, ზემოთ განხილულ დევიდ კრეიმერის სტატიას ეხმიანება - წერს, რომ კრეიმერის მოსაზრება, აშშ-ის „ადმინისტრაციამ ქართველები მიატოვა, ხოლო რუსეთს საზღვრისპირა რაიონებში პროვოკაციული მოქმედებისთვის „მწვანე შუქი“ აუნთო”, სავარაუდოდ, სწორი შენიშვნააო. თუმცა შუსტერი იქვე დასძენს, სააკაშვილთან, მის მრჩევლებსა და ოპონენტებთან ინტერვიუების ჩაწერის შემდეგ, ჩემს თვალში ობამას გადაწყვეტილება საკმაოდ აზრიანი გამოჩნდაო.

ერთ-ერთი მიზანი, რატომაც თბილისში წავედი, იმის დადგენა იყო, თუ რა როლი შეასრულა სააკაშვილმა „იმედის“ მიერ 13 მარტს მოდელირებული ქრონიკის გაშვებაშიო, - წერს ავტორი და იქვე აღნიშნავს: „ეს ის დღე იყო, როცა სააკაშვილის მიმართ ბევრი დასავლელი ლიდერის მოთმინება ამოიწურაო.“ შემდეგ ავტორი მკითხველს უყვება, რას წარმოადგენდა და როგორი ფორმით გადაიცა ეთერში მოდელირებული ქრონიკა, როგორი ქაოსი, პანიკა და შემდეგ უკვე პროტესტი მოჰყვა მას ქვეყანაში. შუსტერი აღნიშნავს, რომ თავად სააკაშვილი უარყოფს გადაცემაში ჩართულობას, თუმცა იქვე წერს, რომ ამ უარყოფის თითქმის არავის სჯერა მათგან, ვისაც ის თბილისში ყოფნისას გაესაუბრა.

თბილისში ყოფნისას საიმონ შუსტერი შეხვედრია რაფაელ გლუკსმანს, სააკაშვილის მრჩეველს საგარეო და მედიის საკითხებში. გლუკსმანს სტატიის ავტორისთვის უთქვამს, რომ თავს უხერხულად გრძნობს, იმიტომ, რომ მოდელირებული ქრონიკის ეთერში გასვლამდე ცოტა ხნით ადრე იმედის ხელმძღვანელთან ტელეკომპანიის პროგრამებზე ჰქონია საუბარი. „[არველაძეს] ვუთხარი უფრო პროვოკაციული, უფრო მიმზიდველი, ამერიკული ტელევიზიის მსგავსი გადაცემები გჭირდებათ-მეთქი... მაგრამ ცხადია ასეთი რამის გაკეთება არ მიგულისხმიაო“ - უთქვამს სააკაშვილის მრჩეველს სტატიის ავტორისთვის.

ამ ფაქტის და ზოგადად, სააკაშვილის გუნდისა და იმედის ხელმძღვანელის ახლო კავშირების გათვალისწინებით, შუსტერი წერს, „მიჭირს იმის დაჯერება, რომ [სააკაშვილმა] წინასწარ არ იცოდა ასეთი შოკისმომგვრელი გადაცემის შესახებ - განსაკუთრებით მაშინ, როცა თავადაც აღიარებს, ქართველი ხალხისთვის ასეთი კადრების ნახვა სასარგებლო იყოო“. სტატიის ავტორი იქვე აღნიშნავს, ეს ყველაფერი ობამასთვის რამდენიმე რაღაცას ნიშნავსო:

„ეს მოწმობს, რომ სააკაშვილი, თუკი მან მართლაც დართო ნება „იმედს“ ამ გადაცემაზე, მიდრეკილია რუსების ამგვარი საშიში სანახაობებით გაღიზიანებისკენ. ამასთან, ეს აჩვენებს, რომ, როგორც პოლიტიკოსი, ის რუსეთის აგრესიის იდეით საზრდოობს, საკუთარ თავს ისე წარმოაჩენს, თითქოს ერთადერთი კაცი იყოს, ვისაც ამ აგრესიის მოგერიება შეუძლია, დასავლეთში თავისი კონტაქტების დახმარებით“, - წერს შუსტერი და განაგრძობს: „ყოველივე ეს კი აჩვენებს, რომ პოლიტიკურ საფრთხეს თუ იგრძნობს, მას შეუძლია თავისი მოკავშირეები რუსეთთან კონფრონტაციაში ჩაითრიოს. ამის მტკიცებულება ისედაც დაგროვდა გასული წლის შემდეგ, რაც ევროკავშირის გამოძიებამ დაადგინა, რომ 2008 წლის ომში პირველი ზათქის ბრძანება სააკაშვილს ეკუთვნოდა. ეს გიჟური რისკი იყო, მაგრამ სააკაშვილი ამ რისკზე წავიდა და ამ პროცესში აშშ და მისი მოკავშირეები კინაღამ ბირთვული შეიარაღების მქონე სუპერ-სახელმწიფოსთან კონფრონტაციაში ჩაითრია.“

შემდეგ საიმონ შუსტერი დანიელ კუნინს ახსენებს - ერთ დროს სააკაშვილის უახლოეს ამერიკელ მრჩეველს, რომელიც რუსეთთან ომის შემდეგ თანდათან გაემიჯნა საქართველოს და ახლა მხოლოდ არაოფიციალურ მრჩევლად რჩება. „თუკი კუნინმა - ინსაიდერმა, რომელმაც საქართველოს მთავრობას რამდენიმე წელი შეალია, ჩათვალა, რომ სააკაშვილს უნდა დაშორებოდა, რატომ უნდა უერთგულოს მას ობამამ?“ - კითხულობს შუსტერი.

„თუმცა, ყოველივე ზემოთქმული არ ნიშნავს, რომ ობამას მიერ საქართველოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არ არის ფარისევლური ან პოლიტიკურად სამარცხვინო. ის ამ ორივე ეპითეტს იმსახურებსო“, - ასკვნის ავტორი და იქვე ჰყვება, რომ ჯერ კიდევ 5 მარტს ინტერვიუ ჩაუწერია ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან, რომელსაც უთქვამს, რუსეთთან ურთიერთობის გადატვირთვის გამო რეგიონში მოკავშირეებს არ გავწირავთო. თუმცა, წერს შუსტერი, „ ‘იმედთან’ დაკავშირებული სკანდალის შემდეგ, მათ საქართველო გაწირეს და ჯერ კიდევ ძალიან ბუნდოვანია ის, დააჯილდოებს თუ არა მათ ამისთვის რუსეთი გულწრფელი მეგობრობით. მაგრამ რუსეთის კონტექსტის გარეშეც, ფაქტი ფაქტად რჩება - სააკაშვილმა თავი აშშ-სთვის იმპულსურ, გაუწონასწორებელ და საშიშ პარტნიორად წარმოაჩინა. სავარაუდოა, ობამა სწორედ ამაზე ფიქრობდა, როცა კონგრესის წინაშე იმ განცხადებით გამოვიდა“ - ასე მთავრდება საიმონ შუსტერის სტატია, რომელიც 18 მაისს გამოქვეყნდა პოპულარულ ამერიკულ ბლოგ „ჰაფინგტონ პოსტზე.“
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG