Accessibility links

logo-print

რატომ გაქრა ევროპარლამენტის რეზოლუციიდან ”ოკუპირებული ტერიტორიები”


ევროპარლამენტის სესია

ევროპარლამენტის სესია

ევროკავშირმა სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების მიმართულებით უფრო აქტიური და მნიშვნელოვანი როლი უნდა ითამაშოს - ასეთია ევროპარლამენტის ხედვა, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ 20 მაისს სტრასბურგში მიღებულ რეზოლუციაში ასახა. აქტიურობა სამხრეთ კავკასიაში არსებულ ეგრეთ წოდებულ ”გაყინულ კონფლიქტებთან” მიმართებითაც განიხილება, თუმცა დოკუმენტში საქართველოსთან კავშირში ერთგვარად ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებებს ვაწყდებით. ევროპარლამენტი თავის რეზოლუციაში, პროექტისგან განსხვავებით, საქართველოს ორ რეგიონს ”ოკუპირებულ ტერიტორიებად” აღარ მოიხსენიებს.

ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს ევროპარლამენტი სეპარატისტულ რეგიონებად განიხილავს და მათ დე ფაქტო ლიდერებს მოუწოდებს, ხელს ნუ უშლიან ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის სრულმასშტაბიან მუშაობას. ეს მოწოდება, დე ფაქტო ხელისუფალთა გარდა, რუსეთსაც ეკუთვნის და 20 მაისს მიღებულ რეზოლუციაში ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ მოუწოდებს კრემლს - შეასრულოს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ვალდებულებები. 2008 წლის აგვისტოში მიღწეული ეს შეთანხმება, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთისგან სამხედრო ძალის უკან გაწვევას მოითხოვს. სწორედ ამავე შეთანხმებასთან შეუსაბამოდ და შემაშფოთებლად მიაჩნია ევროპარლამენტს რუსეთის მიერ სამხედრო ბაზის აშენება საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად. საგულისხმოა, რომ ამავე რეზოლუციაში ევროპარლამენტი მოუწოდებს რუსეთს პატივი სცეს სუვერენული საქართველოს საერთაშორისო მასშტაბით აღიარებულ საზღვრებს.

ევროპარლამენტის რეზოლუციის ამ მთავარ აქცენტებზე სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ტრიბუნიდან ევროკავშირის ლიდერებსაც არაერთხელ გაუმახვილებიათ ყურადღება. ევროპელი ლიდერები ხედავენ და ამბობენ კიდეც, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორია არათუ არ დაუტოვებია, პირიქით, ის უფრო აძლიერებს სამხედრო წარმომადგენლობას საქართველოს რეგიონებში. თუმცა ამ ყველაფერს სახელად მაინც არ ერქმევა ”ოკუპაცია” და ამ ტენდენციამ ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციასთან მიმართებითაც იჩინა თავი. ის, ვისაც რეზოლუციის პროექტიც აქვს წაკითხული, ადვილად შეამჩნევდა ერთ არცთუ უმნიშვნელო ცვლილებას. თუკი რეზოლუციის პროექტში ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მმართველი წრეები მოხსენიებულნი იყვნენ ”ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ხელისუფლებებად”, რომლებიც ”რუსეთის კონტროლის ქვეშ იმყოფებიან”, უკვე დამტკიცებულ რეზოლუციაში ისინი ”სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო ხელისუფლებებად” სახელდებიან.

ფაქტია, რომ ევროპარლამენტმა თავი აარიდა ტერმინს ”ოკუპირებული ტერიტორიები.” ამ ფაქტს უსაფუძვლო ტერმინოლოგიურ გაუგებრობად არ მიიჩნევს სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი ანდრო ბარნოვი. ის საკითხს რუსეთის განაწყენებისგან თავის დაზღვევის ჭრილში განიხილავს.

ანდრო ბარნოვი, ექსპერტი
”თუ რაიმე ასეთი სიფრთხილე გვაქვს ჩვენ ევროპის მხრიდან, ძირითადად იმით აიხსნება, რომ ევროპას არ სურს უკან დასწიოს რუსეთთან ურთიერთობის პროცესი, რისი იმედიც აქვთ... იქ ფიქრობენ, რომ საჭიროა ევროპასთან ძალიან ახლო ურთიერთობა, თანამშრომლობა, რომ შესაძლებელი გახდეს რუსეთის მოდერნიზება... რამდენად რეალისტურია ეს, სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ეს დგას დღის წესრიგში”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ანდრო ბარნოვმა.

ფაქტს, რომ ევროპარლამენტმა არ ჩათვალა მიზანშეწონილად რეზოლუციაში გადმოეტანა პროექტში გამოყენებული ტერმინი - ”ოკუპირებული ტერიტორიები”, სამწუხაროს უწოდებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი. თუმცა საკითხს ის მაინც ოპტიმისტურ კონტექსტში განიხილავს:

”მისასალმებელია, რომ ევროპარლამენტი ამ საკითხს უბრუნდება და ისევ იღებს რეზოლუციას, სადაც ისევ იმეორებს თავის მოთხოვნას, რომ აუცილებლად უნდა შესრულდეს 6-პუნქტიანი ხელშეკრულება, რაც ჩვენი და რუსეთის ურთიერთობის მთავარ ბაზას წარმოადგენს, და აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედროები უნდა გავიდნენ ომამდელ პოზიციებზე... ეს არის მეტად მნიშვნელოვანი, რადგანაც რუსეთის მთელი საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო იქითკენ, რომ დაავიწყოს ყველას, ევროპარლამენტსაც, ევროსაბჭოსაც ეს საკითხი...”

ევროპარლამენტის რეზოლუციიდან ოკუპაციასთან დაკავშირებული ტერმინის ”გაქრობას” მიხეილ მაჭავარიანი უფრო იმით ხსნის, რომ ევროპელთა გარკვეულ ნაწილს რუსეთთან მინიშნებებით ლაპარაკი უფრო ეფექტიანად მიაჩნია, ვიდრე პოზიციის პირდაპირ დაფიქსირება. სხვა საკითხია, რამდენად გაითვალისწინებს რუსეთი ასეთ მინიშნებებს, მაშინ როდესაც ის ხშირად საერთაშორისო საზოგადოების პირდაპირ ნათქვამსაც უგულებელყოფს.
XS
SM
MD
LG