Accessibility links

17:00 საათიდან თბილისში დაიწყება საპროტესტო აქცია


საზოგადოებრივი მოძრაობის ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ინიციატივით, საღამოს 5 საათიდან თბილისში დაიწყება საპროტესტო აქცია, რომლის ორგანიზატორები აპირებენ 21 მაისი უკანონო პატიმრების დღედ გამოაცხადონ. აქციაში მონაწილეობას საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიღებენ. მიტინგი დაგეგმილია პარლამენტთან, სადაც დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის გამო, კონსტრუქციების დამონტაჟება მიმდინარეობს. მოძრაობა ”დაიცავი საქართველოს” ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, თუ ხელისუფლება სამხედრო აღლუმის რეპეტიციისთვის რუსთაველის გამზირს დაკეტავს, აქციის მოანაწილენი ვითარებიდან გამომდინარე იმოქმედებენ. წინასწარი ინფორმაციით, პარლამენტთან მიტინგის შემდეგ, უკანონო პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, მსვლელობა უზენაესი სასამართლოსკენ დაიწყება. აქციის ინიციატორი მოძრაობის ”სოლიდარობა უკანონო პატიმრებს” ხელმძღვანელის ეკა ბესელიას განცხადებით, დღევანდელი მანიფესტაცია მშვიდობიანი იქნება. მან ხელისუფლებას პროვოკაციისგან თავშეკავების, აქციის მონაწილეებს კი - ორგანიზატორთა მითითებების შესრულებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG