Accessibility links

უნიკალური თეატრის კიდევ ერთი საოცარი სანახაობა

  • ნინო როდონაია

”რა საოცარი დღეა” - ასე ეწოდება ახალ სპექტაკლს, რომელსაც ”ჩრდილების თეატრი” თვეების განმავლობაში ქმნიდა. უნიკალური ქართული დასის მსახიობები მაყურებელს ჯაზის ერთი ცნობილი შემსრულებლის ისტორიას, მხოლოდ საკუთარი ხელის ჩრდილებით უამბობენ. საოცარი სანახაობა, რომელიც თავდაპირველად მხოლოდ გასართობ რევიუდ ჩაიფიქრეს, მუშაობის პროცესში სერიოზულ სპექტაკლად იქცა.

“ჩრდილების თეატრი”, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება, რეჟისორმა გელა კანდელაკმა 25 წლის წინ შექმნა. როგორც თავად ამბობს, ჩრდილი მის ცხოვრებაში შემთხვევით აღმოჩნდა და ოც წელზე მეტია რჩება. მიუხედავად ამისა, უნიკალური თეატრის შესაძლებლობებიდან ჯერჯერობით, მხოლოდ უმცირესი ნაწილი აქვს გამოყენებული.

”ამ თეატრს ძალიან დიდი სპექტრი აქვს. ჯერ ალბათ, 0,1% მაქვს გამოყენებული. შენ აქ ისეთივე თავისუფლება გაქვს, როგორც მუსიკოსს. პოეზიაც... უამრავი ასოციაციაა. წარმოსახვით ხელოვნებაში არავის აქვს თავისუფლების ასეთი დიდი სპექტრი” - უთხრა რადიო თავისუფლებას გელა კანდელაკმა. მის მიერ დაარსებული ”ჩრდილების თეატრის” მსახიობები, უფრო ზუსტად კი, მათი ხელები უმძიმესი შრომის და ოსტატობის შედეგად, საოცრებას სჩადიან.

ისე მოხდა, რომ დასის პირველი შემადგენლობის პირველი სპექტაკლი სცენაზე, პირველად არა საქართველოში, არამედ უცხოეთში, პარიზში ნახეს, რასაც საზღვარგარეთ არაერთი გასტროლი და წარმატება მოჰყვა. გაჩნდა შეთავაზებებიც. მაგალითად, ცნობილი Warner Brothers-ისგან, რომლის წინადადებაზე, შესაძლოა, ბევრის გასაკვირად, გელა კანდელაკმა უარი პრინციპის გამო თქვა: ”გავაკეთოთ სტადიონზე, დიდ ეკრანზეო. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩემი თეატრის და ჩემს პრინციპებს, რომ რაღაც მასები შეკრიბო ერთად და აჩვენო”.

პრინციპი იყო იმის მიზეზიც, რომ გელა კანდელაკმა უარი ახლადშექმნილი თეატრის 5 წლიან, ევროპულ ტურნეზე თქვა. როგორც თავად ამბობს, ”ჩრდილების თეატრი” იმიტომ შექმნა, რომ ჯერ მთელი საქართველო მოეარა და სპექტაკლები ბავშვებისთვის ეჩვენებინა. კონტრაქტზე უარის შემდეგ, საფრანგეთიდან დაბრუნებულმა რეჟისორმა დასის მოგზაურობის დაფინანსების თხოვნაზე სამშობლოში პასუხად მიიღო - ჯობდა ევროპაში დარჩენილიყავითო. უნიკალური თეატრის დასის პირველი შემადგენლობა, რომელიც უცხოელებისგან განსხვავებით, საქართველოში არავის დასჭირდა, დაიშალა. მის აღდგენას გელა კანდელაკი აღარც აპირებდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალის რეგიონიდან და აფხაზეთიდან ათი ათასობით ადამიანი დევნილად იქცა, გადაწყვიტა, იქაური ახალგაზრდებისთვის გაეკეთებინა ის, რისი გაკეთებაც შეეძლო. ”ჩრდილების თეატრის” დღევანდელი დასის წევრები მაშინ ბავშვები იყვნენ. მათ შესარჩევად რეჟისორმა საქართველო შემოიარა. შერჩევას, თბილისში მათ ჩამოყვანას და ელემენტარული პირობების შექმნას გელა კანდელაკმა 2 წელი მოანდომა. შემდეგ ჩამოყალიბდა კინემატოგრაფიის ჯგუფი, რომლის ბაზაზეც საკუთარ სახლებში დაბრუნებულები სოხუმის და ცხინვალის სტუდიებს შექმნიდნენ. რეჟისორის გარშემო გაერთიანდნენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, რომლებმაც დევნილი მოზარდების განათლებაზე იზრუნეს. მხატვრულის და დოკუმენტურის გარდა, ისინი ანიმაციური ფილმების გადაღებასაც სწავლობდნენ და ხელის ჩრდილებით ვარჯიშობდნენ. ამ პროცესში ”ჩრდილების თეატრის” დასის მეორე შემადგენლობა ჩამოყალიბდა.

სახელმწიფოს ყურადღება არც მათ მიმართ გამოუჩენია. მთელი ამ ხნის განმავლობაში გამოჩნდა მხოლოდ რამდენიმე ადამიანი, რომელმაც ჯგუფის არსებობის მნიშვნელობა და შესაძლებლობები დაინახა, თუმცა, ობიექტური მიზეზების გამო, მხარდაჭერა მათ მხოლოდ დროებით შეძლეს. სხვათა შორის, ამჟამინდელი დასის წევრებს დღემდე დიპლომიც კი არ აქვთ, რადგან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდნენ ხელოვნების ფაკულტეტზე რომელიც რეფორმის შედეგად გაუქმდა, მათი სწავლის გაგრძელებაზე კი, უნივერსიტეტში არავის უზრუნია. მიუხედავად ამისა, ისინი შედევრებს ქმნიან. სწორედ შედევრად აფასებს ”ჩრდილების თეატრის” ბოლო სპექტაკლს, ”რა საოცარი დღეა” მისი ერთ-ერთი მუსიკალური კონსულტანტი ზურაბ ნადარეიშვილი. ”ეს არის, ასე ვთქვათ, ბალეტი ჩრდილებით. ჟანრს ვერ განსაზღვრავ. უბრალოდ, შედევრია ეს სპექტაკლი! დიდი ხნის ნაფიქრის და ნამუშევრის შედეგი. ბრწყინვალე სპექტაკლია! მე ასეთი არაფერი მინახავს, სადად და მარტივად ამდენი გრძნობის, ამდენი სიხარულის და სევდის გადმოცემა. ჯაზი უბრალოდ, გამოყენებულია, როგორც ფონოგრამა” - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ნადარეიშვილმა.

სწორედ ჯაზი, რადგან სპექტაკლის მთავარი გმირი ლუი არმსტრონგია, რომელსაც ელა ფიცჯერალდთან რომანი აქვს, რაც განშორებით სრულდება და არმსტრონგი ამ ქვეყნიდან მიდის. ის, რაც ამ ისტორიის გადმოსაცემად ხელის ჩრდილებით ხდება, სრული საოცრებაა. სპექტაკლში არმსტრონგი და ფიცჯერალდი დათუნიები არიან, დიზი გილესპი - სპილო, ჯაზის კიდევ სხვა, ცნობილი შემსრულებლები გველი, ობობა და კიბორჩხალა. როგორც რეჟისორი გელა კანდელაკი ამბობს, დღემდე ჯაზს იყენებდა მხოლოდ მცირე ნომრებისთვის, რომელსაც დასი ბისზე ასრულებდა. ამასთან, ხშირად შეუნიშნავს, რომ მისი მსახიობები ჯაზის თანხლებით რეპეტიციაზე ხელებს ”ახურებენ”. ამიტომ, მათ ჯაზის რევიუს შექმნა შესთავაზა. მასალის შერჩევა დაიწყო გასტროლისას ლიტვაში, სადაც გელა კანდელაკს კონსულტაცია კასუტის ვაგინისმა გაუწია, თბილისში კი, ზურაბ ნადარეიშვილმა, რევაზ კიკნაძემ და თამაზ ყურაშვილმა. მუშაობის პროცესში გელა კანდელაკი, როგორც თავად ამბობს, რევიუს გზას ასცდა: ”კონსტრუქციის თვალსაზრისით რომ ავიღოთ, ფაქტიურად შევეხე მუდმივ კატეგორიებს - სიყვარულს, განშორებას, ბავშვობას, სიკვდილს, სულის აღდგინებას და ა.შ. მივხვდი, რომ უარი კი არ უნდა ვთქვა, პირიქით. ვიყავი ცოტა გამოუვალ მდგომარეობაში იმ თვალსაზრისით, რომ ლუის სიკვდილი არის ერთგვარი კულმინაცია, მაგრამ გამოსვლა ხომ გინდა?! ჩემმა ერთმა მსახიობმა შემომთავაზა - არმსტრონგს აქვს ნაწარმოები, სამგლოვიარო მარშს ასრულებს და შემდეგ იუმორში გადაჰყავს. ამან მომცა საშუალება, ასე თქვათ, ისევ გამომეძახა ამქვეყნიდან უკვე წასული არმსტრონგი. ფაქტიურად ბოლოსაა რევიუს ელემენტი, როდესაც სიკვდილზე ვიმარჯვებთ”.

მუშაობის დასრულების შემდეგ რეჟისორმა აღმოაჩინა, რომ ინგლისურენოვანი სპექტაკლი დადგა, რადგან ორიგინალური ტექსტების თარგმნის აუცილებლობას ვერ ხედავდა. ”ასე დამოუკიდებლად გაშვება ჩემთვის წარმოუდგენელია, რადგან მე არც ”ოქეის” და არც ”დედლაინის” კაცი ვარ. ვგრძნობ, რომ რაღაც მაკლია. ვიცოდი, რომ უნდა შემოვიდეს ქართული როგორც ძირითადი მხატვრული სახე მთელი სპექტაკლის” - უამბო რადიო თავისუფლებას გელა კანდელაკმა. რეჟისორი საინტერესო ტექსტებით, მათ შორის არმსტრონგის შეთხზული ინტერვიუთი ლიტერატორებმა მოამარაგეს, რამაც გელა კანდელაკის თქმით, სპექტაკლი ქართული თეატრის ნაწარმოებად ჩამოაყალიბა.

განსხვავებით ”ჩრდილების თეატრის” სხვა სპექტაკლებისგან, რომლებსაც ბავშვები და უფროსები ერთნაირი ინტერესით უყურებენ, გელა კანდელაკის თქმით,”რა საოცარი დღეა” საბავშვო არ არის: ”წინა სპექტაკლზე, უცხოეთში გასტროლისას მკითხეს, აუდიტორია როგორი უნდა იყოსო? 4 წლიდან 104 წლამდე-თქო ვუპასუხე. აქ ასე არ არის. ეს სპექტაკლი უფრო მათთვისაა, ვისაც ტკივილი განუცდია და რაღაცაზე დაფიქრებულა”.

”ჩრდილების თეატრის” ახალი სპექტაკლის პრემიერა ამ კვირას გაიმართება რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, სადაც დასს საკუთარი წარმოდგენების გამართვა რამდენიმე ხნის წინ, რობერტ სტურუამ შესთავაზა. თუმცა, არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ”რა საოცარი დღეა” პრემიერამდე უკვე ნახეს თოჯინების თეატრის სხვენში, სადაც ”ჩრდილების თეატრს” პატარა სახელოსნო აქვს. სპექტაკლით პრემიერამდე დაინტერესებულთა შორის აღმოჩნდნენ დიპლომატები ევროკავშირიდან, რომლებმაც წარმოდგენის ბრიუსელში ჩვენება ისურვეს.

დასის ბოლო გასტროლი შარშან, ლიტვაში შედგა. სპექტაკლს ”წელიწადის 4 დრო” იმდენად დიდი აღტაცება და გამოხმაურება მოჰყვა, რომ დასს ერთის ნაცვლად, 3 სპექტაკლი ათამაშეს, ლიტვის პრემიერ-მინისტრმა კი, თეატრის ხელმძღვანელი საგანგებოდ ვახშამზე მიიწვია. ვილნიუსიდან დაბრუნების შემდეგ, ”ჩრდილების თაეტრი” კვლავ დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. თუმცა, მისი დაარსებიდან 25 წლის შემდეგ, კულტურის სამინისტრომ უნიკალურ ”ჩრდილების თეატრს” სახელმწიფო თეატრის სტატუსი მიანიჭა, რაც მისი არსებობის მინიმუმს უზრუნველყოფს
XS
SM
MD
LG