Accessibility links

logo-print

წინასაარჩევნო დარღვევები საია-ს რიგით მეორე შუალედურ ანგარიშში


"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარე თამარ ხიდაშელი.

2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ერთ-ერთმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ, ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”, წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა. ანგარიში 23 აპრილიდან 22 მაისამდე პერიოდს ფარავს და ყურადღებას ამახვილებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: წინასაარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა, ამომრჩევლებისთვის მატერიალური ფასეულობების, საჩუქრების გადაცემა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და პოლიტიკური სუბიექტების, მათი წარმომადგენლებისა და ამომრჩევლების დაშინება.

წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საქართველოს შვიდ რეგიონში აწარმოებს. ესენია: აჭარა, გურია, იმერეთი, შიდა და ქვემო ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი და თბილისი. დარღვევები, რომლებიც ახალგაზრდა იურისტებმა საანგარიშო პერიოდში მოიძიეს, ზემოხსენებულ 4 კატეგორიაში დაჯგუფდა. პირველი ჯგუფის, ანუ წინასაარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობის, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფაქტი 16 აპრილს კინოთეატრ „ოზურგეთში მოხდა“. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის თამარ ხიდაშელის განმარტებით, პოლიტიკური გაერთიანება ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიის წარდგენას კონოთეატრის შენობაში ესწრებოდნენ პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული გურიაში ვალერიან ჩიტაიშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ნიკოლაიშვილი.

”ჩვენ გადავამოწმეთ ინფორმაცია, ხომ არ იმყოფებოდნენ აღნიშნული პირები შვებულებაში, თუმცა ორივე უწყებიდან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ისინი მოცემული მომენტისათვის შვებულებაში არ იმყოფებოდნენ. შეგახსენებთ, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსი კრძალავს საჯარო მოხელეების მიერ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის მიღებას იმ შემთხვევაში, თუ ისინი ასრულებენ სამსახურებრივ მოვალეობებს და ასევე სამუშაო საათების პერიოდში.”

თამარ ხიდაშელი ამბობს, რომ ვალერიან ჩიტაიშვილისა და რამაზ ნიკოლაიშვილის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აქტის შედგენის მოთხოვნით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, თავის მხრივ, ისჯება ჯარიმით, 1500 ლარის ოდენობით.

ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, სავარაუდოდ, დაეკისრება გურჯაანის რაიონულ პროკურორს გელა ლაზაშვილსაც, რომელიც 29 აპრილს გურჯაანის კულტურის ცენტრში ასევე ”ნაციონალური მოძრაობის” პარტიული სიისა და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას ესწრებოდა.

დარღვევათა მეორე ჯგუფში, კერძოდ, ამომრჩეველთათვის მატერიალური ფასეულობების გადაცემისა და დაპირების ფაქტებში, „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ახალგაზრდა იურისტების მიერ მხილებულნი არიან სხვა საარჩევნო პოლიტიკური სუბიექტებიც, კერძოდ, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ”ეროვნული საბჭო”. ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის მაჟორიტარმა კანდიდატმა ზაზა გაბუნიამ მისი პარტიის ინიციატივით გამართული საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებულები მედლებით, სიგელებითა და ხატებით დააჯილდოვა, ”ეროვნული საბჭოს” მერობის კანდიდატმა ზვიად ძიძიგურმა კი მეორე მსოფლიო ომის ვეტერან ქალბატონს ეკატერინე ღვინაძეს საჩუქრად 9 მაისს ყვავილები და ღვინო მიართვა.

ახალგაზრდა იურისტთა შეფასებით, კანონის ნორმები დაცული უნდა იყოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქმე სიმბოლურ საჩუქრებს შეეხება. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიის დროს გამოვლენილ დარღვევებს ზოგადად, ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ჩხეიძე აქცენტს რამდენიმე - მისი შეფასებით, ძირითად - ტენდენციაზე ამახვილებს. ამ ტენდენციებში ერთია ადმინისტრაციული რესურსი, როდესაც საჯარო მოხელეები შვებულებაში გასვლის შემთხვევაშიც კი არ ერიდებიან სამსახურებრივი მანქანებისა და კაბინეტების გამოყენებას, მეორე კი დაშინება.

”ის პრობლემა, ის კონკრეტული ფაქტი, რომელიც მესტიას შეეხება, არის ერთ-ერთი ყველაზე აღმაშფოთებელი და აუცილებლად უნდა იქნეს გამოძიებული.”

მესტიაში 3 მაისს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში, ახალგაზრდა იურისტთა დასკვნის თანახმად, პირადად მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, მესტიის პოლიციის უფროსი გიორგი შედანია, მესტიის გამგებელი გოჩა ჭელიძე და სხვანი. თვითმხილველთა ინფორმაციით, მესტიის გამგეობის შენობის წინ რამდენიმე ათეული შეიარაღებული პირი და სამართალდამცავი ორგანოების ავტომანქანები იყვნენ მობილიზებულნი, გამგეობის შენობაში კი იძულებით შეჰყავდათ პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფლების” კანდიდატები და საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ წინასწარ გამზადებულ განცხადებებზე ხელმოწერას სთხოვდნენ. შემთხვევის გახმაურების შემდეგ არჩევნებზე მომუშავე უწყებათშორისმა ჯგუფმა ზაზა გოროზიას შვებულებაში გასვლის რეკომენდაცია მისცა, რაც, ახალგაზრდა იურისტთა და მისი კოლეგა ორგანიზაციების შეფასებით, მესტიაში საარჩევნო პროცესის მიმართ ნდობის აღსადგენად საკმარის ღონისძიებად არ შეიძლება ჩაითვალოს.

”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ’, ‘სამართლიანმა არჩევნებმა’ და ‘საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ’ გუშინ მიმართა მთავარ პროკურორს და მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და პასუხისმგებელი პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა. მინდა ხაზგასმით განვაცხადო, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეს არის ტესტი, რომელიც მათ უნდა ჩააბარონ იმისათვის, რათა დაამტკიცონ, რომ ეს არჩევნები მართლაც დემოკრატიულ გარემოში წარიმართება და მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ამ ფაქტზე რეაგირება უნდა იყოს უმკაცრესი.”

მთავარ პროკურორს, თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის არჩევნების ინტერფრაქციული ჯგუფის ხელძღვანელი გურამ ჩახვაძეც მოუწოდებს პირადად გააკონტროლოს მესტიის ინციდენტი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ”სამაგალითოდ” ჩატარების პირობა კი საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 21 მაისს საპარლამენტო უმრავლესობასთან შეხვედრაზე დადო.
XS
SM
MD
LG