Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის, ევროპარლამენტისა და ამერიკული ეჭვების კვირა


კვირა თურქეთის პრემიერ-მინისტრის დაგვიანებული სტუმრობით დაიწყო. რეჯებ ტაიპ ერდოანი ორშაბათს ბაქოდან ბათუმში დაახლოებით 4 საათის დაგვიანებით ჩავიდა და იქ თურქული ინვესტიციებით აშენებულ სასტუმრო „შერატონ-ბათუმის“ საზეიმო გახსნის ცერემონიალსა და ვახშამს დაესწრო. დაგვიანების გამო სტუმარი ვეღარ დაესწრო სხვა ღონისძიებებს, მათ შორის -შეხვედრას საკონსტიტუციო სასამართლოში. ასევე მის გარეშე ჩაიარა კონცერტმაც, რომელსაც რამდენიმე თურქული ტელეკომპანია აშუქებდა. რეჯებ ტაიპ ერდოანს ბათუმში პრეზიდენტი სააკაშვილი ელოდებოდა, რომელმაც სტუმარი, ”ოქროს საწმისის” ორდენის გარდა, არაერთი გულითადი მადლობით დააჯილდოვა. მადლობა გადახდილი იყო იმისთვის, რომ თურქეთი საქართველოს ყოველმხრივ უდგას მხარში - იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობა, ინვესტიციები, უვიზო მიმოსვლა თუ პარტნიორობის სხვა სფეროები.

”ბევრ ლიდერთან მქონია ძალიან კარგი ურთიერთობა, ბევრ ქვეყანასთან საქართველოს აქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, მაგრამ მთელი ევროპისა და მთელი რეგიონისთვის მაგალითია ის, თუ როგორ თანამშრომლობს თურქეთი საქართველოსთან”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრი მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვისაც შეაქო. საუბარია იმ ფაქტზე, რომ, თურქეთისა და ბრაზილიის აქტიური ჩარევით, თეირანი დათანხმდა და 17 მაისს ხელი მოაწერა შეთანხმებას ბირთვული საწვავის მიღების სანაცვლოდ დაბალგამდიდრებული ურანის ირანიდან თურქეთში გაგზავნის შესახებ. რეჯებ ტაიპ ერდოანი საქართველოში, როგორც ვთქვით, აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა. სწორედ მანამდე იმყოფებოდა ის თეირანში. ანალიტიკოსების გარკვეული ნაწილი ფიქრობდა, რომ ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული ერთგვარი კომპრომისული ნაბიჯი დააკმაყოფილებდა შეერთებულ შტატებს, მაგრამ 18 მაისს სახელმწიფო მდივანმა კმაყოფილება საპირისპირო მიმართულებით გამოხატა. ჰილარი კლინტონმა თქვა, რომ მოსაწონია ირანის წინააღმდეგ სანქციებზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტი, რომელიც შეერთებულმა შტატებმა რუსეთსა და ჩინეთთან შეათანხმა. განცხადება გაკეთდა იმის მიუხედავად, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ 18 მაისს დასავლეთის სახელმწიფოებს მოუწოდა, საფრთხეს ნუ შეუქმნით ირანთან მიღწეულ შეთანხმებას და ნუ დაემუქრებით თეირანს მორიგი სანქციებითო.

ამ ფონზე მიმდინარე კვირაში ირანმა და საქართველომ ურთიერთობათა კიდევ უფრო გაღრმავების სურვილი გამოხატეს. პირველი ნაბიჯი 22 მაისს თბილისში, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, მედიათანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით გადაიდგა და ითქვა, რომ სულ მალე ორ ქვეყანას შორის სავიზო რეჟიმი გაუქმდება, გაიხსნება ირანის საკონსულო ბათუმში და აღდგება პირდაპირი ავიარეისები. ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ვარაუდობს, რომ საქართველოსა და ირანის ურთიერთობებში ახალი ეტაპის დაწყება მთლად მოსაწონი არ უნდა იყოს შეერთებული შტატებისთვის, თუმცა ბევრს ასევე არ მოსწონს საქართველოში ამერიკის პრეზიდენტის სვლა, რომელმაც მიმდინარე კვირაში წარმოშვა ეჭვი - ხომ არ მიატოვა ამერიკამ საქართველო. ასეთი ეჭვი გაამძაფრა რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის, 18 მაისის გამოსვლამ ვაშინგტონში, ნიქსონის ცენტრში.

”გასულ კვირაში პრეზიდენტმა ობამამ კონგრესს ხელახლა წარუდგინა დასამტკიცებლად რუსეთთან ბირთვული თანამშრომლობის შეთანხმება და განაცხადა: ”სიტუაცია საქართველოში დაბრკოლებას აღარ წარმოადგენსო”... და მერე ზოგს მაინც უკვირს, თუ რატომ თვლიან ქართველები, რომ ვაშინგტონი ყიდის მათ რუსეთზე ”ხელახალი დატვირთვის ღილაკის” ფასად.”

ჯონ მაკკეინი ლაპარაკობს პრეზიდენტ ობამას მიერ 10 მაისს გაკეთებულ განცხადებაზე, რომელმაც ამერიკის მიერ საქართველოს მიტოვების ეჭვი მხოლოდ რესპუბლიკელ სენატორს როდი გაუჩინა. ამ შინაარსის არაერთი სტატია გამოჩნდა დასავლეთის მედიაში. საქართველოში კი ანალიტიკოსების ერთი ნაწილი ”მიტოვებაზე” ლაპარაკს მაინც ნაადრევად მიიჩნევს. მათ შორის არის პოლიტოლოგი სოსო ცინცაძეც, თუმცა ის პრეზიდენტ ობამას 10 მაისის განცხადებაში მაინც ხედავს სახიფათო ტენდენციებს. ხიფათი, მისი ლოგიკით, ამერიკასაც ემუქრება იმ ილუზიების გამო, რომლებსაც ის თავად იქმნის რუსეთთან ურთიერთობის განახლების პროცესში:

”... რაც სხვა არაფერია, თუ არა რუსეთისადმი დათმობები, მთელი სერია დათმობების... რასაც მოჰყვა ის, რომ არათუ დანარჩენი მსოფლიო, ევროპაც აღარ ცნობს ამერიკას ლიდერად.”

სოსო ცინცაძე ამბობს, რომ ჯორჯ ბუშისგან მიღებული ”მძიმე მემკვიდრეობის დასარეგულირებლად” პრეზიდენტმა ობამამ რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების ”ორიგინალური” გზა აირჩია. ამასთან, ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ მიიღებს კონკრეტულ შედეგებს მთელი რიგი მიმართულებებით, სადაც ერთ-ერთ წამყვან საკითხს ირანისთვის სანქციების დაწესების საკითხი წარმოადგენს. სხვა საკითხია, რამდენად სანდო პარტნიორია რუსეთი.

რუსეთისთვის ანგარიშის გაწევის ფაქტორმა მიმდინარე კვირაში თავი ევროპარლამენტის ახალ რეზოლუციასთან მიმართებითაც იჩინა. სწორედ ამ ფაქტორით ახსნეს ანალიტიკოსებმა ის ფაქტი, რომ ევროპარლამენტი 20 მაისს სტრასბურგში მიღებულ ახალ რეზოლუციაში, პროექტისგან განსხვავებით, საქართველოს ორ რეგიონს ”ოკუპირებულ ტერიტორიებად” აღარ მოიხსენიებს. მათ მოსახსენიებლად ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანომ ამჯობინა გამოეყენებინა ტერმინი - ”სეპარატისტული რეგიონები”. ამ ფაქტს რადიო თვისუფლებასთან საუბარში ”სამწუხარო” უწოდა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა, თუმცა მან საკითხი მაინც ოპტიმისტურ ჭრილში განიხილა:

”მისასალმებელია, რომ ევროპარლამენტი ამ საკითხს უბრუნდება და ისევ იღებს რეზოლუციას, სადაც ისევ იმეორებს თავის მოთხოვნას, რომ აუცილებლად უნდა შესრულდეს 6-პუნქტიანი ხელშეკრულება, რაც ჩვენი და რუსეთის ურთიერთობის მთავარ ბაზას წარმოადგენს, და აღნიშნავს, რომ რუსეთის სამხედროები უნდა გავიდნენ ომამდელ პოზიციებზე... ეს არის მეტად მნიშვნელოვანი, რადგანაც რუსეთის მთელი საგარეო პოლიტიკა მიმართული იყო იქითკენ, რომ დაავიწყოს ყველას - ევროპარლამენტსაც, ევროსაბჭოსაც - ეს საკითხი...”

ერთი მხრივ, ევროპარლამენტი მართლაც არ ივიწყებს, რომ რუსეთს სუვერენული საქართველოს ტერიტორია არ დაუტოვებია და, პირიქით, ის უფრო აძლიერებს სამხედრო წარმომადგენლობას საქართველოს რეგიონებში; მაგრამ, მეორე მხრივ, რუსეთის ქმედებას სახელად მაინც არ ერქმევა ”ოკუპაცია”.

და ისევ რუსეთის ფაქტორი და საქართველო, ამჯერად უკვე ნატოს ახალი მიდგომების კონტექსტში. 17 მაისს ექსპერტთა 12-კაციანმა ჯგუფმა, რომელსაც შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი მადლენ ოლბრაიტი ხელმძღვანელობს, ნატოს გენერალურ მდივანს წარუდგინა რეკომენდაციების პროექტი, რომელიც უახლოესი 10 წლის მანძილზე ალიანსის ახალ სტრატეგიულ კონცეფციას უნდა დაედოს საფუძვლად. ექსპერტთა 12-კაციანი ჯგუფის მიერ მომზადებულ ანგარიშში საქართველო ისევ უკრაინის მეწყვილის როლში მოიხსენიება, მიუხედავად იმისა, რომ კრემლთან დაახლოებული პრეზიდენტ იანუკოვიჩის ქვეყანა ნატოსკენ სვლის გაგრძელებას თითქმის აღარ აპირებს. ალიანსი ამ ორ ქვეყანას მაინც ტრადიციულად ჰპირდება კარის ღიად დატოვებას, თუმცა ჯერ ისევ ბუნდოვანია, დაახლოებით რა ვადებში გახდება შესაძლებელი ამ ღია კარში შესვლა. როგორც მადლენ ოლბრაიტმა სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევათა ცენტრში თქვა, საქართველომ ჯერ საკუთარ შიდა საქმეებს უნდა მიხედოს:

”ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ გადაწყვიტოს შიდა საკითხები - იქ არჩევნები ახლოვდება... ასევე უნდა გააგრძელოს დემოკრატიული კურსი. ჩვენ შედეგიანად უნდა გამოვიყენოთ ნატო-საქართველოს კომისია, რათა გვქონდეს დიალოგი და გავაგრძელოთ ლაპარაკი იმაზე, რომ ნატოს წევრობა ნებაყოფლობითი ასპექტია.”

ნატოში გაწევრიანების მსურველი ყველა ქვეყანა ალიანსის დემოკრატიულ ფასეულობებს რომ უნდა აკმაყოფილებდეს და საქართველოს ამ მხრივ პრობლემები რომ აქვს, ამაზე არავინ დავობს, მაგრამ ანალიტიკოსების ერთი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ალიანსისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს არანაკლებ უშლის ხელს რუსეთის ფაქტორი. ფაქტია, რომ ოლბრაიტის ჯგუფის რეკომენდაციებში რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების საკითხი საკმაოდ ჭარბი დოზით არის წარმოდგენილი. სხვა საკითხია როგორ მოახერხებს ალიანსი მოსკოვთან დამეგობრებას მაშინ, როდესაც კრემლი ნატოს რუსეთის ნომერ პირველ საფრთხედ აფასებს.

ახლა საქართველოს შიდაპოლიტიკური ცხოვრების სარბიელზე გადავინაცვლოთ, სადაც გადამწყვეტ ფაზაში შედის 30 მაისის არჩევნებისთვის მზადების პროცესი. მიმდინარე კვირაში გრძელდებოდა დედაქალაქის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობისა თუ წევრობის კანდიდატების აქტიური შეხვედრები ამომრჩევლებთან. 30 მაისის არჩევნების ”სამაგალითოდ” ჩატარების აუცილებლობა 21 მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმაც აღნიშნა. უმრავლესობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მან არჩევნების ”ორგანიზებულად და მშვიდად” ჩატარება როგორც შიდა, ასევე საგარეოპოლიტიკური მნიშვნელობის კონტექსტში განიხილა. პრეზიდენტის აზრით, მედიასაშუალებები ”წარმოუდგენლად ხელმისაწვდომია” ყველა პოლიტიკური ძალისთვის, რომლებიც, მისი თქმით, ამომრჩევლებს ზოგჯერ ”უმაღლეს რანგში” აყვანილ ”კომუნიზმს” ჰპირდებიან.

თავის მხრივ, ოპოზიციური ძალები და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას მიმდინარე კვირაშიც აქტიურად ადანაშაულებდნენ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაში. სწორედ ეს პრობლემა წარმოადგენს ერთ-ერთ ასპექტს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ 22 მაისს გამოქვეყნებულ მეორე შუალედურ ანგარიშში, რომელიც წინასაარჩევნო გარემოს შეფასებას ისახავს მიზნად. ახალგაზრდა იურისტების ანგარიში 23 აპრილიდან 22 მაისამდე პერიოდს შეეხება. ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების გარდა, მასში ყურადღება მახვილდება ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: წინასაარჩევნო კამპანიაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა, ამომრჩევლებისთვის მატერიალური ფასეულობების, საჩუქრების და პოლიტიკური სუბიექტების, მათი წარმომადგენლებისა და ამომრჩევლების დაშინება.

დარღვევები, ძირითადად, ნაციონალური მოძრაობის სათვალავზე მოდის, თუმცა, მაგალითად, მატერიალური ფასეულობების გადაცემისა და დაპირების ფაქტებთან მიმართებით, მმართველი პარტიის გარდა, ახალგაზრდა იურისტებმა სხვა საარჩევნო პოლიტიკური სუბიექტებიც ამხილეს - კერძოდ, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ”ეროვნული საბჭო”.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშში განსაკუთრებული აქცენტი მესტიაში მომხდარზე კეთდება. დასკვნის თანახმად, მესტიაში 3 მაისს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში პირადად მონაწილეობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ზაზა გოროზია, სამხარეო პოლიციის უფროსი თენგიზ გუნავა, მესტიის პოლიციის უფროსი გიორგი შედანია, მესტიის გამგებელი გოჩა ჭელიძე და სხვანი. თვითმხილველთა ინფორმაციით, შეიარაღებული პირების თავყრილობის ფონზე გამგეობის შენობაში იძულებით შეჰყავდათ პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფლების” კანდიდატები და საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ წინასწარ გამზადებულ განცხადებებზე ხელმოწერას სთხოვდნენ.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა - ” საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, „სამართლიანმა არჩევნებმა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ - 21 მაისს მთავარ პროკურორს მიმართეს და სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და დამნაშავეთა მკაცრად დასჯა მოსთხოვეს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, ამ ფაქტზე რეაგირების ხარისხი აჩვენებს, თუ რამდენად არის მზად ხელისუფლება არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩასატარებლად.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG