Accessibility links

logo-print
26 მაისს საქართველოს ხელისუფლება რუსთაველის პროსპექტზე კვლავ გამოიყვანს ქართულ ჯარს საზეიმო აღლუმისათვის. ნაჩვენები იქნება მძიმე ტექნიკა და შეიარაღება, ავიაციაც და არტილერიაც - ყველაფერი ის, რაც, ცოცხალ ძალასთან ერთად, საქართველოს თავდაცვით ავანგარდს წარმოადგენს. ამ პომპეზურ სამხედრო შოუს საქართველოს მოსახლეობა ნაციონალური არხებით ნახავს, დღევანდელ სამხედრო პროგრამაში „ჯარისკაცი და სახელმწიფო“ კი გავიხსენებთ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველოში ჩატარებულ პირველ ეროვნულ სამხედრო აღლუმს, რომელიც, როგორც ამბობენ, ყველაზე არამილიტარიზებული, მაგრამ, ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე ამაღლებულიც იყო.

თითქმის ყველა ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღესასწაულზე საზეიმო პროგრამის მთავარი ღონისძიება სამხედრო შოუა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ სამხედრო პარადი მიმზიდველია სანახაობრივად, არამედ იმის გამო, რომ ამ დღესასწაულზე გამოჩენას, პირველ რიგში, ის ადამიანები იმსახურებენ, ვინც იარაღით ხელში იცავს ქვეყანას. შესაძლოა, სადავო იყოს სამხედრო აღლუმის ჩატარების ადგილი, მისი მასშტაბები, ხანგრძლივობა, მუხლუხიანი მძიმე ტექნიკის ქალაქის ქუჩებში ჩატარების აუცილებლობა ან ავიაციის ძალიან დაბალ სიმაღლეზე გადაფრენა, მაგრამ სამხედრო შოუ აუცილებლად უნდა ტარდებოდეს, რასაც ფსიქოლოგიური დატვირთვაც აქვს და არმიის ერთგვარი საბრძოლო დათვალიერებაც არისო, - ამბობს ბრიგადის გენერალი ავთანდილ ცქიტიშვილი, საქართველოს სამხედრო ძალების მთავარი შტაბის პირველი უფროსი 1992-93 წლებში.

„აღლუმი, გარდა იმისა, რომ ჩვენებაა და დემონსტრაცია, ასევე ძალიან დიდი სტიმულია ადგილობრივი მოსხლეობისათვის. ეს არის საბრძოლო დათვალიერება და ჩვენება გადასახდის გადამხდელისათვის, თუ სად მიდის მისი ფული.“ “

გადამდგარი გენერალი ავთანდილ ცქიტიშვილი თანამოსაუბრედ ორი მიზეზის გამო ავირჩიე. სწორედ მას ერგო პატივი ყოფილიყო პირველი ეროვნული სამხედრო პარადის სარდალი, რომელიც 1991 წლის 26 მაისს თბილისის დინამოს სტადიონზე გაიმართა. ამ აღლუმს მაშინ თქვენი მონა-მორჩილიც ადევნებდა თვალს სტადიონის ნახევრად ცარიელი ტრიბუნებიდან. საქართველო იმ დროს უკვე ორ ნაწილად იყო გაყოფილი. როგორც დღეს, მაშინაც ოპოზიცია და საზოგადოების ერთი ნაწილი არ თვლიდა, რომ ეს მათი ზეიმი და მათი აღლუმი იყო. მეორე გარემოება ის გახლდათ, რომ სამხედრო აღლუმი, როგორც ავთანდილ ცქიტიშვილი იხსენებს, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დავალებით ძალიან მოკლე დროში მომზადდა და ჩატარდა. ეროვნული გვარდიის ნაწილები თითქმის დაუკომპლექტებელი და შეუიარაღებელი იყო.

„ დავალება ძალიან პასუხსაგები იყო და ჩვენც დავიწყეთ მომზადება. საპატიო ყარაულს ვამზადებდით თბილისის აეროპორტში, გვარდიის ნაწილებს - დისლოკაციის ადგილებზე. იქ სამხედრო ტექნიკა არ ყოფილა გამოყვანილი. გელა ლანჩავამ, ცხონებულმა, გენერალ-მაიორმა, გამოიყვანა ცხენოსანთა პატარა რაზმი. ბატონ ოთარს აქვს, იოსელიანს, გადაღებული ფილმი და იქ სამხედრო აღლუმი თავიდან ბოლომდეა ნაჩვენები.“

მაშინ აღლუმში დაახლოებით 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. ეს იყო, ძირითადად, ეროვნული გვარდიისა და შინაგანი ჯარის ნაწილები, რომლებიც ახლად დაკომპლექტებული იყო. პირველმა სამხედრო გაწვევამ, რომელიც ეროვნულმა ხელისუფლებამ 1991 წლის აპრილში გამოაცხადა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. გამწვევ პუნქტებზე რიგები იდგა. მოვიდა იმაზე მეტი წვევამდელი, ვიდრე პირველი ქვედანაყოფების შესავსებად იყო საჭიროო, - იხსენებს გენერალი ავთანდილ ცქიტიშვილი.

26 მაისის პირველი აღლუმი თბილისის დინამოს სტადიონზე საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ჩაიბარა. უმაღლესმა მთავარსარდალმა მიულოცა პირველ ქართულ სამხედრო ქვედანაყოფებს დამოუკიდებლობის დღე და საბრძოლო დროშა გადასცა აღლუმის სარდალს, გენერალ ავთანდილ ცქიტიშვილს. მერე კი იყო საზეიმო ბანკეტი შავნაბადას რეზიდენციაში, საქართველოს პრეზიდენტის სახელით, იყო სადღეგრძელოები და თბილი სიტყვები ქართული არმიის ჩანასახის, ეროვნული გვარდიის მიმართ.

მაგრამ მერე სულ მალე მოხდა ის, რასაც სიამოვნებით გამოვტოვებდი ამ რეპორტაჟში, შესაძლებელი რომ იყოს. პირველი აღლუმიდან ზუსტად ექვსი თვის შემდეგ ეროვნული გვარდია ორად გაიყო და ერთმანეთს დაუპირისპირდა თბილისის ცენტრში, მთავრობის სახლის წინ. შემდეგ ბრძოლებმა დასავლეთ საქართველოში გადაინაცვლა, ქვეყანა ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისში ჩაეფლო და 1992 წლის 26 მაისს სამხედრო აღლუმისთვის აღარავის ეცალა. საზეიმო და საპარადო განწყობა არც 1993 წლსი მაისში იყო, რადგან აფხაზეთში სისიხლისმღვერლი ომი მიმდინარეობდა და იმ დროისათვის უკვე დაკარგული იყო ქალაქი გაგრა. მაგრამ საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ მაინც გადაწყვიტა სამხედრო აღლუმის ჩატარება. თავდაცვის სამინისტროს კოლონებს კვლავ გენერალი ავთანდილ ცქიტიშვილი ხელმძღვანელობდა, სამხედრო ძალების აღლუმის სარდალი კი თავდაცვის მინისტრი გია ყარყარაშვილი გახლდათ.

„ რა თქმა უნდა, ჩვენ მაშინ ავიაციაც გამოვიყვანეთ, მძიმე ტექნიკაც და საარტილერიო დანადგარებიც. აღსანიშნავია, რომ ის ოფიცრები და სამხედროები აღლუმიდან პირდაპირ გაემგზავრნენ ფრონტზე და ბევრი მათგანი დაღუპულია.“

სამხედრო აღლუმები მერეც ტარდებოდა საქართველოში, დიდი მასშტაბისაც და შედარებით მოკრძალებულიც, სანახაობრივად მიმზიდველიც და ძალიან უგემოვნოც. ყოფილა კურიოზებიც, როცა გაუმართაობის გამო სამხედრო ტექნიკა ვერ აუმუშავებიათ ან თვითმფრინავი ვერ აფრენილა, ან მისასალმებელ სიტყვაში „უდიდესის“ ნაცვლად „უდღეური დღესასწაული“ წამოსცდენიათ. მაგრამ ეს მხოლოდ საკითხის ტექნიკური მხარეა. ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ სამხედრო აღლუმის დაკვეთას პოლიტიკოსები იძლევიან და მის სცენარსაც, მონაწილეებსაც და სტუმრებსაც პირადი შეხედულებით არჩევენ. და ამ დღესასწაულზე ყოველთვის გამორჩებათ ხოლმე ის ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ მიზეზის გამო ახლა აღარ არიან არმიის რიგებში, მაგრამ სხვადასხვა პერიოდში იბრძოდნენ ან იღვწოდნენ საქართველოს თავდაცვისუნარიანობისათვის.

„საჭიროა, რომ წარმოდგენილი იყოს ნებისმიერ სამხედრო ღონისძიებაზე და სამხედრო აღლუმზე ასეთნაირად მივიწყებულ ვეტერანთა ჯგუფები.“

ასეთი გამაერთიანებელი აღლუმი, როგორზეც გადამდგარი გენერალი ავთანდილ ცქიტიშვილი ლაპარაკობს, ჯერ არ ჩატარებულა საქართველოში. მაგრამ 26 მაისამდე სამი დღე რჩება და დრო საკმარისია იმისათვის, რომ ხელისუფლებამ მიმართოს ვეტერანებს: გამოდით ჩვენთან ერთად, ჩადექით ერთ კოლონაში, რადგან ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს და ვჭირდებით სამშობლოს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG