Accessibility links

logo-print

აფხაზეთიდან დევნილებს არ სურთ არჩევნებში მონაწილეობა


აფხაზეთიდან დევნილების დასახლება ზიგდიდში

აფხაზეთიდან დევნილების დასახლება ზიგდიდში

ბოლო ორი წელია აფხაზეთიდან დევნილებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ერთჯერადი სოციალური დახმარება შეუწყვიტა. გამგეობაში მისულ მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ პრობლემების მოსაგვარებლად და დახმარების თხოვნით აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელო-ზემო სვანეთის წარმომადგენლობას მიმართონ.

რადიო თავისუფლების რესპონდენტი, სოხუმიდან დევნილი ქალი ამბობს, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე გაუგებარია, რატომ უნდა აირჩიონ დევნილებმა ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, როდესაც მათი პრობლემები გალის დევნილი მთავრობის მოსაგვარებელია.

სოხუმიდან დევნილი რესპონდენტის ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან სამეგრელო-ზემო სვანეთის დევნილი მთავრობის წარმომადგენლობაში.

გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თორნიკე კილანავა რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს, რომ შეუძლებელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ერთჯერადი სოციალური დახმარება გაუწიოს ყველას, რადგან ამ რეგიონში 102 ათასი დევნილი ცხოვრობს. თუმცა, კილანავას თქმით, ამის საშუალება აქვთ მესტიის, მარნეულისა და სხვა გამგეობებს, რადგან იქ დევნილთა რაოდენობა 500 არ აღემატება.

”სოციალური დახმარების შეწყვეტის გამო არ შეიძლება დევნილმა მონაწილეობა არ მიიღოს არჩევნებში. დევნილები, ისევე როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ხომ სარგებლობენ ადგილობრივი ორგანოების მომსახურებით, ამიტომ არასწორია მათი ამ კუთხით მიდგომა”, - ამბობს კილანავა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომითი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გელა კაკულია განმარტავს, რომ დევნილებზე ერთჯერადი სოციალური დახმარების შეწყვეტა მოხდა ზუგდიდის საკრებულოს დადგენილების საფუძველზე.

”საკრებულოს დადგენილების საფუძველზე მოხდა დევნილებზე დახმარების შეწყვეტა. ჩვენი სამმართველო ეხმარება მხოლოდ გარდაცვლილი დევნილის ოჯახს ერთჯერადად, რაც 100 ლარს შეადგენს. სხვა დახმარებები არ გაიცემა”, - გვიხსნის გელა კაკულია.

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში 50 ათასამდე დევნილი ამომრჩეველია რეგისტრირებული.
XS
SM
MD
LG