Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვისაკენ ჩარტერული რეისები საზაფხულო არდადეგებს დაემთხვევა


ავიაკომპანია "აირზენამ" თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ჩარტერული ფრენა კვლავ განაახლა. 24 მაისს თბილისიდან დომოდედოვოს აეროპორტის მიმართულებით პირველი რეისი 14:30 წუთზე განხორციელდა, უკან, თბილისში კი, ”აირზენას” თვითმფრინავმა თბილისის მიმართულებით გეზი 18:00 საათზე აიღო.

”აირზენამ” მორიგი ჩარტერული რეისები, რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროდან მიღებული ნებართვის თანახმად, საზაფხულო არდადეგებს დაამთხვია. საშობაო და სააღდგომო ფრენების შემდეგ უკვე მესამედ სრულდება თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისები - 24, 26, 27, 29, 31 მაისს, 2, 3, 6, 9, 28, 30 ივნისს და პირველ ივლისს. როგორც ”აირზენას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი აცხადებს, ყველა მოლაპარაკება საჰაერო რეისებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ჩარევის გარეშე მიმდინარეობს და რეგულარული რეისების აღდგენის თარიღიც დღემდე გაურკვეველია:

”რეგულარული ფრენების აღდგენა პოლიტიკური საკითხია და მთავრობებმა უნდა გადაწყვიტონ. ისე კი, დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთი ვერ ხედავს პრობლემას რეგულარული ფრენების აღდგენაში, რაზეც საქართველოს მხარემაც ანალოგიურად უპასუხა. თუმცა შემდეგ პროცესი შეწყდა და ქართული მხარე ახლა ფიქრობს, რომ ფრენა რუსეთმა შეწყვიტა და მანვე უნდა აღადგინოს.”

შეგახსენებთ, საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო მიმოსვლა პირველად 2006 წელს შეწყდა. მოგვიანებით, 2008 წელს, გარკვეული პერიოდით ავიარეისების შესრულება კვლავ განახლდა, თუმცა აგვისტოს ომის შემდეგ მგზავრებს ისევ შემოვლითი გზებით უწევდათ რუსეთში ჩასვლა.

ბოლო განცხადება რუსეთის ხელისუფლებამ ამ საკითხთან დაკავშირებით 20 მაისს გააკეთა. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ნესტერენკოს თქმით, რუსულმა მხარემ უკვე მერამდენედ დააკმაყოფილა ქართული კერძო ავიაკომპანიების მოთხოვნა განახლებულიყო მოსკოვის მიმართულებით ფრენა. რუსი მაღალჩინოსნის სიტყვებით, თანხმობა ამ საკითხის ჰუმანიტარულმა ხასიათმა გამოიწვია. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება არ გამოხატავს ოფიციალური კონსულტაციების დაწყების სურვილს. 24 მაისს რუსეთის მიმართულებით ფრენის აღდგენას საქართველოს საგარეო უწყებაც გამოეხმაურა. მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ თქვა, რომ ჯერჯერობით რეგულარული რეისების აღდგენაზე დიპლომატიური მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

როგორც ნინო გიორგობიანი ამბობს, 24 მაისს, ანუ პირველ რეისზე, თვითმფრინავი სანახევროდ შეივსო. არ შეცვლილა არც ბილეთის ფასი და ის 260 ევროდან იწყება.

დროისა და ფულის დაკარგვაზე მოსკოვში სააღდგომოდ მიმავალი მგზავრებიც ჩიოდნენ. ყველაზე მეტად ორ ქვეყანას შორის გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის გამო სწორედ ისინი ზარალდებიან.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG