Accessibility links

logo-print

მერობის კანდიდატები სტუდენტებს შეხვდნენ


თბილისის მერობის კანდიდატები (მარცხნიდან მარჯვნივ): გოგი თოფაძე, ირაკლი ალასანია და გია ჭანტურია

თბილისის მერობის კანდიდატები (მარცხნიდან მარჯვნივ): გოგი თოფაძე, ირაკლი ალასანია და გია ჭანტურია

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა“ თბილისის მერობის კანდიდატებს უმასპინძლა. ირაკლი ალასანია, გოგი თოფაძე და გიორგი ჭანტურია ორი საათის განმავლობაში უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს საკუთარი პროგრამების შესახებ ესაუბრებოდნენ. შეხვედრა პროექტის „სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების“ ფარგლებში გაიმართა.

მერობის კანდიდატებსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა, თუმცა პირველი შეკითხვები ღონისძიების მასპინძელმა - „საქართველოს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის“ ხელმძღვანელმა - თენგიზ ფხალაძემ დასვა:

„კერძოდ, რის შეცვლას აპირებს ირაკლი ალასანია? რა არის მისი მთავარი გზავნილი და რა პრობლემატიკაზე გაამახვილებს ის ყურადღებას ახალგაზრდობასთან საუბრისას?“

„გოგი თოფაძის მთავარი გზავნილია, რომ თბილისელები ადგილზე უნდა დაასაქმოს. რას ჰპირდება გოგი თოფაძე ახალგაზრდობას?“

„გიორგი ჭანტურიამ გადაწყვიტა კენჭი იყაროს თბილისის მერობის არჩევნებში. რა არის ის ნოვატორული იდეები, რომელთა განხორციელებასაც გიორგი ჭანტურია აპირებს?“

მერობის კანდიდატებმა საკუთარი პროგრამებისა და გეგმების შესახებ ცესკოს მიერ დადგენილი ნომრების შესაბამისი თანმიმდევრობით ილაპარაკეს. „ალიანსი საქართველოსათვის“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, გარდა იმისა, რომ ყურადღება გაამახვილა სოციალური პროლემების დაძლევის გზებსა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემებზე, ვრცლად ილაპარაკა ცვლილებების აუცილებლობაზე. ალასანიას თქმით, პირველ რიგში შესაცვლელია ძალაუფლებისადმი მიდგომა.

„თბილისი აღარ იქნება ერთპიროვნული გადაწყვეტილებების ქალაქი. საზოგადოება გააკონტროლებს, თუ რაზე იხარჯება ბიუჯეტის ფული“, განაცხადა ირაკლი ალასანიამ, რომელიც ჯანდაცვის სფეროში შექმნილ სავალალო მდგომარეობასაც შეეხო, თუმცა მერობის სამი კანდიდატიდან ხელისუფლების კრიტიკას ყველაზე მეტი დრო დაუთმო „მრეწველთა“ ლიდერმა გოგი თოფაძემ, რომლის თქმითაც, ხელისუფლების მიერ წარმოებული საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ისევე როგორც ეკონომიკური რეფორმები, ქვეყანას გარდაუვალ კატასტროფას უქადის.

„არავის ვაშინებ, მაგრამ თუ ჭკუიდან გადასული ჩვენი პრეზიდენტი გააგრძელებს მოღვაწეობას, მაშინ საქართველო დაიღუპება“, გოგი თოფაძის თქმით, ყველა ეკონომიკური თუ სოციალური ხასიათის პრობლემა - იქნება ეს დაბალი ხელფასები, უმუშევრობის მაღალი დონე, უხარისხო განათლება თუ ძვირი ჯანდაცვა, ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის შეგნებული ქმედების შედეგია. ხელისუფლებას მართვის სტილი დაუწუნა გიორგი ჭანტურიამაც, თუმცა „ქრისტიან დემოკრატების“ მერობის კანდიდატმა გამოსვლის ძირითადი ნაწილი სტუდენტებისა და ზოგადად ახალგაზრდების პრობლემებზე საუბარს დაუთმო:

„დაფინანსების ხელმისაწვდომობა უნდა გაიზარდოს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა შემცირდეს გადასახადები. სწავლა შეიძლება უფრო ძვირიც ღირდეს, მაგრამ ძვირი სწავლა უნდა იყოს ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ჩემი მთავარი ამოცანა თქვენთან მიმართებაში არის ერთი: როგორ გავხადოთ სწავლა მაღალხარისხიანი და მაღალეფექტური, რათა თითოეული თქვენგანი იყოთ გარანტირებული დასაქმებითა და ცოდნის გამოყენებით.“

გიორგი ჭანტურიამ, ცხადია, გვერდი ვერ აუარა „ქრისტიან-დემოკრატების“ მთავარ საარჩევნო დაპირებას - დენისა და გაზის ტარიფების შემცირებას. მოგვიანებით მერობის კანდიდატს ამ თემაზე შეკითხვები სტუდენტებმაც დაუსვეს:
„როგორ აპირებს „ქრისტიანულ-დემოკრატიული მოძრაობა“ თბილისის საკრებულოდან მთელ საქართველოში - მაგალითად, ლეჩხუმში - გაზის ტარიფის შემცირებას, როცა იურიდიულად ამის ბერკეტი არ გააჩნია?“

სტუდენტებმა უკმაყოფილება გამოთქვეს იმის გამო, რომ შეხვედრას თავი აარიდა გიგი უგულავამ - მერობის კანდიდატმა და თბილისის მოქმედმა მერმა, რომელიც „საქართველოს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის“ წარმომადგენლის ნატო ბაჩიაშვილის თქმით, სხვა სამ კანდიდატთან ერთად სტუდენტების გამოკითხვით შეარჩიეს.
შეხვედრის დასრულებისას სტუდენტებმა მერობის კანდიდატებს ჰკითხეს, თუ ვის მიიჩნევენ არჩევნებში მთავარ კონკურენტად. მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა თქვა და მისი ეს მოსაზრება სხვებმაც გაიზიარეს, რომ მათი მთავარი კონკურენტი არჩევნებისადმი საზოგადოების უიმედო დამოკიდებულებაა, რომელიც, მათი აზრით, ოპოზიციისა და საზოგადოების აქტიურობის წყალობით აუცილებლად დამარცხდება.
XS
SM
MD
LG